Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 7-ადგილიანი წინსვლა კონკურენტუნარიანობის გზაზე


საქართველომ 7 ადგილით წაიწია წინ და 59-ე ადგილი დაიკავა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (world economic forum) მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 138 ქვეყნის მდგომარეობას ასახავს და გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგებს ადგენს. ეკონომიკის დარგის ექსპერტები მიესალმებიან საქართველოს ბოლო წლების თანმიმდევრულ წინსვლას, ფიქრობენ, რომ ეს ანგარიში იქნება სასარგებლო ორიენტირი ინვესტორებისთვის, მაგრამ ხედავენ, ასევე, არაერთ პრობლემას სრულფასოვანი კონკურენტული გარემოს შექმნის ჭრილში.

კონკურენტუნარიანობის რეიტინგები 12 ძირითადი კრიტერიუმისა და მრავალი ქვეკრიტერიუმის მიხედვით დგინდება. ჩამონათვალში ვხვდებით, მაგალითად: სახელმწიფო ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურას, მაკროეკონომიკურ გარემოს, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობას, შრომის ბაზრის ეფექტიანობას, ტექნოლოგიურ მზაობას და ასე შემდეგ. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ვლინდება ინოვაციებსა და ბიზნესის დახვეწილობასთან დაკავშირებული კრიტერიუმების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველომ ბოლო წლების წინსვლის ტენდენცია გააგრძელა და 4,3 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა.

გადმოწერა

7-ადგილიანი წინსვლის პირობებში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში საქართველოს ევრაზიის რეგიონში ყველაზე გაუმჯობესებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად მოიხსენიებს ტაჯიკეთთან ერთად, რომელსაც 5-ადგილიანი წინსვლა აღენიშნება. სხვა საკითხია, რომ ტაჯიკეთი ახალ რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს. ნათქვამია, ასევე, რომ 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ამ ორ ქვეყანაში, 2,5%-ზე მეტით არის მოსალოდნელი; მართალია, ანგარიშის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს საშუალოზე უფრო დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ უფრო მაღალია, ვიდრე ევრაზიის სხვა ქვეყნებში. ანგარიშის ტექსტში საქართველო დადებითად არის ნახსენები ევრაზიის რეგიონში არსებული მდგომარეობის ასახვის ჭრილშიც:

ქართული ინფრასტრუქტურა და სერვისები, გლობალურ ჭრილში, ჯერჯერობით აბსოლუტურად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმისთვის, რომ აქ სერიოზული ძვრა იყოს, მილიარდობით ფულია ჩასადები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მხოლოდ კერძო სექტორის იმედად ვერ გაკეთდება. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საზრუნავია...
დემურ გიორხელიძე

„ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობის ეფექტიანობა, ზოგადად, სტაბილურ სახეს ატარებს, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის: ნედლეულზე ფასების ვარდნა, სავალუტო კურსის მერყეობა, რეცესია რუსეთსა და უკრაინაში და ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება. ამ შოკებმა გავლენა მოახდინა კონკურენტუნარიანობაზე ორი ძირითადი მიმართულებით: ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყნის შემთხვევაში - საქართველოს გარდა - აღინიშნებოდა ექსპორტის მოცულობის ვარდნა, რამაც შეამცირა მათი ბაზრის საერთო მოცულობა; ასევე, შემცირებულმა საგადასახადო შემოსავლებმა გაზარდა საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი“.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგებს ეთანხმება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე და, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, „საქართველოში არ არის ცუდი მდგომარეობა და დღეს თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და საზრუნავი ისევ ძალიან ბევრია:

„საფინანსო ინფრასტრუქტურა უსაშველოდ ღარიბია, ის მხოლოდ საბანკო სისტემაზეა დამოკიდებული, ფული მიუწვდომელია ქვეყანაში იმის გამო, რომ ისედაც მწირ ეკონომიკას ოთხჯერ ნაკლები ფული ემსახურება. ქართული ინფრასტრუქტურა და სერვისები, გლობალურ ჭრილში, ჯერჯერობით აბსოლუტურად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმისთვის, რომ აქ სერიოზული ძვრა იყოს, მილიარდობით ფულია ჩასადები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მხოლოდ კერძო სექტორის იმედად ვერ გაკეთდება. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საზრუნავია“.

იმის გამო, რომ კონკურენციას ეკონომიკის წინსვლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ ანგარიშში საქართველოს დაწინაურებას ინვესტორების მოსაზიდად მეტად მნიშვნელოვან საფუძვლად განიხილავს მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ანგარიშში საკუთრების უფლების ქვეკომპონენტის მიხედვით გამოვლენილი წინსვლა, რადგანაც 2012 წლამდე ქვეყანა, ამ მხრივ, რეიტინგის ბოლო ადგილებს იკავებდა. საქართველო ახალ რეიტინგებში, ამ მხრივ, 4 ადგილით დაწინაურდა და 54-ე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ამ მიმართულებით ნახტომისებური წინსვლა იყო გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, როცა საქართველო ერთბაშად 27 პოზიციით დაწინაურდა და 58-ე ადგილი დაიკავა. წინსვლა არის, მაგრამ მერაბ ჯანიაშვილს კმაყოფილების საფუძველი მაინც არ ეგულება და რადიო თავისუფლებასთან არსებულ პრობლემებზეც ლაპარაკობს:

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი

„რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ხელისუფლება ყოველთვის მსხვილი ბიზნესმენების მხარდამჭერია და მათი ხელშემწყობია და ყველანაირად ცდილობს მასთან დაახლოებული ბიზნესმენების მხარდაჭერას... რომ გადახედოთ ბოლო წლების ისტორიას, ნახავთ, რომ ერთი და იგივე ხალხია მსხვილ ბიზნესში, სულ ერთი და იგივე სახეებია... ახალი ადამიანი, რომელმაც მცირე ბიზნესით დაიწყო და მერე გამდიდრდა და მსხვილი ბიზნესი ააწყო, ასეთი ადამიანი, ფაქტიურად, არ გვყავს... ამ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესზე არ ფიქრობენ და ისინი არც კანონმდებლობით არის განსაზღვრული - ეს, ცხადია, ვერ იქნება კონკურენციის ხელშემწყობი“.

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ნორმალურ გარემოში კონკურენციის სიჯანსაღეს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა განსაზღვრავს, რადგანაც სწორედ ეს სეგმენტები - თავიანთი ელასტიკურობით - აიძულებენ მსხვილ ბიზნესს, რომ, მაგალითად, ფასები შეამციროს ან განვითარებაზე იზრუნოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG