Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ევროკავშირი დღეს და ხვალ


დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, მოსახლეობის თითქმის 52 პროცენტი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას უჭერს მხარს. რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მსოფლიო - მათ შორის, საქართველო - ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა. რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები - რა პროცესები განვითარდება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პროცესებმა საქართველოზე?

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს და ამას პროცედურულად, საშუალოდ, ორი წელი სჭირდება. 23 ივნისის ისტორიული რეფერენდუმის მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების მოლოდინშია საქართველო, რომლის დეკლარირებული საგარეო კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლაა. როგორც მედიასთან საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება საქართველოს პრიორიტეტებს ვერ შეაცვლევინებს:

“ევროპისთვის, რასაკვირველია, არ არის ეს კარგი, საკმაოდ ძლიერი პარტნიორია ბრიტანეთი, თუმცა ეს პარტნიორობა გაგრძელდება. მე არა მგონია, რომ პოლიტიკურ ლანდშაფტზე მნიშვნელოვნად შეიცვალოს დამოკიდებულებები, მთავარი სტრატეგიული ხედვები. ასე რომ, საქართველოსთვის ეს პრიორიტეტი რჩება დღის წესრიგში, როგორც უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მისაღწევი მიზანი“.

ამ მოსაზრებას, თავის მხრივ, ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხდება, როგორც აქამდე დამარცხებულა:

“საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს მარგინალთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც უზრუნველყო ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ არის სერიოზული, რა თქმა უნდა. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ელოდება ვიზალიბერალიზაციას“.

სანამ ევროკავშირი მოვა გონს და ევროკავშირი იქნება დაინტერესებული იმით, რომ მთლიანობაში ეს კრიზისი არ აისახოს იგივე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე, არ აისახოს მისი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკაზე იმგვარად, რომ ამან აფიქრებინოს ოპონენტებს, რომ, აი, ევროკავშირის დასასრულის დასაწისი დაიწყო, რაც ბევრმა გამოთქვა...
გიორგი გობრონიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი კი, თავის მხრივ, ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში ევროპა საქართველოსა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ქვეყნებისთვის ნაკლებად მოიცლის:

“ეს თემა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თემა, უახლოეს მომავალში იქნება მთავარი თემა ევროკავშირში, ევროპის შიგნით, რაც არცთუ ისე ხელსაყრელია ჩვენთვის, უკრაინისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ისწრაფის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ“.

ის, რომ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა ევროკავშირი დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, სრულიად ნათელია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძისათვის. იგი ფიქრობს, რომ ევროკავშირს, პირველ რიგში, მოუწევს გააანალიზოს ბრიტანული საზოგადოების ის არგუმენტები, რომლებმაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა განაპირობა. ზოგადად კი, ევროკავშირში შექმნილი ვითარების ფონზე, არც გიორგი გობრონიძე გამორიცხავს, რომ პირველ ეტაპზე ნაკლები ყურადღება დაეთმოს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს, რასაც, მისი აზრით, მხოლოდ დროებითი ხასიათი ექნება და გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, საქართველოსთვის ხელსაყრელი ტრანსფორმაციითაც კი გაგრძელდეს:

“სანამ ევროკავშირი მოვა გონს და ევროკავშირი იქნება დაინტერესებული იმით, რომ მთლიანობაში ეს კრიზისი არ აისახოს იგივე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე, არ აისახოს მისი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკაზე იმგვარად, რომ ამან აფიქრებინოს ოპონენტებს, რომ, აი, ევროკავშირის დასასრულის დასაწისი დაიწყო, რაც ბევრმა გამოთქვა, სხვათა შორის, რაც ასე ნამდვილად არ არის და, მეტიც, შეიძლება მეტად საინტერესო ტრანსფორმაციის მომსწრენიც გავხდეთ ევროკავშირის. მით უმეტეს, აი, ამ ვაკუუმის გაჩენის ფონზე შესაძლოა გაიზარდოს იგივე პოლონეთის როლიც ევროკავშირში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპას და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპას დაეთმობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება ევროპის მხრდან“.

მეორე მხრივ, გიორგი გობრონიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინასა და საქართველოში თავისი პოზიციების გამყარებას შეეცდება და თუ ევროპა ვერ მოიცლის საქართველოსთვის, ამას აუცილებლად იზამს რუსეთი, რითაც კიდევ უფრო გამყარდება ევროსკეპტიკოსების მოსაზრებები. ამიტომ ევროკავშირმა, გიორგი გობრონიძის თანახმად, რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გასვლით არ მთავრდება.

მოკლევადიან პერსპექტივაში ევროსკეპტიკოსების გააქტიურებას ელის ევროპული კვლევების ცენტრის ხელძღვანელი კახა გოგოლაშვილი. იგი ფიქრობს, რომ მომრავლდება ისეთი ტიპის მსჯელობები და გამონათქვამები, როგორიცაა, მაგალითად, „ევროპა თვითონ იშლება და ჩვენ იქ რა გვინდა“. თუმცა, როგორც ექსპერტი „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, ერთჯერად სკანდალურ მოვლენებზე აპელირებას შეჩვეულნი ვართ და მალე ყველაფერი ნორმალურ ხასიათს მიიღებს. მისი აზრით, საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისა და ინტეგრაციის.

XS
SM
MD
LG