22-23 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა გააჩინა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში მოკლულთა შორის არის ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე, „ისლამური სახელმწიფოს“ რუსულენოვანი ქვედანაყოფის, „იარმუკის ბატალიონის“ უფროსი და აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ბინის მფლობელი თინა გაურგაშვილი, რომელსაც ავსტრიაში ტელეფონით დაუკავშირდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ამინა უმაროვა.
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია
- 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელდა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია.
- სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ სუს-ის სპეცდანიშნულებისა და პოლიციის ქვედანაყოფები.
- სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი სპეცრაზმელი. დაიჭრა ამავე სამსახურის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
- 24-საათიანი ოპერაციის შედეგად დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთი პირი და მოკლულია სამი.
რადიო თავისუფლება: თინა, თქვენზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთხანს პანკისის ხეობაში ცხოვრობდით და რომ ის ავბედითი ბინა გეკუთვნით. თუ შეიძლება, მითხარით, როგორ გადახვედით ჩეჩნეთიდან საქართველოში?
თინა გაურგაშვილი: ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ [1999 წელს] გროზნოში გაიმართა დიდი კონფერენცია და მე დამაკისრეს ამოცანა, საცხოვრებლად გადავსულიყავი საქართველოში და გამეშუქებინა იქ მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ცხოვრება. ეს მივლინება იყო. იმხანად ბევრი ჩეჩენი გაურბოდა ომს. პრეზიდენტ ასლან მასხადოვის მმართველობის დროს ჟურნალისტად ვმუშაობდი ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიაში.
რადიო თავისუფლება: საქართველოში სად დასახლდით?
თინა გაურგაშვილი: საქართველოში მაშინ დიდი გაჭირვება იყო. არ იყო დენი, ხალხი ნავთის ნათურებს ხმარობდა. ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან გვიჭირდა არა მარტო ჩვენ, არამედ თავად ქართველებსაც. სამ შვილთან ერთად პანკისის ხეობაში დავსახლდი. იმ დროს თბილისში ჩამოყალიბდა ჩეჩნური დიასპორა. რადიო „ფორტუნისთვის“ ვამზადებდი მასალებს ჩეჩენ ლტოლვილებზე საქართველოში. მაშინ ხან პანკისში ვცხოვრობდი, ხანაც - თბილისში. მერე ბავშვებს გაუჭირდათ სასკოლო პროგრამისთვის ფეხის აწყობა, რის გამოც გადავსახლდით თელავში, სადაც მათ საშუალება მიეცათ, რუსულ ენაზე გაეგრძელებინათ სწავლა. მოგვიანებით, დაზოგილი თანხით შევძელი პატარა ბინის შეძენა თბილისში, სადაც გადავედით კიდეც. დაახლოებით ორი წელი იქ ვიცხოვრეთ. მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ პრობლემები შემიქმნა. დავდექი არჩევანის წინაშე: ან საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია ჩეჩნების შესახებ, ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა. მეორე ავირჩიე, რადგან პროვოკაციის მეშინოდა. ბინა ერთ ნაცნობს, მერი ხანგოშვილს, გადავუფორმე და ავსტრიაში წავედი. მიგვიღეს. უკვე შვიდი წელია, რაც აქ ვცხოვრობ. ჩემი ქალიშვილი გათხოვილია, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. უფროსი ვაჟი კი საქართველოში დარჩა, მისი ცოლი პანკისელია. თუმცა, ვაჟი თელავში ცხოვრობს.
რადიო თავისუფლება: როგორ შეიტყვეთ, რომ თქვენს ბინაში სპეცოპერაცია ტარდებოდა?
ჩატაევმა ყველაზე უკეთ უწყოდა ლოპოტის ამბები და სააკაშვილის ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა, რათა ახალ ხელისუფლებას არ შეძლებოდა ლოპოტის მოვლენების გამოძიება. ასე ამბობდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სააკაშვილმა კი, ავსტრიაში ვიზიტისას, მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამტკიცებს, რომ, პირიქით, ჩატაევი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაუშვა...
თინა გაურგაშვილი: რამდენი წელი ვაქირავებდით ამ ბინას! ხალხი ცხოვრობდა და არავითარი პრობლემა არ ყოფილა. ბოლო ოჯახმა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ დატოვა ბინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბინა ცარიელია. საერთოდ რა ხდება, ღამით შევიტყვე, სრულიად შემთხვევით, როცა ფეისბუკში შევედი. ვნახე ტელეკადრები და ვიცანი ჩემი ბინის აივანი და ეზო, მაგრამ სხვა ქუჩას ასახელებდნენ. თურმე, მას შემდეგ, რაც გადავსახლდით, ქუჩისთვის სახელი შეუცვლიათ. ეს, ცხადია, არ ვიცოდი. მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი ბინა ცარიელი იყო, ვიფიქრე, რომ, რაც ხდებოდა, არ შეიძლებოდა ჩემს ბინასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ღამე იყო, ასე, სამი საათი. რამდენიმეჯერ ავკრიფე ჩემი ვაჟის ნომერი, მაგრამ არ მიპასუხა. ეძინა. დავუტოვე შეტყობინება, როგორც კი წაიკითხავ, დამირეკე-მეთქი. მივწერე ტელეკადრების შესახებ და ვუთხარი ჩვენს ქუჩასა და ეზოზე: გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. მანამდე ერთი ხუთი დღით ადრე მქონდა დარეკილი შვილთან - მაშინ ვთხოვე, თბილისში ხალხი მოეძებნა და მათთვის გასაღები გადაეცა. დილას შვილმა მომწერა, სამსახურში მივდივარო. ახმეტის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. მერე ისევ დამირეკა და მეუბნება, მეზობელს დავუკავშირდი და იმან მითხრა, თქვენს ბინაში სპეცოპერაციას ატარებენო. მე ვკითხე: შენ რა, მდგმურები შეუშვი და მე არ გამაფრთხილე-მეთქი? შვილმა მიპასუხა, ჯერ არაო, მაგრამ ცოლისძმისთვის მიუცია გასაღები და იმას სწორედ იმ დღეს უნდა დაებრუნებინა. ღამით ბინაში, ალბათ, ის დარჩა. და, როგორც ირკვევა, ის სამართალდამცველებმა წაიყვანეს. მერე ჩემი შვილიც აღარ პასუხობდა ზარებს. თურმე, ისიც დაეკავებინათ. ისევ დავიწყე ახალი ამბების ყურება. ვხედავ, ჩემი ბინა იწვის, ჩემი მეზობლების ბინები იწვის. გუშინწინ, ნაშუადღევს გამოუშვეს ჩემი შვილის ცოლისძმა. ხოლო გუშინ, დილის 4-ზე, ჩემი ბიჭიც გაათავისუფლეს. მან თქვა, არ ვიცოდი, ბინაში თუ ვინმე ცხოვრობდაო. გაირკვა, რომ ცოლისძმას ბინაში ჩეჩნების ორშვილიანი ოჯახი შეუშვია. საქართველოში ისინი სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად ჩასულან. თვითონაც ვყოფილვარ მოწმე, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გამოსაკვლევად და სამკურნალოდ ჩადის ხალხი, რადგან სამედიცინო მომსახურების მხრივ საქართველო რუსეთს ურჩევნიათ. ჰოდა, მისთვის მიუმართავს ამ ოჯახს, ორი კვირით დაბინავება უთხოვია. გამოდის, რომ კვირაზე მეტხანს იცხოვრეს. ჩემი შვილის ცოლისძმა თბილისში რემონტებს აკეთებს, თავს ასე ირჩენს.
რადიო თავისუფლება: საქართველოს მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების თანახმად, თქვენს ბინაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევი, რომლის სახელიც უკავშირდება ლოპოტის ავადსახსენებელ ოპერაციას. იცნობთ მას?
უმარ იდიგოვი ამბობს, რომ მას არ მისცეს მოლაპარაკებებში მონაწილეობის საშუალება. ამის თაობაზე მას თხოვნით მიმართა ბინაში მცხოვრებმა ოჯახმა. რატომ არ უნდა ეცადათ, თუკი ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო? ჩემთვის მთელი ეს სპეცოპერაცია გაუგებარია. მასში ყველაფერი არანორმალურია − თავიც და ბოლოც...
