Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აღკვეთილ იქნა სამხედრო გადატრიალების ცდა


თურქი სამხედროები სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე
თურქი სამხედროები სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება. გასული ღამის განმავლობაში, ანკარასა და სტამბოლში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა,90 კაცი დაიღუპა, დაპატიმრებულია 800-მდე პირი. დაღუპულთა შორის, თურქეთის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის 16 მონაწილეა.

16 ივლისს, გამთენიისას, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა, სტამბოლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მკაცრად დასჯის გადატრიალების თაოსნებსა და მონაწილეებს. სტამბოლის აეროპორტში გამოსვლისას, ერდოანმა „სახელმწიფო ღალატში“ დაადანაშაულა ყველა, ვინც არეულობა მოაწყო ანკარასა და სტამბოლში და დასძინა, რომ შეიარაღებული ძალები „გაწმენდილ იქნება მოღალატე ელემენტებისგან“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი საკურორტო ქალაქ მამარისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი საკურორტო ქალაქ მამარისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას

ამასობაში ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამხედრო სამსახური დაატოვებინეს ხუთ გენერალსა და 29 პოლკოვნიკს. მაგრამ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახურიდან მედიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში გადატრიალების თაოსნები ამბობენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ. მტკიცედ შევებრძოლებით ყველას, ვინც მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებასო, ნათქვამია წერილში. ამავე გზავნილში გადატრიალების თაოსნები თანამემამულეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ დატოვონ საკუთარი სახლ-კარი.

პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, გენერალი, რომელიც გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი თაოსანი იყო, მოკლეს. ილდირიმმა შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსად დანიშნა გენერალი უმი დუნდარი. მისი წინამორბედი, გენერალი ჰულუსი აქარი, რომელიც მეამბოხეებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი, გამთენიისას გაათავისუფლეს ვერტმფრენების მონაწილეობით მოწყობილი ოპერაციის შედეგად. ამის შესახებ თურქეთის მედია იუწყება.

15 ივლისს, გვიან ღამით, თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ მთლიანად დაამყარა კონტროლი ქვეყნის მართვაზე იმისთვის, რათა დაცულ იქნეს დემოკრატიულ წესრიგი და ადამიანის უფლებები. განცხადება გაავრცელა დოგანის ახალი ამბების სააგენტომ და გადასცა თურქეთის ტელევიზიამ. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ თურქეთის საგარეო ურთიერთობები მთლიანად იქნება შენარჩუნებული და პრიორიტეტი იქნება კანონის უზენაესობა.

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტთან მრავალათასიანი ბრბო შეიკრიბა
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტთან მრავალათასიანი ბრბო შეიკრიბა

მაგრამ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სიენენისთვის მობილური ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას კვლავაც ის მართავს და სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩახშობილ იქნება. გადატრიალების თაოსანთა მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათის მიუხედავად, მან თანამემაულეებს მოუწოდა, მთავრობის მხარდასაჭერად ქუჩაში გასულიყვნენ.

ანკარასა და სტამბოლში მრავალი მოქალაქე გამოეხმაურა ამ მოწოდებას და ქუჩაში გასვლით მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას, რის შედეგადაც მოხდა შეტაკებები. ყველაზე ცხარე შეტაკებები აღინიშნა დედაქალაქ ანკარაში, სადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 42, ხოლო დაიჭრა რამდენიმე ასეული ადამიანი.

დოგანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პარლამენტის შენობასთან მეამბოხე სამხედროებმა ტანკები განათავსეს, ანკარის თავზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ ავიაგამანადგურებლები. აქა-იქ ისმოდა აფეთქებების ხმა. რამდენიმე ათეული ტანკი გაემართა პრემიერ-მინისტრის სასახლისკენ. როცა კოლონას გზა გადაუღობა სამოქალაქო მსუბუქმა მანქანამ, ერთ-ერთმა ტანკმა მას ზემოდან გადაუარა. მძღოლმა და მგზავრებმა მოასწრეს მანქანის დატოვება.

ღამის განმავლობაში მეამბოხეებმა იერიშით აიღეს ტელევიზიისა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს შენობები და ჟურნალისტები თანამშრომლები აიძულეს, გაევრცელებინათ განცხადებები გადატრიალების შესახებ.

დილისთვის საინფორმაციო საშუალებათა უმრავლესობამ ჩვეულ რეჟიმში განაახლა მაუწყებლობა. დილის 6 საათისთვის მუშაობა განაახლა სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმაც, რომელიც წუხელ დაკეტეს პუჩისტებმა.

დაპირისპირების მსვლელობისას, მხარეებს მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუხატა ერდოანის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სხვა ქვეყნების ლიდერებმა.

მოქალაქეები ტანკზე, სტამბოლში, ბოსფორის ერთ-ერთ ხიდთან, რომელიც გადაკეტილი ჰქონდათ მეამბოხეებს
მოქალაქეები ტანკზე, სტამბოლში, ბოსფორის ერთ-ერთ ხიდთან, რომელიც გადაკეტილი ჰქონდათ მეამბოხეებს

შაბათს დილით ევროკავშირის ხელმძღვანელებმა დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადეს, რომ „დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს“ და თურქეთის ლიდერებს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნონ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას.“ ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებოდ მოწვეული სხდომის შემდეგ, თბილისში, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და იქ სტაბილურობის შენარჩუნება თბილისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პრემიერმა დასძინა, რომ სამხედრო გადატრიალებები მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის.

XS
SM
MD
LG