მე იგი ბოლოს გავიცანი. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე. ხანდახან შემომხვდებოდა თბილისის ქუჩებში და რამდენიმე წუთით გავისაუბრებდით. უიტმენივით გრძელი თეთრი წვერი, თავზე - მეზღვაურის ქუდი, და თითქოს სულ ეწეოდა - შეიძლება სიგარეტს, შეიძლება მუნდშტუკს, მაგრამ მე ისე მახსოვს, რომ ჩიბუხს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩიბუხი ჯდება მის ამ ვიზუალურ პორტრეტში ყველაზე ლოგიკურად. არ ვიცი, როგორი იყო იგი სოხუმში, ან ზუგდიდში, ან მოსკოვში, ან ლატვიაში, რამდენიმე წლის წინ თბილისში მოხეტიალე რენე კალანდია კი უდაბნოში მოხვედრილ გემის კაპიტანს ჰგავდა: დადიოდა და, ალბათ, ხედავდა თავის გემს კვლავაც, მაგრამ ეს უკვე მხოლოდ მირაჟი იყო.
წერდა კიდეც სიცოცხლის ბოლოს: „ამ ქალაქში ტვინად თუმცა / ღორის ქონი უდევს მრავალს / თავში... ამ მიწაში ვდრუცავ / მელოტ თავს და ვერსად წავალ...“ და ექსმეზღვაურის ლექსიო, ამ ლექსს ასე განმარტავდა.
რენე კალანდიას ერთტომეული შარშან დაბეჭდა გამომცემლობა „მერიდიანმა“, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ავტორის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვეში. რჩეული მისმა ქალიშვილმა ნინო კალანდიამ შეადგინა. წიგნს დავით ანდრიაძის წერილი ერთვის. ამ წიგნზე და, საერთოდ, რენე კალანდიაზე საუბარი დღეს მწერალ გურამ ოდიშარიას ვთხოვე.
გურამ ოდიშარია: მე რენე რომ გავიცანი, ვიყავი მეცხრე კლასში. დაიბეჭდა ჩემი ლექსები, რენე კი ახალი ჩამოსული იყო ფლოტიდან. განსხვავდებოდა სამხედრო ფლოტი იმით, რომ სამწლიანი იყო, ხოლო ჩვეულებრივი სამსახური ჯარისკაცისა გრძელდებოდა ორი წელი და რენესთვის ეს იყო ყოველთვის საამაყო ფაქტი, რომ ის ზღვაზე იყო სამი წლის განმავლობაში. მე მაშინ ვწერდი, ბავშვი ვიყავი და გავლენა მქონდა გალაკტიონ ტაბიძის, ჩვენი კლასიკოსების, და რენეს უკვე შემოჰქონდა ახალი სიტყვა, ახალი ხედვა და იწყებოდა რაღაც ის დიდი პერიოდი ვერლიბრის, ოღონდ განსხვავება რა იყო, ვთქვათ იგივე ბესიკის, ჯარჯის პოეზიასთან, რომ რენე მაინც გაჟღენთილი იყო ზღვის სივრცითა და გარემოთი და ბევრი რამ მის პოეზიაში ნაკარნახევია სწორედ იმ ეგზოტიკით, რაც ზღვას ჰქონდა. განწყობა სულ სხვა იყო და ჩემთვის ყველაზე ახლოს რენე კალანდიას სწორედ ეს სოხუმის პერიოდია. მერე უკვე, ცოტა ხნის შემდეგ, გამოდის რენეს პირველი წიგნი, „ხსოვნის ყვავილი“ ერქვა. ჩვენ მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ის იყო ერთ-ერთი ძალიან განსწავლული კაცი, რენე ძალიან ბევრს კითხულობდა, ჰქონდა საოცარი ბიბლიოთეკა იმ დროისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენც, ქართველებიც, ძალიან ბევრს ვთარგმნით უკვე. რენე რამდენიმე ენას ფლობდა. რენეს შეეძლო, ვთქვათ, კაფეში, ცოტა ნასვამსაც, მოსულიყო და ფრანგულად წაეკითხა რენე შარის რომელიღაც ლექსი. რენე რენეს უკითხავდა პუბლიკას და ზოგიერთი ფიქრობდა, ეს რენეს ფსევდონიმი ხომ არ არისო. ასე რომ, პოეზია ასე შემოიტანა რენემ.
სოხუმის კულტურა, მისი სლენგი, მისი ჟარგონი - რენეს პოეზიაში ეგ არის. ზღვის ტერმინებით არის ძალიან სავსე. მაგალითად, კიბო-მწირი ხშირად ფიგურირებს და ის თავის თავთან ავლებდა პარალელს. კიბო მარტო ცხოვრობს სადღაც, ზღვის ფსკერზე, და, ვთქვათ, „ყველანი წადით, - წერს ერთ ლექსში, - ფლეიტა-თევზო, დარჩი“. გალაკტიონ ტაბიძე წერდა, ჩავდივართო და ტურისტულად ვწერთ ზღვაზე ლექსებსო. და ზღვაზე რომ დაწერო ლექსი, უნდა იცხოვროო. და გალაკტიონს ჰქონდა ამის დიდი მცდელობა, იმიტომ რომ მან აგარაკი კი არ აიშენა სოხუმში, არამედ სახლი აიშენა - ჩვეულებრივი სოხუმური სახლი, კრამიტის სახურავით, და, როგორც მოსახლე სოხუმელი, დასახლდა.
რჩეულში მისი 11 კრებულიდანაა შესული ლექსები: 1974 წელს გამოსული „ხსოვნის ყვავილიდან“, 2008 წელს დაბეჭდილი „მთავრობები და პოეტიდან“. პოეტის ენის თუ სათქმელის ცვალებადობა წიგნიდან წიგნისკენ, ცხადად ჩანს, რომ არაა მხოლოდ ესთეტიკათა დინამიკა და ფორმათა ძიება, მით უმეტეს არაა ავტორის თანდათანობით „ზრდა“ თუ „დაბრძენება“. პოეტის ცხოვრებისეული ბედისწერა, გადაჯაჭვული მისი ქვეყნის ბედისწერასთან, რაც დრო გადის, მით უფრო გადამწყვეტი ხდება მის ლექსებში. ახალგაზრდა, ლაღი ექსპერიმენტატორი პოეტი თანდათანობით მარგინალ არსებად ყალიბდება - ადამიანად, რომელსაც ვერ უგებენ და ვერც ის იგებს და ჰგუობს იმ ახალ გარემოს თუ წესებს, სადაც უწევს ყოფნა. ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს არაა რეტროგრადის თუ კონსერვატორის მიუღებლობა, ეს ნონკონფორმისტის მიუღებლობაა და, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, ამავე დროს, პატრიოტის. ანუ მაშინ, როცა რენე კალანდია წერას იწყებს, პოეტი-პატრიოტის იმიჯი ყველაზე მეინსტრიმული და ხელსაყრელია ქართულ პოეზიაში და ის მაშინ ავანგარდისტია, ხოლო როცა უკვე ყველა „ავანგარდისტობას“ იწყებს, ის პატრიოტი ხდება. თუმცა ეს „პატრიოტობაც“ არ მინდა რომ სტერეოტიპულად გავიგოთ. მისი პატრიოტობა პათოსური არაა და ვერც იქნება. იგი ბრაზიანი ხდება: „მამულში: ვირთა ყროყინი მესმის...“ ამბობს და ძირითადად ამ ყროყინზე წერს. ზღვის ესთეტიკა ქრება და მისი გემი პოლიტიკურ კოშმარებში იძირება. და სწორედ აქ წინა პლანზე გამოდის ჩაძირული გემის კაპიტანი - რენე კალანდია. რენე კალანდია რენე კალანდიაზე იწყებს წერას. “შენი პოეტი - კალანდია რენე - სრულებით / არ ისქელებდა წიგნებით გავას...” ან „რაც ცუდია, რენესია, / რაც კარგია - სხვისი...“ ან „რენე არაფერს არ ამბობს... / ბებერ ცხენს ფეხი სტკივა... / ზის და არაყში პურს ალბობს... / ხედავს თქვენს ქერს და თივას“. ერთგან ის საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც „ახირებულ“ რ. კალანდიას“ და სწორედ ეს „ახირებული“ პერსონა ნონ გრატაა მთავარი პერსონა მისი ბოლო პერიოდის პოეზიისა.
70 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. არადა, ის 70 წლის კაცს არა და არ ჰგავდა. ესე იგი სადაც იყო ამბოხი და სადაც ახალგაზრდული ენერგია იყო, რენე იქ იყო, პირველ რიგში. სურათიც ეკიდა ჩე გევარასი. ასე რომ, ეს ახალგაზრდობის პოეტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები ძალიან ბევრს ისწავლიან მისგან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე დადიოდა ისეთი კაცი და ისეთი პოეტი ცხოვრობდა, როგორიც რენე კალანდიაა...გურამ ოდიშარია
მთლიანობაში მისი პოეზიის გააზრება და დალაგება ჯერ კიდევ წინაა. არქივზე მუშაობაც, ალბათ, ახალ პლასტებს გამოაჩენს. ეს წიგნი, ალბათ, მხოლოდ პირველი მცდელობაა მისი სრული პოეტური სურათის დანახვისა. ცხადია, ავტორის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში შედგენილი კრებული ზუსტი მაინც ვერანაირად ვერ იქნება. ამის შესახებ ვკითხე გურამ ოდიშარიასაც.
გურამ ოდიშარია: ეს კარგად შედგენილი კრებულია. ფაქტობრივად, აქ ჩანს ყველაფერი. ეტაპების მიხედვით იცვლება აქ რენე. ძირითადად არის დაძაბული. ბუნებითაც იყო ასეთი და მერე ბოლოსკენ, ფაქტობრივად, მხოლოდ ამბოხი არის მისი. ერთი პოემა ჰქონდა რენეს, ის არ არის აქ შესული, ამ პოემას დავამატებდი აქ სიამოვნებით, იმიტომ რომ პოემა არის ძალიან საინტერესო. მეგობრები შეჰყავს თავისი პორტრეტებით. სადღაც, როგორც პერსონა, მეც გამოვჩნდები. რენე მეძახდა, დილის პოეტი ხარ შენო, იმიტომ რომ შენთან რაღაც სინათლეა მეტიო და მე ვეუბნებოდი, შენ ღამის პოეტი ხარ... ცხოვრობდა პატარა ბინაში რენე, ქოხმახივით ბინა იყო და გაჭედილი იყო წიგნებით თავიდან ბოლომდე. მერე რენემ კარგი ბინა რომ მიიღო, ომამდე ცოტა ხნით ადრე, ვნახე, რომ შუქით სავსე ბინაა, ფანჯრები დიდი. მე ვუთხარი, წავა ახლა შენთან დილის პოეზია...
სამწუხაროდ, მიზეზთა გამო რენე კალანდიასთან „დილის პოეზია“ არ წასულა. პირიქით, უფრო ჩამობნელდა მის ლექსებში. „უკან დამდევდა კორექტურა ბოზი ქალივით“ - წერს ის ერთგან. მეორე ლექსშიც მსგავსი ფრაზა აქვს: „ამეკიდება კორექტურა ბაზრის ლოთივით“. რომელ კორექტურაზე ლაპარაკობს რენე კალანდია? ცხადია, პოლიგრაფია აქ არაფერ შუაშია. ეს ცხოვრების კორექტურაა. ის, რაც მას არ შეეძლო: კორექტული, გასწორებული ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, არც პოეზია. ამიტომ გაურბოდა იგი მას მუდამ, ეს „კორექტურა“ კი ხან ბოზი ქალივით და ხან ბაზრის ლოთივით მთელი ცხოვრება უკან დასდევდა.
გურამ ოდიშარია: 70 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. არადა, ის 70 წლის კაცს არა და არ ჰგავდა. ესე იგი სადაც იყო ამბოხი და სადაც ახალგაზრდული ენერგია იყო, რენე იქ იყო, პირველ რიგში. სურათიც ეკიდა ჩე გევარასი. ასე რომ, ეს ახალგაზრდობის პოეტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები ძალიან ბევრს ისწავლიან მისგან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე დადიოდა ისეთი კაცი და ისეთი პოეტი ცხოვრობდა, როგორიც რენე კალანდიაა.