კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვას საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სესიაზე პოლიტიკური ოპონენტების გარეშე, მარტო განაგრძობს. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის ლეგიტიმაციის პროცესს საპარლამენტო პარტიების ბოიკოტი ჩრდილს ვერ მიაყენებს, ბოიკოტი კი მათი წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური დღის წესრიგი იყო. თუმცა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში აღმოჩნდნენ ისინიც, ვისთვისაც ხელისუფლებასთან კონფრონტაცია თვითმიზანი არ ყოფილა და მმართველ პარტიასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობებში ცდილობდა საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას. როგორ გაგრძელდება საკონსტიტუციო განხილვები და რა გეგმები აქვთ მათ, ვინც პროცესს დემონსტრაციულად გაეთიშა?
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით დეპუტატებმა 22 ივნისს უყარეს კენჭი და 115 ხმით, ანუ ერთხმად, დაუჭირეს მხარი. კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა. საპარლამენტო პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ 21 ივნისს გამოცხადებული ბოიკოტის გამო, „ქართულ ოცნებას“, როგორც საკონსტიტუციო უმრავლესობას, ერთპარტიულად უწევს პროცესზე პასუხისმგებლობის აღება. ამ პასუხისმგებლობას მმართველი პარტია არ გაურბის, თუმცა, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, პროცესს ერთპარტიული მაინც არ შეიძლება ეწოდოს:
“რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი და აჩვენონ, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა მიმდინარეობს თითქოს ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. არ არის ეს სწორი და არ არის ეს მართებული, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ფართო ჩართულობით, ასეთი წარმომადგენლობითი კონსტიტუციურ პროექტზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისია მე არც მახსოვს.“
არასამთავრობოებთან ის ტექსტი იყო ბოლომდე გავლილი და მათი რეკომენდაციების 80 პროცენტი არის ასახული დოკუმენტში. ძალიან ბევრი დოკუმენტი შემიძლია მოგცეთ, სადაც არის ჩამოთვლილი, მათი შენიშვნებიდან რა არის გათვალისწინებული. მათი სურვილი იყო, რომ გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები. პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვეღარ ვხედავთ...თამარ ჩუგოშვილი
მოგვიანებით ეკა ბესელიას, პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის ფაქტზეც მოუხდა მედიისთვის განმარტებების გაკეთება. ეკა ბესელია ამბობს, რომ გარედან მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება შეუძლებელია, თუმცა სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების დიდი ნაწილი კონსტიტუციის პროექტში ასახულია. ასე არ ფიქრობენ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები.ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა მთავარზე - შეეცვალა საარჩევნო სისტემა.
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ ერთ-ერთი მაინც სერიოზული მიღწევა ამ საკონსტიტუციო კომისიის იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მეტ-ნაკლები შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბონუსები, ბლოკების გაუქმება, ბარიერი და ასე შემდეგ პრობლემური საკითხები იყო. ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო კომისიის პროცესის მიღმა კიდევ რაღაც ისეთი ცვლილებები შედის, რომელიც იქაც არ ყოფილა შეთანხმებული, რომელიც ვენეციის კომისიასთანაც არ ყოფილა გაგზავნილი. ანუ მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ პროცესს? შეეძლო ხელისუფლებას დამჯდარიყო მმართველი პარტია და თვითონ დაეწერა ის ძირითადი საკითხები, რაც მათ აღელვებთ. რეალურად მნიშვნელოვანი საკითხები დარჩა ისეთი ფორმით, რა ფორმითაც საკონსტიტუციო კომისია არ შეთანხმებულა“, ამბობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე.
„ქართული ოცნების“ შიდა კონსულტაციების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება, პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა კი 2024 წლიდან მოხდება. საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში შეთანხმებული და ვენეციის კომისიაში გაგზავნილი პროექტის თვითნებური შეცვლის გამო, სამოქალაქო სექტორი ემიჯნება პროცესს, წყვეტს ხელისუფლებასთან კონსტიტუციურ დიალოგს და აპირებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ვენეციის კომისიას აცნობოს.
„მმართველი პარტია ყოველდღე ცვლის თავის გადაწყვეტილებას. ვხედავთ, რომ მათ არა აქვთ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა შეცვალონ კონსტიტუცია და, რაც ყველაზე მთავარია, ის, რაზეც ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები თავიდანვე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ეს შეთანხმება არ სრულდება“, აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
გიგაურის თქმით, საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა შექმნილ ვითარებაში აზრს კარგავს და არასამთავრობო სექტორი აღარ აპირებს აბსურდში მონაწილეობას. დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის თანახმად კი, პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ვერც მმართველი პარტია ხედავს:
“არასამთავრობოებთან ის ტექსტი იყო ბოლომდე გავლილი და მათი რეკომენდაციების 80 პროცენტი არის ასახული დოკუმენტში. ძალიან ბევრი დოკუმენტი შემიძლია მოგცეთ, სადაც არის ჩამოთვლილი, მათი შენიშვნებიდან რა არის გათვალისწინებული. მათი სურვილი იყო, რომ გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები. პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვეღარ ვხედავთ“.
თავის მხრივ, საგანგებო მიმართვას ამზადებს პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო. მიმართვის ადრესატი, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის, განმარტებით, იქნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, დიპლომატიური მისიები და ვენეციის კომისია. მიმართვის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმას ნულოვანი კონსენსუსის პირობებში ახორციელებს.
“გვინდა, რომ მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ სანამ მოხდება პროცესების არასასურველი მიმართულებით განვითარება, - ეს შეიძლება ახლა არ იყოს მაინცდამაინც რევოლუციები და ასე შემდეგ, მაგრამ პრობლემა იქნება დოკუმენტის პოლიტიკური ლეგიტიმაციისა, - ისინი ქმედითად ჩაერიონ ამ პროცესში და არ მისცენ საშუალება არასასურველი პროცესების განვითარებას, რაც ბუნებრივად მოხდება, თუკი გადავხედავთ ქართული პოლიტიკური ისტორიის ბოლო წლების გამოცდილებას“.
კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკომიტეტო ფორმატით 23 ივნისს დაიწყებენ.