Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა საყდრისს მუზეუმი?


საყდრისი
საყდრისი

აპირებს თუ არა შპს RMG-Gold საყდრისის მუზეუმის აშენებას - ამ საკითხით დაინტერესებულმა საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი როგორც კომპანიას, ასევე კულტურის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ კითხვით, რა გაკეთდა დაპირებული მუზეუმის მშენებლობის თვალსაზრისით.

13 დეკემბრის შემდეგ, ანუ რაც საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი ააფეთქეს, ამბობს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე, არაფერია ცნობილი იმის თაობაზე, თუ რას აპირებს შპს RMG-Gold. ამ დრომდე არ მოიპოვება არც ერთი საჯარო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, აპირებს თუ არა ის, საერთოდ, მუზეუმის აშენებას ან რომელიმე შენობის გარემონტებას სამუზეუმოდ და არსებობს თუ არა რაიმე კონცეფცია, მაშინ როცა, ნინო ბურჭულაძის თქმით, 2015 წელს გერმანიის ბოხუმის უნივერსიტეტს განზრახული აქვს გახსნას საყდრისის მუზეუმი.

„მას შემდეგ, რაც საყდრისი დაინგრა, არანაირი ძვრა, არანაირი დოკუმენტი და არანაირი მოსაზრება, როგორი უნდა იყოს საყდრისის მუზეუმი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გერმანული მხარე ბოხუმში თავად ხსნის საყდრისის მუზეუმს. ეს არის დიდი მაკეტი, ორიგინალის ზომის, სადაც განთავსდება კინოთეატრი, მულაჟები და იქ ნამდვილად ღირსეულად იქნება საყდრისი წარმოდგენილი, როგორც უძველესი ოქროს მაღარო მსოფლიოში“.

ანა მიქაუტაძე, ნინო ბურჭულაძე
ანა მიქაუტაძე, ნინო ბურჭულაძე

მიუხედავად იმისა, რომ საყდრისის ტერიტორიაზე ახლა უკვე აღარაფერია, ამბობს, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ანა მიქაუტაძე, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს მუზეუმი:

„ახლა, როცა ფაქტი სახეზეა და ჩვენ აღარ გვაქვს იქ მაღარო, ცხადია, ჩვენს მომავალ თაობას ის მაინც უნდა დავუტოვოთ, თუ რა დავანგრიეთ, რომ ამის ზუსტი წარმოდგენა შეექმნათ“.

ის, რომ 2014 წლის მეორე ნახევრიდან ინტენსიური მიმოწერა მიმდინარეობდა შპს RMG-Gold-ს, კულტრული მემკვიდროების ეროვნულ სააგენტოს, კულტურის სამინისტროსა და ამ პროცესში ჩართულ ეროვნულ მუზეუმს შორის, ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე. მისი თქმით, არაერთ წერილშია დაფიქსირებული RMG-Gold-ის მზადყოფნა და სურვილი, რომ დააფინანსოს, ააშენოს ან მიიღოს მონაწილეობა საყდრისი-ყაჩაღიანის მუზეუმის მშენებლობაში. მეტიც, შარშან საყდრისის აფეთქების შემდეგ, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტრი სულხან სალაძე მის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე ამბობს, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად იყვნენ არტეფაქტები, ქვის უროები და სხვა განთავსებულიყო ამ მუზეუმში, მაგრამ ამას რა გაგრძელება მოჰყვა, სულხან სალაძემ არ იცის:

„თავისთავად, მხოლოდ სურვილის და მზადყოფნის წერილობით განცხადებაში დაფიქსირება, რომ მუზეუმს დავაფინანსებ, ავაშენებ და ა.შ., ეს არის წინაპირობა სახელშეკრულებო თვალსაზრისით, რომ კომპანიამ თუკი არ ააშენა, უსაყვედურონ, რატომ არ ააშენე. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია თავად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს როლი, მათ რა გააკეთეს, რომ ადგილზე მომხდარიყო მუზეუმის მშენებლობა, ექსპონატების განთავსება. გარდა ამისა, საიას ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ თავად ეროვნული მუზეუმიც გამოთქვამდა მზადყოფნას მუზეუმის მშენებლობის შემთხვევაში შესაბამისი მონაწილეობა მიეღო. ეს შეიძლება ყოფილიყო საკონსულტაციო ნაწილი, დაგეგმვა თუ ა.შ. ანუ იმ მიმოწერის ეტაპზე ყველა მხრიდან არსებობდა მზადყოფნა, რომ მუზეუმი აშენებულიყო“.

ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავდა კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც სამინისტროში გაიმართა და წარმოადგინა იმ მუზეუმის კონცეფცია, როგორიც უნდა იყოს ის. მხოლოდ საყდრისზე არა, საუბარია მთლიანად ბოლნისის მხარეზე...
ნიკოლოზ ანთიძე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეროვნულ მუზეუმს მომზადებული აქვს ტექნიკური დავალება ბოლნისში სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობის თაობაზე, რომლის ნაწილიც იქნება საყდრისის მუზეუმი:

„ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავდა კონცეფცია, რომლის პრეზენტაციაც სამინისტროში გაიმართა და წარმოადგინა იმ მუზეუმის კონცეფცია, როგორიც უნდა იყოს ის. მხოლოდ საყდრისზე არა, საუბარია მთლიანად ბოლნისის მხარეზე. იქ ბევრი არქეოლოგიაა საყდრისის გარდა, გერმანული მემკვიდრეობაა და ბევრი თემაა. მომზადებულია კონცეფცია, ამ კონცეფციის საფუძველზე მომზადებულია ტექნიკური დავალება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ტექნიკური დავალების საფუძველზე გამოცხადდება კონკურსი სამინისტროს მიერ პროექტირებაზე“.

შპს RMG-Gold-ს რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა, მოხერხდა საუბარი მხოლოდ კომპანიის იურისტთან, რომლის თქმითაც, მუზეუმთან დაკავშირებულ თემაზე ლაპარაკი მის კომპეტენციაში არ შედის.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG