რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების ახალი ამბების გამოშვებებში ამ დღეებში, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ საზეიმო განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე თავად ახალი ამბები. საჯაროდ პრაქტიკულად არ ახსენებენ რუს სამხედროთა შორის მზარდ დანაკარგს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს აკრძალული აქვთ სიტყვა „ომის“ ან „ინტერვენციის“ გამოყენება ომსა და შეჭრაზე საუბრის დროს. ხოლო 18 მარტს სტადიონზე შეკრებილი ხალხის ყიჟინისა და დროშების ფონზე, ვლადიმირ პუტინის საომარი მოწოდება ყველა ნაციონალური ტელეარხით გადაიცემოდა.
უკრაინასთან ომის დაწყებიდან მე-6 კვირის შემდეგ, დეზინფორმაციის ხმაურში, სახელმწიფოს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგი პუტინისადმი გაზრდილ მხარდაჭერაზე მიუთითებს.
მაგრამ მხარდაჭერის ასეთი ზრდა დადასტურდა გასულ კვირაში რუსეთში ყველაზე ავტორიტეტული დამოუკიდებელი სოციოლოგიური ინსტიტუტის „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში. „ლევადას“ გამოკითხვა ეწინააღმდეგება იმ ადამიანების შეფასებებს, რომლებიც რუსეთში პუტინით დაღლილობის ნიშნებს ეძებენ.
მაგრამ მეცნიერების, სოციოლოგებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთში სოციალურ ტენდენციებს, „ლევადას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა სხვა რამით არის ნიშნეული: ეს არის სურვილის არქონა რუსებში და მათი შიშიც კი, რომ გულწრფელად და პატიოსნად ილაპარაკონ სოციოლოგებთან.
ამბობენ თუ არა რუსები სიმართლეს?
6 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ ლონდონის ეკონომიკის სკოლასთან დაკავშირებულმა მკვლევრებმა შეისწავლეს რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის დროს „მხარდაჭერის ფალსიფიცირების“ ტენდენცია იმის დასადგენად, მალავენ თუ არა რესპონდენტები ნამდვილ გრძნობებს პოლიტიკური გამოკითხვების დროს; კერძოდ, ის კატეგორია, ვინც მხარს უჭერს პუტინს, რუსეთის ხელისუფლებას და ომის წარმოებას.
„რამდენადაც კარგად არის ცნობილი, რომ რეპრესიის შიშს შეუძლია მიგვიყვანოს მხარდაჭერის ფალსიფიცირებამდე, ანუ შედეგამდე, როდესაც ადამიანების ნაწილი საჯაროდ უჭერს მხარს იმ პოზიციას, რომელსაც პირად სივრცეში არ იზიარებს, - იმის ჩვენება, რომ ეს ასეა, იოლი არ არის. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანები ვერ გვეტყვიან, დამალეს თუ არა მათ საკუთარი ნამდვილი მხარდაჭერა, თუ ისინი საერთოდ ვერ ბედავენ ამის გამხელას“, - აღნიშნავენ მკვლევრები ფილიპ ჩაპკოვსკი და მაქს შაუბი.
თავიანთ ექსპერიმენტზე მუშაობის დროს მკვლევრებმა გამოიყენეს რუსეთისთვის შემუშავებულ ონლაინმეთოდი სახელწოდებით „ტოლოკა“, რომლის თანახმად, გამოკითხვისთვის შერჩეულ 3000-მდე მოზარდს შეურჩიეს კითხვარი, რომელ სოციალურ პოლიტიკას ემხრობიან ამ ოთხიდან: ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას, აბორტის შეზღუდვას, უკრაინაში ომს თუ ღარიბი რუსებისთვის ფულად დახმარებას.
4 აპრილს ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც მკვლევრები „სიების ექსპერიმენტს“ უწოდებენ, რესპონდენტების ნახევარს სამი შეკითხვისგან შემდგარი სია დაურიგეს, რომელშიც არ იყო შეტანილი ომზე შეკითხვა; მეორე ნახევარს კი დაურიგეს ოთხი შეკითხვისგან შემდგარი სია, რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ შეკითხვაც შედიოდა.
გარდა ამისა, მკვლევრებმა რესპონდენტებს ომზე ცალკე, პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა, რომელიც ასე იყო ფორმულირებული: „უჭერთ თუ არა მხარს ომს?“ პასუხი უნდა ყოფილიყო მხოლოდ „კი“ ან „არა“.
გამოკითხვის შედეგმა აჩვენა, რომ ომზე პირდაპირ დასმულ შეკითხვას რუსების 68 პროცენტმა დადებითად უპასუხა. მაგრამ რამდენიმე შეკითხვისგან შემდგარი სიის ექსპერიმენტმა, რომელშიც სხვა სოციალური პრობლემებიც შედიოდა, ეს მაჩვენებელი 53%-მდე შეამცირა.
„ამბობენ თუ არა რუსები სიმართლეს, როდესაც მათ ომზე ეკითხებიან? ჩვენი ექსპერიმენტის საფუძველზე შეგვიძლია დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, ის რუსები, რომლებზეც ჩვენ შევაჩერეთ არჩევანი, აშკარად მალავენ ომის მიმართ თავიანთ ნამდვილ დამოკიდებულებას“, - ამბობენ ფილიპ ჩაპკოვსკი და მაქს შაუბი.
დამახინჯებული აღქმა
რუსების უმრავლესობას, როგორც ჩანს, არ აქვს სრული წარმოდგენა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელსაც რუსეთის ჯარისთვის საკმაოდ არასახარბიელო შედეგები აქვს.
რუსეთის სამხედრო ნაწილებმა დატოვეს კიევის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ომის პირველ დღეებში კრემლის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, და ასევე რუსებმა ვერ აიღეს ვერცერთი დიდი უკრაინული ქალაქი, მათ შორის - მარიუპოლი, რომელმაც მძიმე ზარალი განიცადა უმოწყალო ალყისგან.
დამახინჯებული აღქმა თავს იჩენს ასევე ომში რუსეთის არმიის მიერ პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მხრივ განცდილ დანაკარგთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციოზის მიერ არც ქვეყნდება და არც ფართოდ განიხილება. უკრაინის სამხედრო სარდლობა ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიამ 44-დღიან ომში დაკარგა დაახლოებით 19 ათასი ჯარისკაცი, აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო უწყებების ანგარიშების თანახმად, ეს რიცხვი 10 ათასს აღემატება.
რუსეთმა უკანასკნელად სამხედრო დანაკარგის შესახებ ბოლო 25 მარტს გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმად, პირადი შემადგენლობის დანაკარგი 1351-ს შეადგენს.
„ლევადას“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ლონდონის სამეფო კოლეჯის რუსეთის პროგრამების ცენტრის დირექტორმა, სემ გრინმა, თავის ტვიტერში გააკრიტიკა ჩატარებული გამოკითხვა და აღნიშნა, რომ რადგან „რუსები თავიანთ ნამდვილ განწყობებს მალავენ“, „ლევადა-ცენტრი“ ვალდებული იყო გამოექვეყნებინა „რესპონდენტების შეფასება“. ანუ, თუ რამდენი რესპონდენტი იყო შერჩეული და რამდენმა თქვა გამოკითხვაზე უარი.
„ლევადა-ცენტრმა“ და მისმა დირექტორმა, დენის ვოლკოვმა, მაშინვე არ უპასუხეს რადიო თავისუფლების ელექტრონულ შეტყობინებას, რომელიც შექმნილი ვითარების კომენტირების თხოვნას შეიცავდა.
ხოლო 5 აპრილს ნიუ-იორკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებული ონლაინდისკუსიის დროს, ვოლკოვმა აღნიშნა, რომ ომამდე ბევრად ადრე უკვე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთად იცვლებოდა კრემლის სასარგებლოდ.
„ვფიქრობ, რომ ამ ციფრებმა არ უნდა გამოიწვიოს გაოცება, რადგან ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე, თებერვლის ბოლოს, ჩვენ უკვე გვქონდა მასთან (პუტინთან) დაკავშირებული ძირითადი მონაცემები“, - განაცხადა მან.
ვოლკოვმა პარალელი გაავლო 2014 წელთან, როდესაც პუტინისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, თუმცა, მკვლევარი დასძენს, რომ პუტინისადმი მხარდაჭერა არ არის უნივერსალური.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს მონოლითური მხარდაჭერა როგორც ამ ომის, ისე პუტინისადმი. დაახლოებით ნახევარი მას მხარს უჭერს, რუსების ნახევარი მხარს უჭერს მეტ-ნაკლებად უსიტყვოდ, ხოლო ერთ მესამედი ეჭვით ეკიდება. როგორც ზოგიერთი რესპონდენტი ასეთ დროს ამბობს ხოლმე, „მე არ მომწონს, რაც ხდება, მაგრამ ასეთ ვითარებაში საჭიროა პატრიოტად ყოფნა“.
ლონდონელი მკვლევრები ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლის შანსი უმეტესად არა გარედან ზეწოლაზე, არამედ შიდა საზოგადოებრივი აზრზეა დამოკიდებული. ხოლო ყველა რუსი, რომელიც ომის წინააღმდეგ ილაშქრებს, არ არის პუტინის წინააღმდეგი.
„ომის წინააღმდეგ ყოფნა და პუტინის წინააღმდეგ ყოფნა არ არის ერთი და იგივე და პუტინისადმი მაღალი დონის მხარდაჭერა შესაძლოა სრულიად რეალური იყოს“, - აღნიშნავენ ფილიპ ჩაპკოვსკი და მაქს შაუბი. „გარდა ამისა, უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ინტერვენციას რუსების დიდი რაოდენობა მხარს მაშინაც კი უჭერს, როდესაც მათ თავიანთი ნამდვილი განწყობების გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევათ“.