მოხის მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად შექმნილი სპეციალური კომისიის გაუქმებას ითხოვს. უნდობლობის მიზეზს, ადგილობრივების მტკიცებით, ის ფაქტი იწვევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ კომისიაში ის პირები გააერთიანა, რომლებიც მათ ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავენ. საჯარო მიმართვაში მრევლმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოთხოვნა სადავო შენობის მათთვის გადაცემის შესახებ.
განცხადებაში, რომელსაც ხელს მოხის 73 მუსლიმი მცხოვრები აწერს, მრევლი პრემიერ-მინისტრს სთხოვს, სადავო შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება თავად იკისროს.მრევლმა ასევე უნდობლობა გამოხატა სამცხე-ჯავახეთის მუფთის მისამართით, რომელიც კომისიის შემადგენლობაში მუსლიმების სახელით არის წარდგენილი. მათი თქმით, მამუკა ვაშაყმაძე მათ პოზიციებს ღიად ვერ აფიქსირებს. მუსლიმი მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მუფთზე ზეწოლას ახდენენ.
მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც მოხეში პარასკევის ლოცვას არ დასწრებია, ზეწოლას ვინმეს მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავს. სამცხე-ჯავახეთის მუფთი მოხის მუსლიმი მოსახლეობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამბობს, რომ განცხადების ტექსტი მასთან შეთანხმების გარეშე შედგა. მისივე თქმით, მრევლში არსებული უნდობლობა ერთმა ფაქტორმა განაპირობა. იგი არ უარყოფს, რომ მუსლიმების პრობლემები ვერ მოაგვარა. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, მათი ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერა ვერც ერთი საკითხის გადაწყვეტისას ვერ მოიპოვა.
მამუკა ვაშაყმაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სადავო შენობა მუსლიმი თემის საკუთრებაა და იგი ისტორიულ მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს. საკითხის ამგვარად გადაჭრას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი მართლმადიდებლები. მათი თქმით, თუ კომისიის გადაწყვეტილება არარეალურია, იგი უნდა გაუქმდეს, თუმცა ამბობენ, რომ შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას ან ცენტრალურ ტერიტორიაზე მეჩეთის ასაშენებლად ადგილის გამოყოფას არ დაუშვებენ.
მოხის სადავო შენობის რელიგიური და ისტორიული წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისია ორი წლის წინ შეიქმნა. 2016 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომისიის თავმჯდომარემ მუსლიმ მრევლს სახელმწიფო ხარჯებით მეჩეთის ასაშენებლად ალტერნატიული ფართის გამოყოფა ან ყოფილი სამლოცველოს შესყიდვა და მათთვის გადაცემა შესთავაზა. მუსლიმმა მრევლმა კომისიის გადაწყვეტილებას უნდობლობა გამოუცხადა. მომდევნო სხდომა 1 დეკემბერს ისევ ახალციხეში უნდა გაიმართოს.