რომენ გარი ფრანგული ლიტერატურის ისტორიაში თუნდაც მხოლოდ იმიტომ დარჩება სამუდამოდ, რომ იგი ერთადერთი მწერალია, რომელმაც ორჯერ აიღო გონკურების პრემია: ერთხელ - საკუთარი სახელით და მეორედ - ემილ აჟარის ფსევდონიმით.
შეიძლება ითქვას, რომ მან გააცურა ჟიური, ისე დაწერა ფსევდონიმის ქვეშ ტექსტი, რომ ხელწერით ვერ ამოიცნეს. ამ ავტორის თარგმნა ქართულად, ფაქტობრივად, ახლახან დაიწყო. გამომცემლობა "აგორამ" ბოლო ორ წელიწადში მისი სამი რომანი დაბეჭდა და უახლოეს მომავალში კიდევ ორი რომანის გამოცემას გვპირდება. ამჯერად მის "ქალის ნათელზე" ვისაუბრებთ, რომელიც ფრანგულიდან ირინა ლაბაძემ თარგმნა. სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავალთ, ორიოდე სიტყვა თავად ავტორზეც ვთქვათ.
მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა დედამ - იგი ბავშვობიდანვე უნერგავდა შვილს, რომ ის უნდა გამოსულიყო დიდი მწერალი, საფრანგეთის ელჩი და, ბოლოს, როცა ომი დაიწყო, ისიც კი დაავალა, რომ ჰიტლერი მოეკლა... ომში წასულ რომენ გარის დედის გამამხნევებელი წერილები არ მოჰკლებია. როცა ომი დამთავრდა და იგი ჩინ-მედლებით მკერდდამშვენებული დაბრუნდა დედასთან, აღმოაჩინა, რომ დედა ორი წლის გარდაცვლილი იყო, წერილები კი წინასწარ დაეწერა და მეგობრისთვის ეთხოვა მათი რეგულარულად გაგზავნა...
წიგნი „ქალის ნათელი“ 1977 წელს გამოვიდა, 3 წლით ადრე, ვიდრე რომენ გარი თავს მოიკლავდა და მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ჯინ სებერგი. 2 წლის გამოსული იყო წიგნი, როდესაც კოსტა-გავრასმა გადაიღო მხატვრული ფილმი რომი შნაიდერისა და ივ მონტანის მონაწილეობით და ძალიან დიდი გამოხმაურება ხვდა წილად ფილმსაც...თამარ ხოსრუაშვილი
მეორე ქალი, ვინც ღრმა კვალი დატოვა რომენ გარიზე, მისი მეუღლე, სახელგანთქმული კინომსახიობი, ჯინ სებერგი იყო. იგი აუცილებლად გემახსოვრებათ გოდარის "უკანასკნელი ამოსუნთქვიდან", სადაც მისი პარტნიორი ჟან-პოლ ბელმონდოა. ჩვიდმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი ერთმანეთს შორდებიან, ცოტა ხნის შემდეგ კი სებერგი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ამ ამბიდან ერთი წლის თავზე, 1980 წელს, რომენ გარიც თავს იკლავს და სიკვდილის წინ ტოვებს წერილს, სადაც ამბობს: „ჩემს სიკვდილს არაფერი აქვს საერთო ჯინ სებერგთან. გატეხილი გულების მოყვარულთ ვთხოვ, ნუ იდარდებენ... რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩემს დეპრესიას დავაბრალოთ, მაგრამ მაშინ უნდა გაგიმხილოთ, რომ ამ დეპრესიაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიმყოფები და სწორედ მისი წყალობით ვარ მწერალი“.
წიგნზე საუბარი ვთხოვეთ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს თამარ ხოსრუაშვილს.
თამარ ხოსრუაშვილი: "რომენ გარი საკმაოდ ნაყოფიერი მწერალია. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მაგალითად: „უფრო მეტს ვწერ, ვიდრე ვაქვეყნებ. ყოველთვის მაქვს სახლში 2-3 ხელნაწერი. ამჟამად დიდი საცობებია გამომცემლობებში და წელიწადში ერთხელ ვერ დაგიბეჭდავენ რომანებს. ამიტომ ვანაცვლებ. ერთს რომ საფრანგეთში ვბეჭდავ, მეორეს ამერიკაში ვგზავნი და იქ იბეჭდება და ასე შემდეგ... ეს საშუალებას მაძლევს, შემოქმედებითი ცხოვრება უწყვეტად გავაგრძელო“.
წიგნი „ქალის ნათელი“ 1977 წელს გამოვიდა, 3 წლით ადრე, ვიდრე რომენ გარი თავს მოიკლავდა და მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ჯინ სებერგი. 2 წლის გამოსული იყო წიგნი, როდესაც კოსტა-გავრასმა გადაიღო მხატვრული ფილმი რომი შნაიდერისა და ივ მონტანის მონაწილეობით და ძალიან დიდი გამოხმაურება ხვდა წილად ფილმსაც.
თვითონ ეს სათაური, "ქალის ნათელი", არის მთვარის ნათელის ანალოგია. ადამიანები, რომელთაც ბედუკუღმართი ყოფიერება აქვთ, მათთვის ქალი ანათებს თავისი მკრთალი სინათლით. წიგნის ფონი ესაა სიბნელე, სიცარიელე, ცინიზმი, უარყოფა, თითქოს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და მთელ ტექსტს გასდევს ქალის ნათელი. ბევრჯერ უკითხავთ გარისთვის, საიდან მოგივიდათ თავში, რომ ასეთ თემაზე დაწერეთ წიგნიო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რომენ გარის 30-მდე რომანი აქვს დაწერილი და ბევრი თემა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. შეიძლება იფიქრო, რომ სხვადასხვა მწერლის დაწერილია ეს წიგნები. ამაზე ის ყოველთვის ასე პასუხობდა: არ ვიცი, საიდან მომდის თემა თავში. ეს თემა მოდის თვითონ და მერე მე ვემორჩილები მას, მივყვები და ვწერ".
თითქოს გარიმ დაარღვია ტაბუ, ერთი მხრივ, და დასცინა უბედურებას, მაგრამ დასცინა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ადამიანური ღირსება შეენარჩუნებინა და ადამიანი დაეყენებინა უბედურებაზე უფრო მაღლა...თამარ ხოსრუაშვილი
შეიძლება ითქვას, რომ ამ რომანში ავტორი ბეწვის ხიდზე გადის. იგი აღწერს ორი სასოწარკვეთილი, მარტოსული ადამიანის - 47 წლის მიშელის და 43 წლის ლიდიას - შემთხვევით კონტაქტს და ამ ახალი ურთიერთობის მეშვეობით ორივე მათგანის მიერ გამოსავლის ძიებას, მაგრამ ამას ახერხებს ისე, რომ ეს სენტიმენტალიზმში, მელოდრამატულობაში არ გადაუვიდეს. ლიდია ერთგან მიშელს ეკითხება: "რომანტიკული ხართ?" რაზეც მიშელი პასუხობს: "ნაგავთან შედარებით, ვარ". დაახლოებით ასეთი რომანტიკულობაა რომანშიც. ისინი არ უმალავენ ერთმანეთს საკუთარ "ნაგავს", პირიქით, ერთგვარი თავდადებით - არცთუ იშვიათად აგრესიითაც კი - ცდილობენ მის გარეთ გამოტანას, და ამ გზით ცდილობენ ამ ნაგვის მიღმა რომანტიკა მოიხელთონ, ერთმანეთს დაეხმარონ და ცხოვრების აზრი დაიბრუნონ.
მოვუსმინოთ კვლავ თამარ ხოსრუაშვილს.
თამარ ხოსრუაშვილი: "წიგნი ძალიან მოკლეა, ყველაფერი ხდება ერთი ღამის განმავლობაში და დილით უკვე ყველაფერი მთავრდება. ამ ხანმოკლე კითხვისას ზოგჯერ გრძნობ, რამდენად ახლოს არიან ეს ადამიანები ერთმანეთთან და როგორ აერთიანებთ ეს უბედურება, და არის მომენტები, რომ გრძნობ, ძალიან უცხონი არიან ერთმანეთისთვის, სხვადასხვა სამყაროს შვილები არიან, თითქოს. გმირი მამაკაცი ცდილობს მოიქცეს ისე, რომ ღირსი იყოს სიცოცხლის, ზოგადად სიცოცხლის და არა თავისი სიცოცხლის მხოლოდ. ღირსი იყოს სიყვარულის, ზოგადად სიყვარულის და არა მხოლოდ თავისი სასიყვარულო მოგონებების, მაგრამ მეორე გმირს, ქალს, არ აინტერესებს უნივერსალური ცნებები, მას უნდა, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს, თავის უბედურებასთან დარჩეს, იმ შეუძლებელთან ერთად დარჩეს, და აი, ძალიან უცნაურია სწორედ ამ წყვილის არსებობა, მათი შეხვედრა ერთმანეთთან. იმ პერიოდში, როდესაც წიგნი გამოვიდა, ძალიან მოდაში იყო საფრანგეთში დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ლაპარაკი წყვილის შიგნით. ამაზე ამბობს გარი, რომ ეს არის მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი. მიაჩნია, რომ ქალის დამოუკიდებლობა ცხადია და მამაკაცისა და ქალის თანასწორობა ფუნდამენტურია, მნიშვნელოვანია, აუცილებელია, მაგრამ ამისთვის წყვილმა გარეშე საზოგადოებასთან შეიძლება იბრძოლოს, მაგრამ არა შიგნით და არა ერთმანეთთან. "მე მწამს ორის და არა ერთის" - ეს გარის სიტყვებია. "ჩემი კოლექტიურობა ჩერდება ორზე, მე ვიცი თვლა არა მილიონამდე და მილიარდამდე, მე ვიცი თვლა ორამდე".
ეს "ორი" რომანის მთავარი თემაა. ორი საწყისი, რომელიც, ავტორის აზრით, ყველა ადამიანშია და რომელიმე მათგანის გაქრობა პიროვნების კატასტროფას იწვევს. რომანს გასდევს სახე აკრობატისა, რომელიც ისე თავგამოდებით იგრიხება, რომ საკუთარი სხეულის ქუდის კოლოფში მოთავსებას ახერხებს. ის, რომ ორივე საწყისი შეინარჩუნონ, მიშელისა და ლიდიასთვის ამ აკრობატის ნომერზე უფრო ძნელად შესასრულებელი ნომერია, მაგრამ ისინი ბოლომდე ცდილობენ, ბოლომდე იგრიხებიან და ასე თუ ისე გამოსდით, რომ საკუთარი "მამაკაცური" "ქალურში" მოათავსონ, "ქალური" კი "მამაკაცურში". აღსანიშნავია, რომ რომენ გარი წყვილის ამ თემას თავის ბექგრაუნდს უქმნის. ასეთი სიმბოლური წყვილია გაწვრთნილი შიმპანზე და პუდელი, რომლებიც პასო დობლეს მუსიკაზე უნაკლოდ და ჰარმონიულად ერთად ცეკვავენ. მიშელისთვის ეს შედევრია, ოღონდ ამაზრზენი შედევრი, ვინაიდან ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არსების ყალბ ერთიანობას წარმოადგენს.
დაბოლოს, კვლავ მოვუსმინოთ თამარ ხოსრუაშვილს.
თამარ ხოსრუაშვილი: "წიგნში სხვა გმირებიც არიან, ცხადია, საკმაოდ საინტერესო პერსონაჟები, მაგალითად, სენიორ გალბა, რომელიც თავის ძაღლთან ერთად ერთგვარ წყვილს შეადგენს. ორივეს ეშინია მარტოობის და ორივე ერთმანეთს შიშით შესცქერის თვალებში, რომ ერთ-ერთი არ მოკვდეს მეორეზე ადრე, რადგან მაშინ მეორე მარტო დარჩება. არის კიდევ რუსი ებრაელი ემიგრანტების სცენა და, როგორც გარი ამბობს, აქ მან გააკეთა პაროდია იმ ადამიანების, რომლებიც ებღაუჭებიან უბედურებას და იყენებენ ამ უბედურებას საბაბად, რომ არ გააგრძელონ ნორმალური ცხოვრება. დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარის იუმორი. ეს იუმორი მის ყველა წიგნში გვხვდება, ყველა ინტერვიუში, წარმოუდგენელია რომენ გარი იუმორის გარეშე და ასეთ ნაღვლიან წიგნშიც კი მაინც არის მომენტები, რომ ლაღად სიცილი გიტყდება. თითქოს გარიმ დაარღვია ტაბუ, ერთი მხრივ, და დასცინა უბედურებას, მაგრამ დასცინა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ადამიანური ღირსება შეენარჩუნებინა და ადამიანი დაეყენებინა უბედურებაზე უფრო მაღლა".