საჯარო მოხელეების პრემიები სახელფასო დანამატებმა შეცვალა: მართალია, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, მაგრამ 45 მილიონით გაიზარდა სახელმწიფო დანამატების რაოდენობა, - აცხადებს საქართველოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია და ამასვე ვკითხულობთ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ კანონპროექტზე დაწერილ დასკვნაშიც. აუდიტის სამსახური მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს შეიმუშაოს ისეთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც საჯარო მოხელეებისათვის პრემიებისა და დანამატების გაცემის წესებს დაადგენს, რაც გამორიცხავს უწყების ხელმძღვანელებისგან ერთი ხელფასის ოდენობის - ხან კი ხელფასზე მეტი ოდენობის - დანამატის გამოწერას.
საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატების ოდენობა რეგიონალური განვითარების სამინისტროში გაზრდილია69 %-ით,იუსტიციის სამინისტროში – 206 %-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 412 %-ით, კულტურის სამინისტროში 1509 %-ით, დევნილთა სამინისტროში - 35 %-ით, ჯანდაცვის სამინისტროში – 270 %-ით და ა.შ., ვკითხულობთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოში პრემიები სახელფასო დანამატებმა ჩაანაცვლა:
„მაშინ როდესაც მთავრობამ გამოსცა #449 დადგენილება, რომლითაც შეიზღუდა პრემიების რაოდენობა, გაცემის წესი და ა.შ., მკვეთრად გაიზარდა დანამატების მოცულობა სხვადასხვა უწყებებში. სწორედ ამ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით დავასკვენით, რომ რეალურად ქვეყანაში პრემიები ჩანაცვლდა დანამატებით. ამიტომ მივეცით მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაცია, რეალობაში გაატარონ თავიანთი მიდგომები“.
დასკვნაში ნახსენებია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის მე-11 შემაჯამებელი მიმოხილვაც, სადაც აღნიშნულია, რომ „2015 წელს მოსალოდნელი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტის დეფიციტის დადგენილ ზღვრებში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია სახელფასო ბონუსებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება“. პრემიების ოდენობა, მართლაც, შემცირდა, თუმცა, როგორც დასკვნიდან ჩანს, გაიზარდა დანამატების რაოდენობა. პრობლემაა ისიც, უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა თორდიამ, რომ მთელ რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პირები საკუთარ თანამშრომლებს სახელფასო დანამატს წინასწარ უნიშნავენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (32 00), მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის №15 ბრძანების საფუძველზე, ბრძანების დანართში გათვალისწინებულ 55 საჯარო მოხელეს ყოველთვიურად მიმდინარე წლის ბოლომდე დაუწესდა დანამატი, თვეში 42,712 ლარის ოდენობით. მსგავსი შინაარსის ბრძანებებს სხვა უწყებების ხელმძღვანელებიც აწერენ ხელს:
„არის მსგავსი ბრძანებები ენერგეტიკის სამინისტროში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, სადაც დანამატი წინასწარ არის დადგენილი. არადა, დანამატის არსიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ამის დაწესება წინასწარ შეუძლებელია, რადგან, როგორც ფინანსთა მინისტრის #672-ში ვკითხულობთ, დანამატი ერიცხებათ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში. წინასწარ როგორ შეიძლება იცოდეს სამსახურის ხელმძღვანელმა, ვინ იმუშავებს ან ღამის საათებში, ან დასვენების დღეებში, ან დღესასწაულზე?“
19 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაადასტურა, რომ შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია, თუმცა, მისი მტკიცებით, ხელფასები და დანამატები მაღალი თანამდებობის პირებს არ მომატებიათ. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ გაიზარდა ჯარისკაცების, რიგითი პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ხელფასები. შრომის ანაზღაურება, მისი თქმით, ასევე გაეზარდათ მოსამართლეებს, პროკურორებს.
მაგალითად, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების ჯამური ხელფასი, დაახლოებით, 70 000 ლარს აჭარბებს წელიწადში, ეს მაშინ, როდესაც სუფთად ხელფასი მინისტრების მოადგილეების არის 28 000 ლარი წელიწადში. დანარჩენი თანხა, სადღაც 60 000 ლარი - არის დანამატი...ლევან ავალიშვილი
გარემოს დაცვის სამინისტროში გაიზარდა არა ხელფასები, არამედ აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, ანუ, ფაქტობრივად, გაიზარდა ბიუროკრატია და, შესაბამისად, სახელფასო ხარჯიც. ხადურის განმარტებით, იგივე მოხდასოფლის მეურნეობის სამინისტროში - აქაც, მისი თქმით, ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის" შეთანხმების შესაბამისად, სურსათზე ხარისხის კონტროლის განხორციელების მიზნით, აღდგა რამდენიმე სამსახური. მთავრობა ხარჯების ზრდას კადრების დამატებით ხსნის კიდევ რამდენიმე უწყებაში, ხოლო პარლამენტის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება გაზრდილია, იმიტომ რომ პარლამენტის წევრებს უწევთ ბინების დაქირავება ქალაქ ქუთაისში.
IDFI-ის გამოკვლევებმაც არაერთხელ დაადასტურა როგორც 2013, ისე 2014 წელს, რომ საჯარო მოხელეებისათვის პრემიის გაცემის პრაქტიკა წარმატებულად ჩაანაცვლა დანამატების გაცემის ახალმა პრაქტიკამ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ფიქრობს, რომ დანამატების საერთო რაოდენობა გაზრდილია იმიტომაც, რომ საჯარო სამსახურებში გაზრდილია საშტატო ერთეულები, თუმცა, თუ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დახარჯულ ზეგანაკვეთურ ხარჯებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ, ზოგადად, პრაქტიკა არ შეცვლილა. განსხვავება დღეს მხოლოდ ის არის, რომ მთავრობის დადგენილებით მოწესრიგდა პრემიების გაცემის წესი, მაგრამ ამავე დადგენილებაში არაფერია ნათქვამი დანამატების გაცემის წესზე:
„სხვათა შორის, მაშინვე აღვნიშნეთ, როცა ეს დადგენილება მიიღო მთავრობამ, რომ თუ იმავე დადგენილებაში დანამატის გაცემის წესიც არ დადგინდებოდა, რეალური ცვლილება ამას არ მოჰყვებოდა და, მართლაც, ასე აღმოჩნდა“.
ჩვენთან კი დანამატები და პრემიები რეალურად იმისთვისაა მოგონილი, რომ მიიჩქმალოს მინისტრების რეალური ხელფასები. როდესაც ამბობენ, რომ მინისტრს აქვს ამდენი და ამდენი ხელფასი და ეს, ერთი შეხედვით, არ არის მაღალი, ამ დროს რეალურად მისი ხელფასი არის ორჯერ მეტი სწორედ ამ დანამატების და სხვა შეღავათების გამო...რომან გოცირიძე
როგორც წესი, IDFI საჯარო უწყებებიდან ითხოვს არა მხოლოდ პრემიებისა და დანამატების საერთო რაოდების ამსახველ დოკუმენტაციას, არამედ იმ ბრძანებებსაც, რომელთა საფუძველზეც წახალისდა ესა თუ ის საჯარო მოხელე. სწორედ ამ დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, გვეუბნება ლევან ავალიშვილი, რომ წლის დასაწყისში საჯარო უწყების ხელძღვანელი პირადად გადაწყვეტს და დაადგენს, რამდენი უნდა იყოს სახელფასო დანამატი და ეს თანხა შემდეგ თვეების განმავლობაში გაიცემა. ამ თანხას შედარებით იშვიათად, - მაგალითად, დღესასწაულების დღეებში, - მაგრამ მაინც ემატება პრემიაც:
„მაგალითად, თუ ის დაადგენს, რომ მის მოადგილეს უნდა მიეცეს ხელფასის ოდენობის, ვთქვათ, სამი ათასი ლარის ოდენობის დანამატი, ასეც ხდება და მთელი თვეები ეს თანხა ირიცხება, თუმცა არავინ იცის, რისთვის, რა დამსახურებისთვის და ა.შ. -ჩამოყალიბებული მიდგომა არ არსებობს. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების ჯამური ხელფასი, დაახლოებით, 70 000 ლარს აჭარბებს წელიწადში, ეს მაშინ, როდესაც სუფთად ხელფასი მინისტრების მოადგილეების არის 28 000 ლარი წელიწადში. დანარჩენი თანხა, სადღაც 60 000 ლარი - არის დანამატი“.
საჯარო მოხელეების პრემიები და დანამატები იმდენად თვალშისაცემია, რომ ხალხის გულისწყრომას იწვევს. ეს გასაგებიცაა, გვითხრა ეკონომისტმა რომან გოცირიძემ, თუმცა, მისი აზრით, ეს საკითხი ყოველთვის ჩრდილავს უფრო ღრმადწასულ პრობლემას, რომელიც საქართველოს საჯარო უწყებებში არსებობს,ტოტალურ ბიუროკრატიზაციას, როცა ერთი ადამიანის გასაკეთებელ საქმეს ათი კაცი აკეთებს, გაზრდილი სახელმწიფო ბიუროკრატია კი რეალურად იქცევა პარაზიტად, რომელიც ჯანსაღ ეკონომიკაში შექმნილ დოვლათს, ფაქტობრივად, უშრომლად იყენებს. რაც შეეხება ხელფასებსა და დანამატებს, რომან გოცირიძე მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეს ისეთი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომელიც პრემიებითა და დანამატებით არ შეინიღბება:
„ჩვენთან კი დანამატები და პრემიები რეალურად იმისთვისაა მოგონილი, რომ მიიჩქმალოს მინისტრების რეალური ხელფასები. როდესაც ამბობენ, რომ მინისტრს აქვს ამდენი და ამდენი ხელფასი და ეს, ერთი შეხედვით, არ არის მაღალი, ამ დროს რეალურად მისი ხელფასი არის ორჯერ მეტი სწორედ ამ დანამატების და სხვა შეღავათების გამო. და თუ ამას დავუმატებთ იმ შეღავათებს, რომლებსაც მოსახლეობა ვერ ხედავს, - ეს არის უფასო მანქანა, უფასო ბენზინი, სატელეფონო საუბრების ხარჯები, მივლინებები და ა.შ., - საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ შრომის ანაზღაურების იმ დონეს, რომელიც საკმაოდ მაღალია და რომელსაც ვერ აკონტროლებს საზოგადოება. ამას სჯობს, რომ მინისტრს ჰქონდეს მაღალი ხელფასი, თუნდაც ათი ათასი ლარი, და ამ ფულით ჩაასხას საკუთარ მანქანაში საწვავი, ან ჰქონდეს იმის უფლება, რომ ეს ხელფასი სრულად ოჯახს მოახმაროს, მაგრამ სამსახურში იაროს ველოსიპედით, როგორც ამას აკეთებენ სკანდინავიის ქვეყნების მინისტრები“, - გვითხრა რომან გოცირიძემ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა საჯარო სამსახურის რეფორმის გატარების პროცესში უნდა გადაწყდეს და ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ანაზღაურების წესი და პირობები. თუმცა, როგორც ცნობილია, ამ პროცესს წინ უძღვის საჯარო სამსახურში ხელფასების გაცემის წესის კვლევა და სწორედ მისი დასრულების შემდეგ დადგინდება საბოლოოდ, თუ როგორ უნდა გაიცეს საჯარო მოხელეებზე ხელფასიც, პრემიაც და დანამატიც.