წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის კვალდაკვალ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მიერ გატარებულმა რეპრესიულმა ზომებმა ვერ დაიმსახურა დასავლეთის მოწონება. დასავლეთი საფუძვლიან გამოძიებასა და დემოკრატიის პატივისცემას ითხოვს. ისმის ვარაუდები, რომ დასასჯელი ხალხის სია თურქეთის ხელისუფლებას სამხედროთა აჯანყებამდე ჰქონდა შედგენილი. ანალიტიკოსები ცდილობენ გააანალიზონ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზიდან და მას გაუფუჭდება ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და რა ელოდება ასეთ შემთხვევაში საქართველოს. თურქეთში ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველოს პრემიერის ანკარაში ვიზიტის წინ, გაჩნდა თურქეთ–საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის გარკვეული ნიშნები.
სამი ათასამდე დაპატიმრებული სამხედრო (მათ შორის ასზე მეტი გენერალი), სამი ათასამდე დაპატიმრებული მოსამართლე, ათასობით გათავისუფლებული პოლიციელი და ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ფიქრი - ის, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას მოჰყვა, შემაშფოთებელია დასავლეთისთვის, რომელმაც თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმისგან ისიც მოისმინა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყანას, რომელიც 16 ივლისის პუტჩის მთავარ ორგანიზატორად მიჩნეულ ფეტულა გიულენს უჭერს მხარს. შესაბამისად, თუკი გავითვალისწინებთ, რომ თურქი სასულიერო პირი, გავლენიანი ფეტულა გიულენი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ვაშინგტონი კი, მტკიცებულებების გარეშე არ აპირებს მის ექსტრადირებას, ანკარა განაწყენებული უნდა იყოს ვაშინგტონზე, მით უმეტეს, რომ, ვერშემდგარი პუტჩის კვალდაკვალ, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, თურქეთში დემოკრატიის ხელყოფასთან დაკავშირებული ეჭვები გაჩნდაო და, მართალია, თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას 16 ივლისს მხარი უმალ დავუჭირეთ, მაგრამ მოვუწოდებთ თურქეთს, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ დაივიწყოს, რათა ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს პრობლემები არ შეექმნასო.
ანკარამ შენიშვნები ევროკომისარ იოჰანეს ჰანისგანაც მიიღო. 18 ივლისს ევროკომისარმა გარკვევით გამოთქვა ვარაუდი, რომ თურქეთის ხელისუფლებას დასასჯელი ხალხის სია წინასწარ, ჯერ კიდევ პუტჩამდე, ჰქონდა შედგენილი და რომ ეს მეტად შემაშფოთებელია:
„ისე ჩანს, რომ, სულ ცოტა, რაღაც მომზადებული იყო. ხელმისაწვდომია სიები, რომელიც აჩვენებს, რომ წინასწარ იყო მომზადებული და უნდა გამოეყენებინათ კონკრეტულ ეტაპზე“.
ერთი მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებს, სადაც იყო საუბარი, რომ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება ხდება პრიორიტეტული ნატოსთვის, ასეთ შემთხვევაში, თავის თავად ცხადია, დასავლელი პარტნიორები უნდა ცდილობდნენ...გიორგი გობრონიძე
როდესაც მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებზე ლაპარაკობენ, ექსპერტების ერთი ნაწილი უკიდურესად პესიმისტურ სცენარსაც განიხილავს, რომლის მიხედვით, თურქეთი დაემშვიდობება ნატოს წევრობას და რუსეთისკენ გადადგამს უფრო ფართო სამოკავშირეო ნაბიჯებს. ამ პესიმისტურ სცენარს, ცხადია, განიხილავენ საქართველოშიც, რომელიც თავად მიისწრაფვის ნატოსკენ და ჩნდება შეკითხვა, რა მოელის ასეთ შემთხვევაში ქვეყანას. პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა გააძლიეროს ნატოს დაინტერესება საქართველოთი:
„ერთი მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებს, სადაც იყო საუბარი, რომ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება ხდება პრიორიტეტული ნატოსთვის, ასეთ შემთხვევაში, თავის თავად ცხადია, დასავლელი პარტნიორები უნდა ცდილობდნენ, წესით, უფრო გაააქტიურონ თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც არის ამ შემთხვევაში საქართველო, რადგანაც, გარკვეულწილად, უსაფრთხოების გარემოში საქართველოს ჩართვა იქნება უფრო სასარგებლო“.
