Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება ორბელიანზე - ორმაგი დარტყმა


მანქანის აფეთქების ადგილას მუშაობენ კრიმინალისტები
მანქანის აფეთქების ადგილას მუშაობენ კრიმინალისტები

4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიას შორის ურთიერთბრალდების საგნად იქცა. მომხდარ ფაქტს ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ ქვეყნის პირველი პირები და ისინი დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებაზე საუბრობენ. საქართველოში აკრედიტებული საელჩოები საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ, პოლიტოლოგები კი ქვეყნის შერყეულ საერთაშორისო იმიჯზე მიუთითებენ.

აფეთქება ორბელიანზე - ორმაგი დარტყმა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00
გადმოწერა

„ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 4 ოქტომბრის ღამეს ორბელიანის მოედანზე მომხდარ აფეთქებას, აფეთქებას, რომლის დროსაც დაშავდა ოთხი ადამიანი. მანქანა, რომელშიც დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე იჯდა, ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა. თავდასხმის ადრესატი აფეთქებისას არ დაშავებულა:

„ეს იყო ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა მანქანა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ ადგილას უნდა აეფეთქებინა მანქანა ასე ნაძირლურად, რადგან ყველაზე მეტად რაზეც ვწუხვარ, სხვა ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან დაზარალებულები და, როგორც ჩანს, არცთუ ისე მსუბუქად“.

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ბოლოს ეს ელემენტები ისევ მათ მიაკითხავენ და მათთან განახორციელებენ ანგარიშსწორებას, შიგნითვე, პოლიტიკური ძალების შიგნითვე...
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მალევე გამოეხმაურა მომხდარ ფაქტს და პირობა დადო, რომ ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება დამნაშავეების გამოსავლენად, თავად ინციდენტს კი არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა:

„ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს. თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ყველა აგებს პასუხს“.

„კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ“ - ამ სიტყვებით აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ხალხმრავალ ადგილას არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიის წევრის ავტომობილის აფეთქების ფაქტს. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესზე და ამ თავდასხმის შემოქმედებს ის პოლიტიკურ ძალებში არსებულ „თავქარიან ელემენტებს“ უწოდებს. პრეზიდენტის თქმით, დასაგმობია ქმედება, როდესაც ადამიანები პოლიტიკურ პროცესებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას უპირისპირებენ:

„მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს. იცოდეთ, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისათვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ბოლოს ეს ელემენტები ისევ მათ მიაკითხავენ და მათთან განახორციელებენ ანგარიშსწორებას, შიგნითვე, პოლიტიკური ძალების შიგნითვე“.

ორბელიანის მოედანზე ავტომობილის აფეთქება მაშინვე იქცა ურთიერთბრალდებების საგნად ოპოზიციურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა მომხდარ ფაქტს და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისი თქმით, უკანასკნელ ხანებში დაგროვებული გამოუძიებელი საქმეები და მათზე ხელისუფლების რეაგირება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს ქაოსი. მათ ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი სიტყვებით, გუშინდელმა აქტმა გაამყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

ქვეყნისთვის ორმაგ დარტყმად აფასებს მომხდარ ფაქტს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, ამგვარი შემთხვევები, ერთი მხრივ, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და, მეორე მხრივ, მოსახლეობაში აჩენს ნიჰილიზმის განწყობას და წარსულში დაბრუნების ერთგვარ შიშს:

„მოსახლეობას ასე თუ ისე ჰქონდა ბოლო პერიოდში იმის აღქმა, რომ სახელმწიფო მეტ-ნაკლებად შედგა და თავი დავაღწიეთ 90-იანი წლების ტყვეობას, სადაც იყო დაპირისპირებები, სროლები, სადაც არჩევნებს ნორმალურად ვერ ვატარებდით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც ვერ ვყოფილვართ ამ რეციდივებისგან დაზღვეულნი. გზავნილი, რომელიც ასეთი ფაქტების გამო საერთაშორისო მეგობრობისკენ მიდის, ეს არის ის, რომ ეს არ არის შემდგარი სახელმწიფო, ეს არ არის სტაბილური სახელმწიფო, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების ჩატარებასაც კი ვერ ახერხებენ ნორმალურად. და ასეთი სახელმწიფო რამდენად არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის ან ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ეს კიდევ საკითხავია“.

4 ოქტომბრის ინციდენტი მოექცა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ყურადღების ცენტრში. აშშ-ის საელჩო საქართველოში გმობს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს ზიანს აყენებს. აშშ-ის საელჩო ორბელიანის მოედანზე მომხდარ აფეთქებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებს მოუწოდებს სიმშვიდისაკენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც. ის იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების პირველ რაუნდამდე ქვეყანა მოახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას.

XS
SM
MD
LG