ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე, თურქმენეთი ახლებურად განიხილავს სამომავლო ურთიერთობებს საქართველოსთან. სწორედ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა წარმოადგენდა განხილვის მთავარ თემას თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ექსპერტები ყურადღებას საგანგებოდ ამახვილებენ სამომავლო თანამშრომლობაზე ენერგეტის სფეროში.
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა აშხაბადში, თურქმენ კოლეგა გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან შეხვდრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, განხილვის ძირითადი თემა იყო ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები:
„საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ერთმანეთთან აკავშირებს შავი და კასპიის ზღვების რეგიონებს. ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება-განვითარებისათვის“.
ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება მეტად საინტერესო რომ არის თურქმენეთისთვის, ეს ჩვენთან საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმაც აღნიშნა. თუმცა დიდია საქართველოს ინტერესიც: არის შესაძლებლობა ერთობლივი საწარმოების დაფუძნებისა, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციაც – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეგულაციების გამოყენებით – იოლად გავა ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოსთვის ეს თურქმენული ინვესტიციების მოზიდვას ნიშნავს. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მეტად მნიშვნელოვანია ასევე ტვირთბრუნვის გაზრდის საკითხი კასპიის ზღვიდან შავი ზღვის მიმართულებით. გიორგი აბაშიშვილს ჩვენ აშხაბადში ტელეფონით დავუკავშირდით:
„აქ თურქმენეთის როლი განსაკუთრებით მაღალია, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული თავისი ტვირთები გადაადგილდებოდეს საქართველოს გავლით შავი ზღვის მიმართულებით და, მეორე მხრივ, თავად შეიძლება იყოს შემსრულებელი სატრანზიტო ფუნქციისა – აზიიდან მომავალი ტვირთებისთვის სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია და ამის სურვილი არის ძალიან მაღალი“.
ამ ჭრილში უნდა აღინიშნოს, რომ, საქართველოს დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების თაობაზე. აშხაბადში მყოფი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ხელი მოეწერა ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულებას ტურიზმის სფეროში და თანამშრომლობის შეთანხმებას სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის. ამასთან, საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპის პატივისცემა.
საქართველოს დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო ყურადღება ეთმობა ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს – განსაკუთრებით ბოლო ხანებში, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა თავი გამოიჩინა, როგორც კიდევ უფრო არასანდო პარტნიორმა დასავლეთისთვის. დღის წესრიგში კიდევ უფრო მწვავედ დადგა ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირების საკითხი. საქართველოს დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის ჭრილში სწორედ ამ აქცენტს სვამს ექსპერტი ეკონომოკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე:
„მე პირადად განვიხილავ თურქმენეთს, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს, ერთიანად, როგორც ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებს, და ძალიან მნიშვნელოვანია მათი რესურსების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს აქტიური ურთიერთობა ამ ქვეყნებთან“.
როგორც პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, მართალია, ამ ეტაპზე კასპიის ზღვის სადავო შელფთან დაკავშირებული პრობლემების გამო ახალი მილსადენის მშენებლობა ვერ ხერხდება და ამიტომ თურქმენეთის გაზის ევროპისთვის მასშტაბური მიწოდება უახლოეს მომავალში გადასაწყვეტი საკითხი არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თადარიგის დაჭერას ცდილობს:
„ასეთი ტიპის კონტაქტები და პარტნიორების დარწმუნება ცენტრალურ აზიაში, რომ ენერგომატარებლების ექსპორტი რუსეთისგან ალტერნატიული მიმართულებით – და, მოგეხსენებათ, თურქმენეთი გაზთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა – გარკვეული პერსპექტივის მატარებელია. ასე რომ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომლის შედეგები შეიძლება ჩვენ ვერ ვნახოთ ხვალვე ან ზეგვე, მაგრამ როგორც კი ვითარება შეიცვლება, შეიძლება დღევანდელი კვერცხი გამოიჩეკოს კიდეც“.
გია ხუხაშვილის დაკვირვებით, წინა ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობდა თურქმენეთთან ურთიერთობებს და თვლიდა, რომ „ბევრი არაფერი საქმე არ ჰქონდა ამ ქვეყანასთან“, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველა ტიპის კონტაქტები უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ. ხუხაშვილის აზრით, ეს უფრო მართებული მიდგომაა.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად აშხაბადში იმყოფებოდნენ: მისი მრჩევლები – თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი.