Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუმა“ ნახტომისთვის ემზადება


პუმის გამოსახულება არგენტინის ნაკრების ავტობუსსაც ამშვენებს
პუმის გამოსახულება არგენტინის ნაკრების ავტობუსსაც ამშვენებს

პარასკევს, 25 სექტემბერს, მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე საქართველოს ეროვნული გუნდი თავის მეორე მატჩს ჩაატარებს - არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ხუთშაბათს, ნაშუადღევს, არგენტინელმა „პუმებმა“ გლოსტერის „კინგსჰოლმის“ სტადიონზე ივარჯიშეს, ხოლო შემდეგ იქვე პრესკონფერენცია გამართეს. არგენტინელთა უფროს მწვრთნელთან, დანიელ ურკადესთან ერთად ჟურნალისტებთან სასაუბროდ მოვიდნენ გუნდის კაპიტანი, კვაჭი აგუსტინ კრევი და შუამარბი მარსელო ბოში.

პირველი კითხვა, რომელიც დანიელ ურკადეს მისამართით დაისვა, ფსიქოლოგიურ ფაქტორს შეეხებოდა. არგენტინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა საქართველოს ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის ნათქვამი, ჩემი გუნდი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალია, ეს წნეხი არგენტინელებს აწევთ, რადგან მათგან ყველა მოგებას ელისო. ურკადეს პასუხი ლაკონიური და მკაფიო იყო: „წნეხის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი არ არსებობს და თუ დიდ წარმატებაზე ფიქრობ, ნებისმიერ წნეხს უნდა გაუძლო. ჩვენ კი დიახაც ვფიქრობთ დიდ წარმატებაზე.“

ბედმა ინება, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე კენჭისყრა ზედიზედ მესამედ ახვედრებს ერთ ჯგუფში არგენტინისა და საქართველოს მორაგბეებს. 2007 წელს, საფრანგეთში, არგენტინელთა უპირატესობა სრულიად აშკარა იყო, ოთხი წლის შემდეგ, ახალ ზელანდიაში, „პუმებს“ შედარებით უფრო გაუჭირდათ (პირველი ტაიმის შემდეგ აგებდნენ კიდეც), თუმცა საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვეს - 25:7.

დანიელ ურკადე
დანიელ ურკადე

დანიელ ურკადეს სწორედ ეს უკანასკნელი შეხვედრა გავახსენე და ვთხოვე, დღევანდელი გუნდისთვის შეედარებინა არგენტინის ოთხი წლის წინანდელი ნაკრები. მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო:

„ამ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უმთავრესი ის არის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვმონაწილეობთ „რაგბის ჩემპიონატში“ და საშუალება გვეძლევა სისტემატურად ვეპაექროთ სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს გუნდებთან: ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან (2012 წლამდე ეს ასპარეზობა ცნობილი იყო, როგორც „სამი ერის თასი“ და მასში სწორედ ჩამოთვლილი სამი ნაკრები მონაწილეობდა - რედ.). მერწმუნეთ, ჩვენი დღევანდელი გუნდი ოთხი წლის წინანდელზე გაცილებით ძლიერია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმაც დიდი ნაბიჯი გადადგა - ტონგასთან საუცხოოდ ჩატარებულმა მატჩმა ეს ნათლად დაგვანახვა. ასე რომ, უდავოდ საინტერესო მატჩი გველის.“

აგუსტინ კრევი (მარცხნივ) და მარსელო ბოში
აგუსტინ კრევი (მარცხნივ) და მარსელო ბოში

საქართველოს წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაზე მარსელო ბოშმაც ისაუბრა და თქვა, რომ პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ არგენტინას უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და მეოთხედფინალში გასასვლელად აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. „ვერავინ გვეტყვის, საქართველოს ნაკრების ძალა სათანადოდ ვერ შეაფასეთო. მშვენივრად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს უაღრესად ძლიერი გუნდი ჰყავს.“

„ბორჯღალოსნების“ ძლიერ მხარეებზე (განსაკუთრებით კი მათი შერკინების ძალაზე) ილაპარაკა „პუმების“ კაპიტანმა აგუსტინ კრევიმ. თუმცა ისიც თქვა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ეცდებიან, მეტოქეს „ფიზიკურ“ თამაშში არ აჰყვნენ და მას სწრაფი, კომბინაციური თამაში დაუპირისპირონ.

საქართველოს მორაგბეები არგენტინასთან მატჩში ასეთი შემადგენლობით გამოვლენ მინდორზე: ნარიაშვილი, ბრეგვაძე, ზირაქაშვილი, ნემსაძე, მიქაუტაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, გორგოძე, ლობჟანიძე, მალაღურაძე, აფციაური, შარიქაძე, კაჭარავა, მჭედლიძე, კვირიკაშვილი.

ეს ზუსტად ის სასტარტო შემადგენლობაა, რომელმაც ტონგასთან მატჩიც დაიწყო. საქართველოს ნაკრების დამრიგებლის, მილტონ ჰეიგისგან განსხვავებით, არგენტინელთა მწვრთნელმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრასთან შედარებით სამი მოთამაშე შეცვალა, სამივე - შერკინებიდან: პეტისა და მატერას ნაცვლად მოედანზე გამოვლენ ალემანო და ვეტერანი ლეგისამონი, ხოლო მესამეხაზელი სენატორეს ნაცვლად - ფაკუნდო ისა. „პუმების“ სრული შემადგენლობა ასეთია: აიერსა, კრევი, ტეტას-ჩაპარო, ალემანო, ლავანინი, ლეგისამონი, ფერნანდეს-ლობე, ისა, კუბელი, სანჩესი, იმოფი, ერნანდესი, ბოში, კორდერო, ტუკულეტი.

XS
SM
MD
LG