ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. სასამართლომ ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს - კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს - 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფნი არ ეთანხმებიან. ბრალდებულმა სპორტსმენებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს. ადვოკატ ზურაბ ბელთაძის განცხადებით, არ ეთანხმებიან 239-ე - ხულიგნობის - მუხლს, რომლითაც საქმეა აღძრული, ამიტომ განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
„სასამართლო გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით 239-ე მუხლს. შესაბამისად, ვიმსჯელებთ გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით“.
ბრალდებულები თავისი ნებით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში. ამავე დროს, ისინი ყველა გამოძახებაზე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში. შესაბამისად, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე და გამოყენებულ იქნა გირაო...თეიმურაზ ჯალაღანია
პროკურორ თეიმურაზ ჯალაღანიას თქმით, მათი მოთხოვნა სასამართლომ დღეს სრულად დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, არ არსებობდა აღკვეთის სხვა, უფრო მკაცრი, ღონისძიების მოთხოვნის მიზეზი:
„ბრალდებულები თავისი ნებით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში. ამავე დროს, ისინი ყველა გამოძახებაზე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში. შესაბამისად, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე და გამოყენებულ იქნა გირაო“.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ ჯახუა. მისი განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა პროპორციულია იმ მუხლის, რა მუხლითაც სპორტსმენებს ბრალი წარედგინათ, თუმცა ამ შემთხვევაში პროკურატურა ავლენს არათანმიმდევრულობას, რადგან ერთგვაროვან საქმეებზე სხვადასხვა აღკვეთის ღონისძიება მოითხოვა:
„მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ გაირკვეს, სხვა დანაშაულის ნიშნებს ხომ არ შეიცავს მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების შედეგად დადგინდეს, ხომ არ იყვნენ ამ დანაშაულში ჩართული სხვა პირებიც და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათაც“, - განაცხადა საიას წარმომადგენელმა.
22 მაისს შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის - ორი პოლიციელი.
კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიტიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში უკვე დაკითხეს.