პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გასამართლდებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები.
ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ივანიშვილი პარტიის, "საქართველოსთვის" ლიდერს "გარეწარს" უწოდებს და ამბობს, რომ მის გასასამართლებლად "სასამართლოს დონეზე აქვთ დოკუმენტები დალაგებული".
"ისევ დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას, ასე ვთქვათ. აი, გახარიას პარტიის წევრები, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწრის, ამასთან რომ დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება, მკაცრი პასუხისგება მასაც და მისი პარტიის წევრებს. უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში და დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც", - ამბობს ივანიშვილი.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. მისი პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.
ფორუმი