საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წარუდგინა 22 მაისს, შუალედური არჩევნების დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ექვს მონაწილეს. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე - ხულიგნობის - მუხლით.
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალი წარედგინა კორცხელის ინციდენტის ექვსიდან ხუთ მონაწილეს. მუხლი შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. ინციდენტის კიდევ ერთ მონაწილეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომლებიც შეეხება იმავე ქმედებას ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე. გამოძიების ამ გადაწყვეტილების პასუხად ბრალდებულ ტყეშელაშვილისა და გეგეშიძის ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დანაშაულს არ აღიარებენ:
„მტკიცებულებები ამ ეტაპისათვის ჯერჯერობით არ გადმოგვცემია, თუმცა ველოდებით გამომძიებელს. სამართლებრივად აღკვეთის ღონისძიების წარდგენამდე დაცვის მხარეს ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია“.
ზოგადად, შესაძლებელია ხულიგნობის მუხლთან მიმართებაში არ იყენებდეს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვადარებთ როგორია გამოცდილება სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვას, რამდენად მიუკერძოებელია სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის დროს...გიორგი მშვენიერაძე
ინფორმაცია კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისათვის ბრალის წაყენების შესახებ დაადასტურა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, რომელმაც ილაპარაკა ასევე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე:
„პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას“.
აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენების გამო მთავარ პროკურატურასა და გამოძიებას ტენდენციურობაში სდებენ ბრალს ადამიანის უფლებათა დამცველები. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებიდან კარგად ჩანს, რომ ხელისუფლებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალდამრღვევთა დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი. გიორგი მშვენიერაძემ დეპუტატ ლორთქიფანიძის საქმე გაიხსენა:
„როდესაც დეპუტატ ლორთქიფანიძეს 70-ლარიანი პიჯაკი დაუზიანეს, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებდა პროკურატურა და უფარდებდა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას და რამდენიმე თვე ამ ადამიანებმა ციხეში დაყვეს, ხოლო, მეორე მხრივ, როცა ჩვენ ვნახეთ მასობრივი ძალადობრივი აქტი, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს მნიშვნელოვანი დაზიანებები, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა იყო ძალიან ლმობიერი და შემწყნარებელი: არც დაკავება გამოიყენა, არც იქვე არ აღკვეთა სამართალდარღვევა და, უფრო მეტიც, მოგვიანებით განაცხადეს, რომ აღმკვეთ ღონისძიებად არ ითხოვენ პატიმრობის გამოყენებას. ზოგადად, შესაძლებელია ხულიგნობის მუხლთან მიმართებაში არ იყენებდეს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას, მაგრამ როდესაც ჩვენ ამას ვადარებთ როგორია გამოცდილება სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვას, რამდენად მიუკერძოებელია სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის დროს“, უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ ბრალი წარდგენილი იქნა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით, მაშინ როცა 22 მაისს, შუალედური არჩევნების დროს, ჩადენილი იქნა სხვა არაერთი დანაშაული, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა არჩევნებზე თავისუფალი ნების გამოვლენისათვის ხელის შეშლა ან პოლიტიკური ნიშნით დევნა. ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიიჩნევენ, რომ გამოძიებამ ბრალი წარუდგინა მხოლოდ დამნაშავეთა ნაწილს. ოთარ კახიძის თქმით, მოძალადეთა ორგანიზებული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს წინასწარ მომზადებული გეგმით გაუსწორდა:
„ეს არის ჯგუფი, რომლის შესახებაც საზოგადოებას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ხელმძღვანელობით ისინი ემზადებიან სწორედ ამგვარი დაკვეთების შესასრულებლად. ამიტომ გამოძიება ვერასოდეს ვერ იქნება სრულყოფილი, სანამ არ დაკითხავენ ვიცე-პრემიერ კალაძეს და არ გაარკვევენ იმას, ვინ ხელმძღვანელობს ამ ჯგუფს და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ისინი“.
კორცხელის ინციდენტის საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ასევე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოძალადეები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ:
„მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც „ნაციოანალების“ მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას. ქართულმა საზოგადოებამ კი ძალიან ნათლად „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ძალადობის გამო უთხრა უარი და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ ქართულ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება“.
პრეზიდენტის პასუხად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ არანაირი დაჯგუფება - მათ შორის მოძველბიჭო დაჯგუფება -ხელისუფლებაში არ არის და რომ დამნაშავე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აუცილებლად დაისჯება. საზოგადოება უნდა დაელოდოს ჯერ გამოძიების, შემდეგ კი სასამართლო პროცესის დასრულებას.