თინა გაურგაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მინდა პატიება ვთხოვო მეზობლებს. ღმერთმა იცის, მე არ ვარ დამნაშავე. მაგრამ მათ ჩემი ბინიდან დაუნგრიეს საცხოვრებელი. ახლა ძალიან ცივა და ისინი უსახლკაროდ დარჩნენ. ჯერ ერთი, მედია ამბობს, თითქოს ჩემს ბინაში ტერორისტები იმყოფებოდნენ და რომ იქვე იყო ახმედ ჩატაევი. ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, არა მხოლოდ არაპროფესიონალები, არამედ პროვოკატორებიც არიან. ერთ-ერთი მათგანია ელისო კილაძე*, რომელიც აცხადებს, რომ „ბინის მფლობელმა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ის ახმედ ჩატაევს მიჰყიდა“. მე თვითონ ვმუშაობდი ჟურნალისტად, მაგრამ არასოდეს გამივრცელებია ინფორმაცია მყარი მტკიცებულებების გარეშე. რცხვენოდეთ მას და ისეთ ჟურნალისტებს, რომლებიც აშკარა ტყუილებს ავრცელებენ. მეტიც, მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ჩატაევთან და მისნაირებთან. ის მხოლოდ ტელევიზიით მყავს ნანახი. თბილისის ყველა ბინაც რომ ჩემი იყოს, არც ერთს არ მივაქირავებდი ისეთ კაცს, როგორიც ჩატაევია. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები თავისუფლებისა და მშვიდობის მომხრე. ჩემთვის მიუღებელია ტერორიზმი მისი ნებისმიერი გამოვლინებით და ვემხრობი იმათ, ვინც წინ აღუდგება ტერორიზმს. მაგრამ მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას: რატომ აქცია ჩატაევი გმირად და გაათავისუფლა, როცა ის ხელში ჰყავდა? ჩატაევმა ყველაზე უკეთ უწყოდა ლოპოტის ამბები და სააკაშვილის ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა, რათა ახალ ხელისუფლებას არ შეძლებოდა ლოპოტის მოვლენების გამოძიება. ასე ამბობდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სააკაშვილმა კი, ავსტრიაში ვიზიტისას, მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამტკიცებს, რომ, პირიქით, ჩატაევი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაუშვა. და კიდევ: არ მესმის, როგორ მოახერხა ჩატაევმა საქართველოს ტერიტორიაზე შეღწევა. ყოველ ჩეჩენს − არა მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის, არამედ პანკისის მკვიდრსაც − საათობით ამოწმებენ საქართველოს საზღვარზე და არ აძლევენ ქვეყანაში შესვლის უფლებას, სანამ ყველა დოსიეს არ მიიღებენ. მაშ როგორ გაატარეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი ჩატაევი? აშკარაა საქართველოს ხელისუფლების უნიათობა, თუკი ჩატაევმა მართლაც შეაღწია საქართველოში. მოკლულის ცხედარს აქვს ხელ-ფეხი. ჩატაევი კი ცალფეხა და ცალხელაა.
რადიო თავისუფლება: ამ მომენტისთვის რა იცით თქვენს ბინაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე?
თინა გაურგაშვილი: არასოდეს მინახავს, სპეცოპერაცია 23-24 საათს გაგრძელებულიყოს ასეთი რაოდენობის სამხედრო ძალის მონაწილეობით. არ მოიპოვება ინფორმაცია არც დაკავებულ პირზე, არც მოკლულებზე. რა მიზეზით მალავენ მათ შესახებ პირად ინფორმაციას? „კავკასიის ინტეგრაციის ფონდის“ თავმჯდომარე უმარ იდიგოვი ამბობს, რომ მას არ მისცეს მოლაპარაკებებში მონაწილეობის საშუალება. ამის თაობაზე მას თხოვნით მიმართა ბინაში მცხოვრებმა ოჯახმა. რატომ არ უნდა ეცადათ, თუკი ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო? ჩემთვის მთელი ეს სპეცოპერაცია გაუგებარია. მასში ყველაფერი არანორმალურია − თავიც და ბოლოც.
___________________
* ელისო კილაძე ფეისბუკში რადიო თავისუფლების ოფიციალურ გვერდზე დაწერილ კომენტარში უარყოფს ამ ბრალდებას.