უკრაინის პროკურატურის განცხადებით, 410 ცხედარი იპოვეს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რომლებიც რუსულმა ჯარებმა დატოვეს.
კიევის რეგიონიდან, განსაკუთრებით კი ქალაქ ბუჩიდან გავრცელებულ ფოტოებს, რომლებიც რიგითი მოქალაქეების ცხედრებს აჩვენებენ, მოჰყვა გლობალური აღშფოთება და დაგმობა მსოფლიო ლიდერების მხრიდან.
უკრაინული მხარე, ასევე, უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ რუსებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები უკრაინაში. რუსეთმა მტკიცედ უარყოს ამ ბრალდებებს.
მსოფლიოს რეაქცია
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მკვლელობები არის „სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“.
„ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებს იღებენ მიზანში და კლავენ“, - განუცხადა მან CNN-ს.
შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ტვიტერზე დაწერა, რომ შოკირებულია ბუჩის სურათების გამო და რუსეთს ევროკავშირის უფრო მეტი სანქციები დაჰპირდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა ბუჩის ფოტოებს უწოდა „გულში დარტყმა“.
„ეს არის რეალობა იმისა, რაც ხდება ყოველდღე, სანამ რუსეთის სისასტიკე უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება“, - განუცხადა მან CNN-ს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაგმო რუსეთის „საზიზღარი თავდასხმები“ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბუჩასა და ირპენში, მათ უწოდა „ომის დანაშაულები“ და თქვა, რომ „ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ სამართლიანობა არ აღსრულდება“.
„ვერანაირი უარყოფა ან დეზინფორმაცია ვერ დამალავს იმას, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა - პუტინი სასოწარკვეთილია, მისი თავდასხმა წარუმატებელია და უკრაინა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“.
გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტიერესმა თქვა, რომ ის „ღრმად შოკირებულია“ ბუჩაში მასობრივი საფლავების სურათებით და დამოუკიდებელი გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.
„ძალიან შოკირებული ვარ უკრაინაში, ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის სურათებით. აუცილებელია, რომ დამოუკიდებელმა გამოძიებამ გამოიწვიოს ეფექტური ანგარიშვალდებულება“, - თქვა გუტერესმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან ხშირად საუბრობდა პრეზიდენტ პუტინთან, სურათებს „აუტანელს“ უწოდებს.
მისი თქმით, „რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა: „შეძრწუნებული ვარ ენით აუწერელი საშინელებების შესახებ ცნობებით იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის.
„სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს.“
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მოითხოვს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა უკრაინის ტერიტორიებზე, რათა დამოუკიდებლად დააფიქსირონ სისასტიკე.
„საშინელი და შემზარავი კადრები ჩვენამდე მოდის უკრაინიდან. დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ“, - წერს შოლცი და ამატებს: „ჩვენ დაუნდობლად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეტ“.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 4 აპრილი უკრაინაში დაღუპულების გლოვის დღედ გამოაცხადა.
„შეუძლებელია შეხედო სისასტიკეებს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში. შოკირებული ვარ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული სისასტიკით. მოლდოვა მკაცრად გმობს ამ დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - წერს სანდუ ტვიტერზე.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასევე ეხმაურება უკრაინის ქალაქ ბუჩის ხოცვა-ჟლეტას და მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.
„ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩის ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.