Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტში კანცლერი ვერ აირჩიეს


სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა უნივერსიტეტის სენატის საჯარო სხდომაზე სტუდენტებისთვის დასწრების აკრძალვა.

სენატს სხდომაზე ახალი კანცლერის არჩევა ჰქონდა დაგეგმილი. კანცლერობის ერთადერთი კანდიდატი კი, გიორგი გაფრინდაშვილი, სტუდენტთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელი კანდიდატია. თავდაპირველად სტუდენტებს, არჩევნების პარალელურად, აქცია უნივერსიტეტის ეზოში ჰქონდათ დაგეგმილი, მოგვიანებით კი მათ უნივერსიტეტის ფოიეში გადაინაცვლეს. საბოლოოდ, სენატმა კანცლერის არჩევა გადადო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა შეკრება დღის 4 საათზე დაიწყეს, ერთი საათით გვიან კი უნივერსიტეტის სენატს კანცლერის არჩევა ჰქონდა დაგეგმილი. აქციაზე შეკრებილ სტუდენტებს იმედი ჰქონდათ, რომ პროტესტს კანცლერობის ერთადერთი კანდიდატის მიმართ სხდომის პირველ ნაწილში გამოხატავდნენ, სანამ სენატის 42 წევრი ხმის მიცემის პროცედურაზე გადავიდოდა. ამის იმედი ჰქონდა გიორგი არობელიძეს, უნივერსიტეტის სტუდენტს:

„სენატის სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შუძლია. ბუნებრივია, ჩვენ, როგორც დაინტერესებული პირები, შევალთ სენატის სხდომაზე“.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

სენატის სხდომაზე რომ სტუდენტებს არ დაუშვებდნენ, ცხადყოფდა ის, რომ სხდომის დარბაზამდე მისასვლელი ყველა გზა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს ჰქონდათ გადაღობილი. სტუდენტების მცდელობას გაერღვიათ დაცვის თანამშრომლების კორიდორი, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სტუდენტთა ნაწილმა კორიდორის დაძლევის შემდეგ თავად დაიკავა სენატის სხდომის დარბაზის შესასვლელი ტერიტორია, რითაც უკვე მათ აღარ მისცეს საშუალება სენატის წევრებს კენჭი ეყარათ უნივერსიტეტის კანცლერისთვის. ამ პოსტზე მხოლოდ და მხოლოდ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა იყო დასახელებული.

გიორგი გაფრინდაშვილი, სტუდენტთა განცხადებით, 2010 წლიდან მუშაობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ. ის მანამდე იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი. 7 მარტს კი უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე. წ. ოდეერის ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ივა კასრაძის, კურსელიცაა გიორგი გაფრინდაშვილი. მართალია, გიორგი გაფრინდაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე მის მიმართ გამოთქმულ ყველა ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, მაგრამ მის მიმართ საპროტესტო მუხტით გამსჭვალული სტუდენტები, მათ შორის, სენატის წევრი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გაფრინდაშვილის არჩევით უნივერსიტეტი კარგავს ავტონომიურობას, სტუდენტები კი პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ ნაწილად დაიყოფიან:

სტუდენტებს და პროფესორებს ჩაუკეტეს კარი და ვერ შემოდიან, რომ სენატის არჩევნებს დაესწრონ და სენატში უნდა აირჩიონ ადამიანი, რომელიც ნეობოლშევიკური სტუდენტური გაერთიანებების ხელმძღვანელი და წამქეზებელი იყო წლების განმავლობაში და ეს არის რეჟიმის რევანშის მცდელობა უნივერსიტეტში...
ლელა გაფრინდაშვილი

„ძლიერდებიან ძველი სისტემის წარმომადგენლები, ის თვითმმართველობა, ის ადმინისტრაცია, რომელიც არ შეცვლილა, და რა გავლენას მოახდენს ეს უნივერსიტეტზე, მიჭირს თქმა, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს არის წაგებულ ბრძოლაში ჩართვა ღირსებისა და სამართლიანობისთვის“.

პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახელსა და გვარში არ არის, ეუბნება რადიო თავისუფლებას თანამოაზრე სტუდენტებით გარშემორტყმული, კიბის საფეხურზე ფეხმორთხმული აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძე. მისი თქმით, კანცლერი, რომელიც უნივერსიტეტის ფინანსებს პრივილეგიების მიხედვით გაანაწილებს, დააზარალებს მთელ სტუდენტობას. ლევანის თქმით, პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ უნივერსიტეტის 70-მილიონლარიანი ბიუჯეტის ნაწილი კანცლერთან დაახლოებული სტუდენტური თვითმმართველობის ინტერესებს ხმარდება:

„ეს ხალხი კარგად რომ მუშაობდეს, 70 მილიონი ლარი, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტი, უკეთ დაიხარჯებოდა - გვექნებოდა მეტი კვლევითი შესაძლებლობები, ლაბორატორიები, წრეები, პუბლიკაციები და ა.შ... მეტი სამაგისტრო კვლევები, მაგალითად. სტუდენტობა დღეს არის შეურაცხყოფილი, რომ ვიღაც უკანონო საიდუმლო წარმომადგენელი არსებობს აქ და ადამიანებს ხელს უშლის დემოკრატიული ნების გამოხატვაში ზეწოლით და დარეკვებით“.

სტუდენტების საპროტესტო აქციაზე მისული რამდენიმე ლექტორი აშკარად მხარს უჭერდა მათ პროტესტს. ასეთი იყო ლელა გაფრინდაშვილიც:

„სტუდენტებს და პროფესორებს ჩაუკეტეს კარი და ვერ შემოდიან, რომ სენატის არჩევნებს დაესწრონ და სენატში უნდა აირჩიონ ადამიანი, რომელიც ნეობოლშევიკური სტუდენტური გაერთიანებების ხელმძღვანელი და წამქეზებელი იყო წლების განმავლობაში და ეს არის რეჟიმის რევანშის მცდელობა უნივერსიტეტში“.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

თუმცა უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილმა 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდა პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებს თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიზნისთვის უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გამოყენებისგან.

სანამ უნივერსიტეტის სენატი სტუდენტებს კანცლერის არჩევნების გადადების თაობაზე გადაწყვეტილებას ამცნობდა, მანამდე სტუდენტებთან შესახვედრად უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გამოვიდა, რომლის თქმითაც, მართალია, არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი თავად სენატის გადასაწყვეტია, მაგრამ ის ამ ფონზე არჩევნების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს:

„ასეთ ვითარებაში სენატის სხდომის ჩატარება შეუძლებელია“.

ვლადიმერ პაპავა კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილს მხარს არ უჭერს. კანცლერის ასარჩევად სენატის 42 წევრიდან 22-ის მხარდაჭერაა საკმარისი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG