Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა ყველას წინააღმდეგ - პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს განიხილავს


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში წარიმართა - საპარლამენტო განხილვას არ დასწრებიან “ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. მათ რიგებს დღის ბოლოს შეუერთდა „ევროპული საქართველოც“, რომელმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის განზრახვით, ცდილობს კონსტიტუცია თავის პარტიულ ინტერესებს მოარგოს. თავის მხრივ, გადაწყვეტილებების ერთპიროვნულ მიღებაში დასდო ბრალი მმართველ პარტიას სამოქალაქო სექტორმაც. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ძირითადად მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება და პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის გადასვლა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით იქმნება საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ეფუძნება ისეთ ოთხ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში შესული ცვლილებები უპასუხებს საკონსტიტუციო სამართლის ნორმებს და უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის დაცვას:

“სამართლებრივი კუთხით სისტემა არის აბსოლუტურად გამართული -ეს ერთი, და რაც შეეხება მმართველობის სისტემას, დღეს მოქმედ კონსტიტუციაში არის ასახული აბსოლუტურად დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ეს დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში არა მარტო ევროპულ გამოცდილებასთან, არამედ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ეს არის ასახული ქვეყნის ძირითადი კანონის ახალ რედაქციაში“.

პროექტით კი, კონსტიტუციაში დაგეგმილი ერთ-ერთი საკვანძო ცვლილებაა შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ოღონდ იმ დათქმით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ ძველი სისტემით ჩატარდება, მასზე ერთჯერადად 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დაწესდება, პროპორციული სისტემა კი ძალაში 2024 წლიდან შევა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ეს შიდა გადაწყვეტილება, თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების - „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ - ბოიკოტის ძირითადი მიზეზი გახდა. ისინი არ დასწრებიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას.

“ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ამ საპარლამენტო განხილვებს და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ორი მიმართულებით: ვმუშაობთ ევროსტრუქტურებთან და ვიწყებთ მზადებას საპროტესტო აქციებისთვის“, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კი, რომან გოცირიძემ, აღნიშნა, რომ განიხილება დოკუმენტი, რომელში ჩანაწერიც განსხვავდება იმისგან, რისი გაკეთებაც იგეგმება:

“ამ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი თურმე ძალაში შევა 8 წლის მერე და გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ხოლო ზეპირი, ასე ვთქვათ, მონათხრობით გვეუბნებიან, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება კვლავ შერეული სისტემით, სადაც დარჩება არჩევნების მაჟორიტარული წესი. ჩვენ არ ვიცით, რას ვიხილავთ. ჩვენ ერთადერთი გვითხრეს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები იქნება გაუქმებული“.

რომან გოცირიძის შეფასებით, მთელი საკონსტიტუციო პროცესი მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ - ჩამორთმეოდა პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით აირჩევს კოლეგია, რომელიც პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისა და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისგან შედგება. თუმცა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე დათქმით, პირდაპირი წესით გაიმართება. ამ და სხვა ცვლილებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო პროცესის შეფასებისას პროექტის მიმართ საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობასა და, ზოგადად, პროცესის აბსურდულობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე:

“თავისთავად ის პროდუქტი, რაც დაიდო, იყო ნაკლულოვანი, ნულოვანი კონსენსუსის თვალსაზრისით, მაგრამ შემდგომში ფუნდამენტური თემები შეიცვალა უსწრაფესად, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აღარ ხდება, დღეს კიდევ ახალ თემებს ვისმენთ, შუალედში მოვისმინეთ ერთდღიანი აღტკინება საპარლამენტო მონარქიასთან დაკავშირებით და, საერთოდ, აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ ისიც კი არ ვიცით, რას ვიხილავთ ამ დაჩქარებულ ვადებში“.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ უკვე ჩვენ - მათ შორის არასამთავრობო სექტორს - გვიჩნდება კითხვები, რამდენად შესაძლებელია ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც საარჩევნო სისტემას ჰქონდა, ჩვენ მაინც ყველამ შევაფასეთ პოზიტიურად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს იყო რაღაცა ძალიან ხელშესახები შედეგი...
მიხეილ ბენიძე

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას კი 21 ივნისს უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრიდან მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი „ქართული ოცნების“ მიერ აღქმულია, როგორც ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი.

„მმართველ გუნდს სურდა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა შემოეთავაზებინა, რომლითაც გაიხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას. მათ მოიგონეს ეს მუსოლინის საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ აძლევდათ ულიმიტო ბონუსს, ოღონდ ვერავისგან ვერ მიიღეს მხარდაჭერა - არც საზოგადოებამ დაუჭირა მხარი, ბუნებრივია, არც პოლიტიკურმა პარტიებმა დაუჭირეს მხარი, ვენეციის კომისიამ სერიოზულად გააკრიტიკა. ახლა იპოვეს ალტერნატიული გამოსავალი, რომ 2020 წლისთვის დაეტოვებინათ დღეს არსებული სისტემა, რომელიც, ყველამ კარგად ვიცით, ხელისუფლებას აწყობს, და ეს ცვლილებები შევიდეს 2024 წლისთვის. მაგრამ მარტივი დასკვნაა: ეს ყველაფერი მათ არ უშველით“, განაცხადა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შენარჩუნდეს მაჟორიტარული სისტემა, სრულიად მიუღებელია სამოქალაქო სექტორისთვის. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს რვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში გამართული ოთხთვიანი მუშაობისა და ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ,“ქართულმა ოცნებამ“, დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ , ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, გვითხრა, ასეთ ვითარებაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უმრავლესობასთან არასამთავრობო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობის საჭიროება:

“მთავარი პრობლემა არის ის, რომ უკვე ჩვენ - მათ შორის არასამთავრობო სექტორს - გვიჩნდება კითხვები, რამდენად შესაძლებელია ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც საარჩევნო სისტემას ჰქონდა, ჩვენ მაინც ყველამ შევაფასეთ პოზიტიურად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს იყო რაღაცა ძალიან ხელშესახები შედეგი. თუმცა აქაც დადგა ეს შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ჩნდება კითხვები, რამდენად აქვს აზრი ასეთ კონსტრუქციულ ფორმატებში მონაწილეობას, თუ, საბოლოო ჯამში, ცვლილებების მიღწევა ვერ მოხერხდება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, შეასრულოს საკუთარი დაპირებები და მაქსიმალური კონსენსუსის შედეგად, აუჩქარებლად მიიღოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მათი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას.

XS
SM
MD
LG