Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა


ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

პარტიის, "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს, 23 ოქტომბერს, თავს დაესხნენ მათი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს. ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.

ყოფილი პრემიერის განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელები მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ იყვნენ ორგანიზებული.

"რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი.

თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!" - წერს გახარია.

"ტვ პირველთან" ინტერვიუში ლევან გოგიჩაიშვილი ინციდენტის დეტალებს იხსენებს:

"ბევრნი იყვნენ, გამბედაობა მოეცათ და ერთ-ერთმა შეურაცხყოფა მომაყენა. მეც, რა თქმა უნდა, დავუბრუნე პასუხი. საკმაოდ სერიოზული ჩხუბი დაიწყო ვაგონში, ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი იყვნენ. ფიზიკურად, რაც შემეძლო, ყველას პასუხი გავეცი. კადრები, სავარაუდოდ, აქვს მეტროპოლიტენს და ვითხოვ გასაჯაროვდეს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG