Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაკეთდა ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის


6 მაისს სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა შედეგები შეაჯამეს სამწლიან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად. შედეგების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: პროექტის ფარგლებში შეიქმნა მობილური ჯგუფები; დაარსდა ცენტრები, რომელთაც ამ ბავშვებზე ზრუნვა ევალებათ; დახმარება აღმოუჩინეს 400-ზე მეტ ბავშვს.

„ერთხელ მომინდა ჩავსულიყავი ხელოვნების წრეზე, თექას აკეთებდნენ. იქ მასწავლებელი იყო, ახალგაზრდა გოგო. ვუთხარი, თუ შეიძლება, მეც გავაკეთებ-მეთქი. ავიღე ბისერები და რაღაცები გავაკეთე, მაგალითად: ყელსაბამი, მწვანე და ყვითელი, წითელი და ლურჯი“...

ეს 14 წლის გოგო მობილურმა ჯგუფმა ქუჩაში იპოვა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ჩარიცხა. კრიზისული ინტერვენციის ცენტრი ოცდაოთხსაათიანია და იქ დარჩენა ბავშვს დღისითაც შეუძლია და ღამითაც. ასეთ ცენტრებში, ძირითადად, ისინი ხვდებიან, ვისაც სახლში არ დაედგომება. არის ასევე დღის ცენტრებიც. მობილური ჯგუფის ფსიქოლოგი თამარ ცუცქირიძე ამბობს, რომ აქ ბავშვები მხოლოდ დღის განმავლობაში რჩებიან:

„იკვებებიან, ჰიგიენის მხრივ მოწესრიგდებიან ხოლმე. ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებში ერთვებიან“.

ჩვენი მუშაობა მოიცავდა იმას, რომ დაგვემყარებინა ურთიერთობა ბავშვებთან, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ ქუჩაში. ეს არ იყო მხოლოდ შემეცნებითი ღონისძიებები (წერა, კითხვა, ჰიგიენა)...
ნინო დანელია

ამ პროგრამის განსახორციელებლად ევროკავშირმა 750 ათასი ევრო, იუნისეფმა კი 75 ათასი ევრო გაიღო. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი, "ვორლდ ვიჟენი", "კარიტასი", "ბავშვი და გარემო" და სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ. მიზანი ბავშვების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

მობილური ჯგუფის წევრი ნინო დანელია ამბობს, რომ ბავშვებს ქუჩა-ქუჩა ეძებენ და ეხმარებიან ჩაერთონ სოციალურ და ბავშვთა დაცვის მომსახურებებში, მაგალითად, როგორიცაა მინდობითი აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლი:

„ჩვენი მუშაობა მოიცავდა იმას, რომ დაგვემყარებინა ურთიერთობა ბავშვებთან, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ ქუჩაში. ეს არ იყო მხოლოდ შემეცნებითი ღონისძიებები (წერა, კითხვა, ჰიგიენა), არამედ უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებაც, ისეთის, როგორიცაა დოკუმენტაციის მოგვარება ან სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირება, რადგან ხშირად ოჯახებს არა აქვთ ინფორმაცია იმ სერვისების შესახებაც კი, რომელიც ეკუთვნით“.

ამ პროექტის ფარგლებში ოთხი მობილური ჯგუფი მუშაობს, აქედან სამი თბილისში, ერთი - ქუთაისში. თბილისში არისსამი დღის ცენტრი/კრიზისული ინტერვენციის ცენტრი, ასევე ტრანზიტული ცენტრები არის გახსნილი რუსთავსა და ქუთაისში. ტრანზიტულ ცენტრებში ირიცხებიან ის ბავშვები, რომლებიც მინდობით აღზრდაშიან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში უნდა გადავიდნენ.

მობილური ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მძღოლი და თანასწორგანმანათლებელი. ჯგუფის წევრი ნინო დანელია ამბობს, რომ რთულ ბავშვებთან მუშაობაში ყველაზე მეტად თანასწორგანმანათლებელი ეხმარებათ. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავადაც აქვს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება:

„ჯგუფში მომუშავე თანასწორგანმანათლებელს თითქმის ყველა იცნობს და იციან, რომ თუ ოთო არის ჩვენთან ერთად, ესე იგი ჩვენც კარგ საქმეზე ვართ მისულები და გვინდა რაღაც კარგი გავუკეთოთ მათ“.

მაია ქურციკიძე
მაია ქურციკიძე

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც დღემდე ქუჩაში რჩებიან, მათგან ბევრია ორ წლამდე ასაკისაც კი. მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ უკვე 250 პოლიციელი გადაამზადეს, რათა მათ ბავშვის უფლებები ეფექტურად დაიცვან:

„ამ პროგრამის მიზანი არ იყო, რომ ხვალ ბავშვი ქუჩაში არ იქნებოდა. ამ პროგრამის მიზანი იყო შექმნილიყო სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ამან უნდა განაგრძოს მუშაობა, რომ დაეხმაროს ამ ბავშვებს ქუჩაში, რომ ბავშვები აღარ მათხოვრობდნენ და თუ მათიუფლებები ირღვევა, იქ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების ჩარევაც გახდეს აუცილებელი, რომ მათი რეაგირება იყოს უფრო ქმედითი“.

ამ პროექტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დადებითად აფასებს:

„და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ყველა, რომ ბავშვთა ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“.

მისივე თქმით,უკვე წელს პროექტის დაფინანსებას თავად სახელმწიფო იტვირთავს. დღემდე ამ პროგრამით თბილისსა და ქუთაისში 400-მა ბავშვმა და მათმა ოჯახებმა ისარგებლეს. სულ რამდენი ბავშვია ქუჩაში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევისას საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში აღწერეს 1 500 ბავშვი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს ან მუშაობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG