Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გეგმავენ სტუდენტები?


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმედღიანი აქციებისა და ღამისთენების შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

115-ე აუდიტორია, რომლის სახელიც ეწოდა 16 მარტს დაფუძნებულ სტუდენტურ მოძრაობას, დალუქულია. აქციები, რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შეწყვიტეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმაც. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. რა გეგმები აქვთ ახლადდაფუძნებული მოძრაობისა და თვითმმართველობის წევრებს, აპირებენ თუ არა ისინი თანამშრომლობას და როგორი იქნება მათი მოთხოვნები?

მოძრაობა „აუდიტორია #115“ განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი უნდა გახდეს - ასე წერია იმ მანიფესტში, რომელიც 16 მარტს, ღამის 11 საათზე, გააცნო სტუდენტებსა და საზოგადოებას უკვე მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ. მანიფესტის მიხედვით, შეიქმნება უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭო, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან ლექტორები და სტუდენტები „აუდიტორია #115“-დან. ლევან ლორთქიფანიძის სიტყვებით, სტუდენტების მოთხოვნა, რომელსაც ისინი უკანასკნელი დღეების მანძილზე ხმამაღლა სკანდირებდნენ და რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობას შეეხება, გულისხმობს უნივერსიტეტის მართვის სისტემის დემოკრატიზაციას, თითოეული სტუდენტისა და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით. სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა მოძრაობა „აუდიტორია #115“:

„ამ დროისთვის ჩვენი მთავარი რადიკალური მოთხოვნაა არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა“.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, რომ ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რეფორმირების პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ განათლების ისეთ მოდელს, რომელიც აუცილებლად იქნება პროგრესული და სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს...
გიორგი კვირიკაშვილი

ძალაში რჩება სტუდენტების ის მოთხოვნები, რომელთა გამოც მათ რამდენიმე ღამე გაათენეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის 115-ე აუდიტორიაში. ეს მოთხოვნებია: თვითმმართველობის რეორგანიზაცია, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით; მათი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები, აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებსაც. სტუდენტები კვლავაც მოითხოვენ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ. „ოდეერებისგან“. როგორც მოძრაობის წევრების მიერ შემუშავებულ მანიფესტში ვკითხულობთ, უახლოეს დროში შეიქმნება დეტალური ხელშეკრულება - კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის, ხოლო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან „აუდიტორია #115“. გარდა ამისა, თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდა ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება, მოძრაობის წევრები იტოვებენ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.

მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი კუპრაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ მოთხოვნების დეტალებზე, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, რექტორის არჩევის წესი, დღეს არსებული წესისგან განსხვავებით, გაცილებით დემოკრატიული იქნება. მისი თქმით, ან უნდა გაიზარდოს აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობა ან მთლიანად აკადემიურმა პერსონალმა უნდა აირჩიოს რექტორი, რათა ეს გადაწყვეტილება იყოს უფრო ლეგიტიმური. ირაკლი კუპრაძე სტუდენტური მოძრაობის ამ მოთხოვნას ასეთი არგუმენტით ამყარებს:

„მაგალითად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელიც 3 000 პროფესორს შეადგენს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი მხოლოდ და მხოლოდ დროებითი, დაახლოებით, ორ-სამთვიანი თანამდებობაა. გამოდის, რომ ორ-სამთვიან თანამდებობას აქვს 3 000 პროფესორის ლეგიტიმაცია და, რეალურად, რექტორს, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მართავს პროცესებს, ირჩევს მხოლოდ 14 ადამიანი“.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ ეტაპზე მოძრაობის მოთხოვნები მხოლოდ და მხოლოდ იდეების დონეზე შეიძლება განიხილებოდეს, თუმცა უკვე იწყება კომისიების შექმნა, სადაც იდეები დეტალურად დამუშავდება. მისი თქმით, განათლების სამინისტრო უკვე გამოთქვამს მზაობას, რომ თუკი საქმე მიდგება საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამ პროცესში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ იდეებს არგუმენტირებული ოპონირების რეჟიმში დაიცავენ.

რაც შეეხება მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის კიდევ ერთ მოთხოვნას უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მათი აზრით, თვითმმართველობა უნდა გამოეყოს უნივერსიტეტის ერთიან სტრუქტურას და ის უნდა გადავიდეს კლუბურ სისტემაზე, რომელიც იქნება დამყარებული თავისუფალ წევრობაზე და ნაკლებად იქნება იერარქიული.

პაატა ბახტურიძე, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მოძრაობის წევრებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ურთიერთობა თანამშრომლობის ფორმატში გაგრძელდება:

„გადავწყვიტეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ და იქ გავარკვიოთ, რა ინიციატივები აქვთ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ჩვენც გვაქვს გარკვეული შეთავაზებები. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოთხოვნებს, ისინი ითხოვენ აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების შეჩერებას, ჩვენ კი ვითხოვთ რექტორის, ვლადიმერ პაპავას, გადადგომას. გუშინ, როდესაც ჩვენ მათ ველაპარაკეთ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი ინტერესი გავაერთიანოთ და ერთობლივად მოვითხოვოთ ორივეს - აკადემიური საბჭოსა და რექტორის - უფლებამოსილების შეჩერება. თუმცა წინასწარ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან ჯერჯერობით არაფერი შეთანხმებული არ არის“.

აქციის მონაწილე სტუდენტები
აქციის მონაწილე სტუდენტები

თუმცა, როგორც "აუდიტორია 115"- ის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შესახებ არ არის მიღებული.

ისევე როგორც გასულ დღეებში, 17 მარტს, ამჯერად უკვე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ის მოხარულია, რომ სტუდენტებმა აირჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი:

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, რომ ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რეფორმირების პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ განათლების ისეთ მოდელს, რომელიც აუცილებლად იქნება პროგრესული და სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო ტალღა 10 მარტს, კანცლერის არჩევნების დღეს, აზვირთდა. პროტესტის მიზეზად თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იქცა, რომელმაც 14 მარტს მოხსნა საკუთარი კანდიდატურა კანცლერის პოსტზე. ამავე ტალღამ მოიტანა პროტესტი უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის გამო. ამ პროტესტს 115-ე აუდიტორიაში გამაგრებულ სტუდენტებთან ერთად შეუერთდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ამ საკითხზე პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას დააკისრეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ საქმის მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება. „ოდეერების“ საქმის გამოკვლევის შესახებ 12 მარტს პარლამენტს მიმართა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც.

XS
SM
MD
LG