დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპის კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლას. 23 ივნისს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა რეფერენდუმის მონაწილეთა 51,9%-მა. 382-ივე საარჩევნო ოლქის შედეგებით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარი დაუჭირა 16,8 მილიონმა ამომრჩეველმა, ხოლო დარჩენას - 15,7 მილიონმა. ევროკავშირის დატოვების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობას შეადგენენ ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები ამომრჩევლები.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგმა გამოიწვია ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. ამერიკულ დოლართან მიმართებით გირვანქა-სტერლინგის ფასი ერთბაშად შემცირდა 5,5%-ით, რაც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის მყისიერი ვარდნის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
„ცუდი დღე ევროპისთვის“ – „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ამ სიტყვებით გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი. ბრიტანელთა გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ „ევროპისა და დიდი ბრიტანეთისთვის სამწუხარო“ უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. სამაგიეროდ, რეფერენდუმის შედეგით კმაყოფილი არიან ევროპელი ულტრამემარჯვენეები. საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ დიდ ბრიტანეთში თავისუფლებამ გაიმარჯვა. ლე პენი აღნიშნავს, რომ ახლა ასეთივე რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრებმაც.