Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხის სადავო შენობის ბედს კომისია გაარკვევს


მოხის სადავო შენობა
მოხის სადავო შენობა

სახალხო დამცველი მხარეებს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის დემონტაჟის შეჩერებისა და საკითხის დიალოგის რეჟიმში მოგვარებისკენ მოუწოდებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე 26 ოქტომბერს შეხვდა მუსლიმანური და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს და აცნობა, რომ სადავო შენობის საკითხს, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები ისტორიულ მეჩეთს უწოდებენ, სპეციალური კომისია შეისწავლის, მანამდე კი შენობის დემონტაჟი შეჩერდება.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ სამცხე-ჯავახეთის მუფთს, სოფელ ჭელის წინამძღვარს, და ადგილობრივ მუსლიმ თემს, რომელთა ინფორმაციით, 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება სოფელ მოხეში სადავო შენობის დემონტაჟის გაგრძელება. მათი შეფასებით, მსგავს მოქმედებას სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს. ამიტომ სახალხო დამცველი მოუწოდებს მხარეებს შეჩერდეს სადავო შენობის დემონტაჟი.

როგორც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ნინო ბოლქვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, სახალო დამცველი მოითხოვს ასევე 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში აქციის დროს, პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადაჭარბების საკითხის გამოძიებასაც:

„აუცილებელია ეს საკითხი განხილული იყოს დიალოგის გზით, მანამდე კი აუცილებელია შეჩერდეს ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ შენობის გადაკეთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმური თემის პროცესში ჩართვის გარეშე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე“.

ამ საკითხს არ ეყოფა მხოლოდ ადგილობრივი გამგეობა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ბუნებრივია, ეს არის დამატებით დარგის სპეციალისტების გადასაწყვეტი. მე ვგულისხმობ ხუროთმოძღვრებს, ხელოვნებათმცოდნეებს, არქიტექტორებს, არქეოლოგებს...
ზაზა ვაშაყმაძე

სახელმწიფოს კუთვნილ ნახევრად დანგრეულ ნაგებობაში, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი ისტორიულ მეჩეთს უწოდებს და მის დაბრუნებას 2007 წლის შემდეგ ამაოდ ითხოვს, ადგილობრივ ხელისუფლებას ბიბლიოთეკის განთავსება უნდა. ამ გეგმას ემხრობიან ადგილობრივი ქრისტიანი მართლმადიდებლები, რადგანაც, მათი აზრით, მუსლიმებს სოფელში ერთი მეჩეთი უკვე აქვთ, ხოლო ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ყველასთვის, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს ლოგიკა, ცხადია, მიუღებელია მუსლიმი თემისთვის, რომლის წარმომადგენლებმაც, შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს წინააღმდეგობა გაუწიეს ”ერთ-ერთი შენობის” აღდგენით სამუშაოებს, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. ინციდენტის შედეგად სამართალდამცველებმა 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო კიდევ სამი პირი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დააკავეს. ადგილობრივი მუსლიმების მონათხრობის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება გამოვლინდა. სწორედ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების საკთხის გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი.

ხელისუფლებამ უკვე გადმოდგა ნაბიჯი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო გამოკვლევისა და ექსპერტების ჩართვისა...
მამუკა ვაშაყმაძე

26 ოქტომბერს კი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა მუსლიმანური და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს სოფელ ჭელაში და შეუთნხმდა, რომ სადავო შენობის საკითხს, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები ისტორიულ მეჩეთს უწოდებენ, სპეციალური კომისია შეისწვალის, მანამედ კი შენობის დემონტაჟი შეჩერდება:

„ამ საკითხს არ ეყოფა მხოლოდ ადგილობრივი გამგეობა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ბუნებრივია, ეს არის დამატებით დარგის სპეციალისტების გადასაწყვეტი. მე ვგულისხმობ ხუროთმოძღვრებს, ხელოვნებათმცოდნეებს, არქიტექტორებს, არქეოლოგებს. შესაბამისად, საჭიროება მოითხოვს გარკვეულ დროს, მაგრამ, რაც მთავარია, პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ის, რომ სიტუაციის გარკვევის შედეგად მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, - როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორემ, მე ვგულისხმობ ქრისტიანულ და მუსლიმურ თემს, - გამოიყოს ორივე მხრდან მათი ნდობით აღჭურვილი პირები და ჩაერთოს ამ საკითხში გამგეობა, ჩავერთვებით ჩვენც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, და, შესაბამისად, ამ სამუშაო ფორმატში მოხდება საკითხის გადაწყვეტა“.

საკითხის ამგვარი გზით მოგვარების მომხრეა სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. 26 ოქტომბერს გვიან ღამით დასრულებული შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ კომისიის გადაწყვეტილებას დაელოდებიან:

„ხელისუფლებამ უკვე გადმოდგა ნაბიჯი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო გამოკვლევისა და ექსპერტების ჩართვისა. რა თქმა უნდა, სიმართლე თავის ადგილს ნახავს და ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ საკითხში“.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება კომისია და ეს საზოგადოებასაც ეცნობება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG