საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს თურქმენეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავის ქართველ კოლეგასა და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრები გამართა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას ორი ქვეყნის მთავრობებს შორის. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობათა გაღრმავებას და როგორ აფასებენ ამ თანამშრომლობას მთავრობის წევრები, პოლიტოლოგები და ეკონომისტები?
საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - ეს ის უმთავრესი თემაა, რომელიც 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრისას განიხილეს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით გახსნა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაც, სადაც მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას:
„ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი ხედვები იძლევა თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული და სხვა მნიშვნელოვანი რესურსის ევროპის ბაზრებზე ტრანსპორტირების შესაძლებლობას და ამ ტრანსპორტირებაში და თანამშრომლობაში ერთვება არაერთი ქვეყანა. მინდა ხაზი გავუსვა იმ პროექტებს, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ. ეს არის ლაპის ლასული და აგრის პროექტები, ასევე თურქმენეთის ჩართვა კიდევ სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თანამშრომლობა მოუტანს წარმატებას საქართველოსაც, თურქმენეთსაც, აზერბაიჯანსაც, ავღანეთსაც და, ბუნებრივია, ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელსაც მოაქვს ეკონომიკური წარმატება, რეგიონისათვის მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება“.
დაგეგმილია შეიქმნას კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების სამხრეთ კავშირის დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქმენეთის მიდგომები საერთაშორისო არენაზე მსგავსია...გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
თავის მხრივ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, მნიშვნელობასა და ამით საქართველოს სარგებელზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. მისი თქმით, სატრანსპორტო და ენერგოდერეფანი, რომელიც ოთხ ქვეყანას - ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს - მოიცავს, დიდი პოტენციალის მატარებელი უნდა იყოს:
„დაგეგმილია შეიქმნას კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების სამხრეთ კავშირის დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქმენეთის მიდგომები საერთაშორისო არენაზე მსგავსია, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ასევე მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებისადმი“.
თურქმენეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად გასული წლის დეკემბერში აშხაბადში შეხვდნენ. ისევე როგორც თბილისში, თურქმენეთის დედაქალაქშიც ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის ძირითადი თემა სწორედ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება იყო. დეკემბრის მსგავსად, პრეზიდენტებმა ამჯერადაც, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით, ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდეს მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.
თურქმენეთს გააჩნია საკმაოდ დიდი ბუნებრივი რესურსების მარაგი, კონკრეტულად ლაპარაკია გაზზე და ნავთობზე, რომელიც შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო იყოს და ასევე საინტერესოა ევროკავშირისთვისაც, თვითონ თურქმენეთისთვისაც, რადგან ეს აძლევს მას ენერგორესურსების დივერსიფიცირების საშუალებას, რომ ის არ იყოს დამოკიდებული კონკრეტულად რუსეთზე ან ჩინეთზე...კორნელი კაკაჩია
თურქმენეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსების მარაგი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, იმის შესაძლებლობას იძლევა, რომსაქართველო იქცეს სატრანზიტო ქვეყნად, რომლის გავლითაც თურქმენეთი ევროპაში მისთვის საინტერესო პროდუქტს - მათ შორის, ენერგომატარებლებს - გაიტანს. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ეს მიმართულება საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის სწორედ ამ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ, დასავლეთში რუსეთის მიმართ ნდობის შემცირების ფონზე, ევროკავშირი სულ უფრო ინტენსიურად ფიქრობს ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიებაზე:
„თურქმენეთს გააჩნია საკმაოდ დიდი ბუნებრივი რესურსების მარაგი, კონკრეტულად ლაპარაკია გაზზე და ნავთობზე, რომელიც შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო იყოს და ასევე საინტერესოა ევროკავშირისთვისაც, თვითონ თურქმენეთისთვისაც, რადგან ეს აძლევს მას ენერგორესურსების დივერსიფიცირების საშუალებას, რომ ის არ იყოს დამოკიდებული კონკრეტულად რუსეთზე ან ჩინეთზე, არამედ მას შეუძლია ჰქონდეს ალტერნატიული გასაღების ბაზარი ევროპის მიმართულებით და ამ კუთხით მათთვის, ალბათ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრანზიტული ქვეყანა“.
საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობათა გაღრმავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ეკონომისტი დემურ გიორხელიძე. მისი სიტყვებით, თურქმენეთი წლების მანძილზე არ ფიგურირებდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ახლა უკვე დროა თურქმენეთთან მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს, რაც საქართველოსთვის, პრაგმატული თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია:
„პირველ რიგში, პროდუქციის გაცვლა, ერთ-ერთი კარგი კომპონენტია ტურიზმი. საერთოდ, ჩვენ ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რადგან ეს შეძლებული ქვეყანაა და ამიტომ პრაგმატიკაც ძალიან მარტივ რამეს გთავაზობთ: ეს მდიდარი ქვეყანაა, მართვის თავისი სისტემა აქვს. დაე, იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ მიაჩნიათ. არ არის დახურული ქვეყანა, ის მზად არის ურთიერთობებისთვის“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა 2 ივლისის შეხვედრაზე დაადასტურეს თავიანთი ინტერესი და მხარდაჭერა ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანზიტის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების თაობაზე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მიერ ინიცირებული შეთანხმების მომზადების მიმართ. როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცევა მსხვილი რეგიონალური და რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ერთობლივი განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შვიდ ხელშეკრულებას, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში.