რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მუსლიმთა სამმართველოს მთელ საქართველოში სარგებლობის უფლებით 150-მდე სალოცავი გადაეცა. მათ შორისაა 2010 წელს აშენებული სამი მეჩეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში. კეხოვანში, ღორძესა და ნამინაურში არსებული სამივე მეჩეთი მოქმედია. სამცხე-ჯავახეთში მდებარე სალოცავის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პირველად იმსჯელა. სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე განმარტავს, რომ შესწავლილ იქნება იურიდიული საკითხები, რის შემდეგაც მეჩეთების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
სამივე სოფელში არსებულ მეჩეთებს ელექტროენერგიის შეყვანასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ სალოცავი სახელმწიფოან კერძო საკუთრებაში არსებულმიწის ფართზე იყო განლაგებული, კომპანია დენის შეყვანას ვერ ახერხებდა. სამცხე-ჯავახეთის მუფთის თქმით,რეგიონში 13-მდე მოქმედი სალოცავია, სადაც მრევლი ანალოგიურ პრობლემას აწყდება. მამუკა ვაშაყმაძე იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ ყველა სალოცავის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვს.
მეჩეთების გადაცემის საკითხი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და, ისტორიკოს უჩა ბლუაშვილის აზრით, სამართლიანი გადაწყვეტილებაც მიიღო. პროფესორი სხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მუსლიმებმა საკუთარი მოთხოვნები ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წამოაყენონ, მეორე მხრივ კი, ქრისტიანულმა მოსახლეობამ პრეტენზიების სამართლებრივი გზით გამოთქმა უნდა ისწავლოს.
სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ამ დროისათვის 50-მდე მუსლიმური სალოცავი ირიცხება. სალოცავად მრევლი მხოლოდ 13 მათგანში იკრიბება. დღემდე ღია ცისქვეშ ლოცულობენ სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმები სადავო შენობის მათთვის გადაცემას მოითხოვენ. სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, მოხის სადავო შენობას ვერც მუსლიმები მიიღებენ და ვერც მართლმადიდებლები, შენობას კი დროებით „სადავო საკულტო ნაგებობის“ სახელწოდება ექნება და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. კომისიისავე გადაწყვეტილებით, მუსლიმი მრევლისთვის სოფლის ცენტრში ალტერნატიული ფართი გამოიყოფა, სადაც სალოცავი სახელმწიფოს ხარჯით აშენდება.
მოხის მუსლიმი მოსახლეობა შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ მეჩეთის ასაშენებლად ახალი ფართის გამოყოფით პრობლემა არ გადაიჭრება, მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის კი სოფლის ცენტრში მეჩეთის აშენება მისაღებია. ისინი ამბობენ, რომსადავო შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას არ დაუშვებენ.
მოხის სადავო შენობის წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დასადგენად 2014 წლის 2 დეკემბერს სპეციალური კომისია შეიქმნა. ორწლიანი მსჯელობის შემდეგ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი ჯერ კიდევ მიღწეული არ არის. „სადავო საკულტო ნაგებობის“ მოვლა-შენახვის პროექტს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო 11-კაციან ჯგუფს2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისში წარუდგენს, სადაც კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.