განსხვავებული აზრისაა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მოვლენათა ამგვარი განვითარება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის, რადგანაც ნატოს წევრი ქვეყნის მეზობლობა, ზოგადად, ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო შანსებზე და ასევე იმაზე, რომ ადვილი და შეუფერხებლად ხელმისაწვდომი იყოს შავი ზღვა აშშ-ის სამხედრო ფლოტისთვის. ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ თურქეთის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვება საქართველოს შანსებს არ გაზრდის და უფრო პირიქით:
„ვფიქრობ, იგივე პრობლემები წამოიჭრება ნატოს წინაშე საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც დღემდე იყო - ეს არის რუსეთის პოზიცია, ეს არის ის, რომ სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება საკმაოდ რთული და, აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძალიან დიდი გამოწვევა... და, ალბათ, ეს კიდევ უფრო რთული იქნება, თუკი თურქეთი გავა ნატოდან“.
თურქეთი გახლავთ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა, რადგანაც დღეს დღის წესრიგში დგას „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის განხორციელების საკითხი, სადაც თურქეთმა სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია უნდა შეასრულოს...ნიკა ჩიტაძე
როდესაც თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების შესაძლებლობებზე ლაპარაკობენ, ექსპერტები საგანგებოდ უსვამენ ხაზს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელყოფის საფრთხეს, რაც ასევე ემტერება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ინტერესებს. სწორედ ასეთ აქცენტს სვამს სამხრეთის გაზის დერეფნის კონტექსტში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლების დილის ეთერში სტუმრობისას:
„თურქეთი გახლავთ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა, რადგანაც დღეს დღის წესრიგში დგას „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის განხორციელების საკითხი, სადაც თურქეთმა სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია უნდა შეასრულოს და ბუნებრივი აირი უნდა გაატაროს ევროპისკენ“.
დიდწილად ისევ ენერგოდამოკიდებულების გათვალისწინებით, ექსპერტები არ გამორიცხავენ რუსეთისა და თურქეთის სამომავლო მოკავშირეობას დასავლეთის წინააღმდეგ. ასეთ პოტენციალს ხედავს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა და მისთვის ცხადია, რომ თუკი თურქეთი საბოლოოდ გადაწყვეტს ანტიდემოკრატიული გზით სიარულს, მაშინ მისთვის უფრო იოლი იქნება მეგობრობა არადემოკრატიულ რუსეთთან, ვიდრე დემოკრატიულ დასავლეთთან.
რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებს, ანალიტიკოსები ვერ ხედავენ ამ კეთილმეზობლური და თბილი ურთიერთობების გაფუჭების საფუძველს, თუკი საკითხი ისევ პრეზიდენტ ერდოანის ნომერ პირველ მტრად წოდებულ, პუტჩის ორგანიზატორად დასახელებულ ფეტულა გიულენს არ დაუკავშირდება. სწორედ ამიტომ განიხილეს ანალიტიკოსებმა შემაშფოთებელ სიგნალად თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის მიერ აჭარის ტელევიზიით გაკეთებული განცხადება (ინტერვიუს მსვლელობისას), რომტერორისტებს ზრდიან ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო ქსელის ნაწილს და გიულენის სახელს უკავშირდება.
18 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, განმარტებებზე დაყრდნობით, რომ „ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში“, თუმცა, როგორც აჭარის ტელევიზიაში განმარტავენ, გენერალური კონსულის ინტერვიუს საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.
მსჯელობა, სავარაუდოდ, ამ საკითხსაც შეეხება 19 ივლისს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო დელეგაციის თანხლებით ჩავა ანკარაში. ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ეს ვიზიტი თურქეთში პუტჩის მცდელობამდე იყო დაგეგმილი. 18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერი ტელეფონით ესაუბრა თავის თურქ კოლეგას ბინალი ილდირიმს დაკიდევ ერთხელ გამოხატა თბილისის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიმართ.