Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ძალადობას საქართველოში


ევროკავშირის, გაეროსა და აშშ-ის ელჩების მსგავსად, წინასაარჩევნო გარემოში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო შეშფოთება გამოხატა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. წერილობითი განცხადება მან ნატოს სახელით გამოაქვეყნა. განსაკუთრებული აქცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის აფეთქებაზე კეთდება. რამდენად ზარალდება საქართველოს ინტერესები და იმიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ვინ შეიძლება იდგეს ძალადობის ფაქტის უკან?

ბოლო პერიოდამდე შეგვეძლო გვეთქვა, რომ საქართველოში იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო ყველა გაგებით და, მათ შორის, მედიაგარემოს მხრივაც, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა, რა თქმა უნდა, შეცვალა სურათი. გაეროს განვითარების პროგრამა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ყველანაირი სახის ძალადობას, -ამ შინაარსის განცხადება 6 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, გააკეთა საქართველოში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა. ელჩი კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს, მაგრამ აქ, დიდი ალბათობით, იგულისხმება დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმისა და დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტები.

გადმოწერა

ძალადობის ფაქტებზე ასევე მრავლობით რიცხვშია ლაპარაკი წერილობით განცხადებაში, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა 5 ოქტომბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. თუმცა ჯეიმს აპატურაი მაინც ცალკე გამოყოფს გივი თარგამაძესთან დაკავშირებულ საქმეს:

”ნატო შეშფოთებულია საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო - სულ ბოლოს ეს იყო კანდიდატის ავტომობილის აფეთქება. საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის საჭიროა მშვიდობიანი გარემო, რომელიც შეესაბამება უმაღლეს დემოკრატიულ პრინციპებს”.

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ამ განცხადების გარდა, 5 ოქტომბერს განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში. ელჩ იანოშ ჰერმანის კომენტარი გვამცნობს, რომ ევროკავშირი გმობს „ნებისმიერი სახის ძალადობას“ და სიმშვიდისკენ მოუწოდებს ყველა პარტიასა და საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილეს. ტექსტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ აღიარებული პრინციპების პატივისცემა.

„გვსურს ვიხილოთ საარჩევნო კამპანია, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება და ქართველი ხალხის სურვილს პატივს სცემს. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების პირველ რაუნდამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში სიმშვიდე შენარჩუნდება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით მივადევნებთ თვალს და დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. საერთაშორისო დამკვირვებლების მისიაში ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ“, - აღნიშნა 5 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

თბილისში მომხდარი აფეთქება
თბილისში მომხდარი აფეთქება

თბილისში 4 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების კვალდაკვალ ძალადობრივი ქმედებები დაგმო აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც. საელჩო გმობს ძალადობას, რადგან ის ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს:

„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს გამოხატოს თავისი ნება“.

„ის, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, აწყობდა ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში არასტაბილური ვითარების შექმნით ანდა იმით, რომ ასეთმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლისთვისაც მიუღებელია პროცესის პოლიტიზება და სავარაუდო დამნაშავეების პოლიტიკური ოპონენტების რიგებში ძებნა - მით უმეტეს, რომ გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. ვახტანგ ძაბირაძისთვის ნათელია მხოლოდ ერთი რამ, რომ არეულობა არც ერთ პარტიას არ აძლევს ხელს და ეს არ შედის მმართველი პარტიის თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ინტერესებში. თუმცა „რევოლუციური სცენარის“ თემასთან დაკავშირებული დისკუსია იმდენად პოლიტიზებულია, რომ ეს მოცემულობა, შესაძლოა, რომელიმე გარეშე ძალამ გამოიყენოს და თავისი საქმე გააკეთოს იმ იმედით, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ძალებს დაბრალდებათ. ვახტანგ ძაბირაძე მომხდარის უკან უპირატესად მეზობელი არაკეთილმოსურნე ქვეყნის ხელს ხედავს:

„შეიძლება ითქვას, რომ ამ არასტაბილური ვითარებით ძალიან ბევრი ძალაა დაინტერესებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ზოგადად რომ ვთქვათ, როგორც ვერსია, ეს შესაძლოა იყოს არა პოლიტიკური აქტი, არამედ ურთიერთობების გარკვევა სხვადასხვა პიროვნებებს შორის, ანდა, ზოგადად, დესტაბილიზაცია ქვეყანაში ვის აწყობს საგარეო ფაქტორებში, არც ეს არ არის დასამალი - ეს არის რუსეთი და მისი მეხუთე კოლონა... არა ის, ვინც პრორუსულად არის განწყობილი და ზოგადად ლაპარაკობს, არამედ მეხუთე კოლონა, რომელიც არ ჩანს და რომელიც საქართველოში, დამერწმუნეთ, ნამდვილად არსებობს. მე უფრო ამ ძალებზე ვფიქრობ“.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუკი ძალადობის ფაქტების უკან ამ ეტაპზე არ დგას რუსეთი, მაშინ ის შეეცდება, რომ დაძაბული სიტუაცია სამომავლოდ სათავისოდ გამოიყენოს. ამასთან, ანალიტიკოსი თვლის, რომ საერთაშორისო ძალადობის ფაქტები მკვეთრად არ იმოქმედებს ამომრჩეველთა განწყობაზე და ამ ეტაპზე ვერც ერთი პარტიის რეიტინგს ვერ დააზარალებს, თუმცა რადგანაც გამოძიების პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, დრო ამ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს და რაც უფრო გაჭიანურდებაგამოძიება, მით უფრო დაზარალდება სახელისუფლებო გუნდის რეიტინგი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG