საარჩევნო სისტემის ცვლილება მაჟორიტარულიდან პროპორციულისკენ, პრეზიდენტის არჩევის წესი, მოსამართლეების წინასწარი სამწლიანი ვადის გაუქმების საკითხი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. კომისიის დასკვნის ნაწილი საზოგადოებისათვის წინასწარ გახდა ცნობილი და ახლა ყველა მოელის დასკვნის სრულ ტექსტს,თუმცა, როგორც 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, ქართული მხარის თხოვნით, კომისია დოკუმენტის სულ ბოლო ვერსიას საქართველოს პარლამენტს ოქტომბერში გამოუგზავნის.
„ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით... რასაც ადასტურებს კიდეც ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა 19 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისივე სიტყვებით, დაპირებაც უცვლელია და საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. ვენეციის კომისიის დასკვნის გარკვეული ნაწილები მედიაში მის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გავრცელდა. ამ რეკომენდაციებს შორის რამდენიმე საკვანძო საკითხია, კერძოდ: საარჩევნო სისტემის ფორმირება და გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნება მხოლოდ ერთი, გამარჯვებული, პარტიისთვის, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გაუქმება, პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესი და სხვა.
19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ე.წ. ბონუსის საკითხს აუცილებლად შეეხება:
„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ დაგვეწესებინა ძალიან მკაფიო ზღვარი ბონუსისთვის. ჩვენ ეს ზღვარი სამი სახით დავაწესეთ: დადგინდება აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბონუსის ხარჯზე ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს. ასევე დაწესდება აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ 76 მანდატამდე არც ბონუსით ევსება მანდატები გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივად, პროპროციულად გადანაწილდება მანდატები ყოველგვარი ბონუსის გარეშე. მესამე - წესდება ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიის მიერ ბონუსის ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ძირითადი მანდატების 35 %-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკაცრი ზღვარია დაწესებული ბონუსისთვის. რეალურად ბონუსი იმოქმედებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ის იქნება რეალურად აუცილებელი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი, სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ 5 %-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ერთად აღებული, ეს ამცირებს პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას...
რაც შეეხება მოსამართლეთა გამოსაცდელ, ე.წ. პრობაციის, ვადას, კობახიძის თქმით, სამწლიანი ვადა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე, 2025 წლამდე, იმოქმედებს. შემდეგ კი, ამოქმედდება მოსამართლეების უვადოდ გამწესების წესი. რაც შეეხება ვენეციის კომისიის კიდევ ერთ რეკომენდაციას,რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პარლამენტის გამორიცხვას ეხებოდა, კობახიძის თქმით, არც ერთი სუბიექტი ამას არ მიესალმება და ამ პროცესში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს.
ჯერ კიდევ 16 ივნისს - მას მერე, რაც ვენეციის კომისიამ 111-ე პლენარულ სესიაზე მიიღო რეკომენდაციები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით - გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ეწერა, რომ კომისია მიესალმება პარლამენტის აბსოლუტურად ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევას, რადგან დღეს არსებული შერეული სისტემა მმართველ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში სრული უმრავლესობით მოსვლის გარანტიას აძლევს.
„ეს დადებითი წინგადადგმული ნაბიჯი ამ ეტაპზე ნაწილობრივ შეზღუდულია სამი მექანიზმით: 5 %-იანი ბარიერის წესი საპარლამენტო არჩევნებზე, 5 %-იანი ბარიერის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ 5 %-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ერთად აღებული, ეს ამცირებს პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 19 ივნისს ამ საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 2024 და არა 2020 წლიდან. მისი განმარტებით, ამ საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები გაგრძელდება. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა ბოლომდე ერთიანი არ არის და მსჯელობა გრძელდება.
რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში იურისტი გიორგი ჩიტიძე განმარტავს, თუ რას მოიცავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და რატომ მოითხოვს ვენეციის კომისია სწორედ ამ ცვლილების დროულად განხორციელებას:
„ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ თუ ვირჩევთ პროპორცულ სისტემას, მაშინ მანდატების განაწილების სისტემა უნდა შეიცვალოს, დაწესდეს ზედა ზღვარი და 150-დან 135 მანდატი განაწილდეს პროპორციულად, დანარჩენი 15 კი წაიღოს ბონუსად გამარჯვებულმა პარტიამ ან პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა პარტიებმა. სხვა შემთხვევაში, მიუთითებს ვენეციის კომისია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აზრი არა აქვს, თუ შედეგად ისევ მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას. არადა, პროპორციული სისტემის მთელი ხიბლი ის არის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობა“.
რაც შეეხება თავად კონსტიტუციის პროექტის განხილვას, როგორც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაიწყება, ხოლო მეორე მოსმენით, ანუ მუხლობრვი განხილვა, ორშაბათიდან აიღებს სტარტს.
თუმცა უმცირესობაში კვლავაც მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ სჭირდება დაჩქარებული წესით განხილვა და, მით უმეტეს, მიღება. ამ აზრზე დგას ზურაბ ჭიაბერაშვილი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი.
19 ივნისს ასევე ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს პარლამენტის თხოვნით, ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო პროექტის ორი მოსმენით მიღების შემდეგ, ოქტომბრის თვეში. სწორედ ამ დროისათვის იგეგმება ცვლილებების მესამე მოსმენაც, რაც დაასრულებს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს.