Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიზრუნეთ თუ არა ყველაზე დაუცველ ბავშვებზე საქართველოში


ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2013 წელს დაწყებული ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით ”ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე საქართველოში” , რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარებას, მათ რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას ისახავს მიზნად, დასასრულს უახლოვდება - დეკემბერში ორწლიანი პროექტი სრულდება და მის შემდგომ გაგრძელებაზე უკვე სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს. როგორია შედეგები პროექტისა, რომელშიც ათობით ადამიანი იყო ჩართული და რომლის საერთო ღირებულება 800 000 ევროს შეადგენდა? ასეულობით ქუჩაში მცხოვრები ბავშვიდან რამდენმა შეცვალა ცხოვრების წესი და დაუბრუნდა საზოგადოებას? ჯერჯერობით სურათი არც ისე დამაიმედებელია.

სამი თვეც და, პროექტი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ქუჩიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად, დასრულდება. ამ ორ წელიწადში საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახს მხოლოდ ერთი ბავშვი დაუბრუნდა, შვიდი კი მეურვე ოჯახებში გადანაწილდა და დღეს იქ ცხოვრობენ. ზუსტად არავინ იცის, რამდენი ბავშვი რჩება გარეთ, თუმცა, 2008 წლის მონაცემით, ასეთ ბავშვთა რიცხვი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000-სს აღემატებოდა. ბავშვები ქუჩაში ისევ დგანან, - უმეტესობა მოწყალებას თხოულობს, ნაწილი რაღაცას ყიდის, - პროექტი კი სრულდება.

ეს ორი წელი, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ქეთი მელიქაძე ამბობს, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემის მოგვარების ერთგვარ ბიძგად შეიძლება ჩაითვალოს - ეტაპად, როცა სახელმწიფო ქმნის იმ მომსახურებებს, რომელთა დახმარებითაც ბავშვებმა ნელ-ნელა ქუჩა უნდა მიატოვონ. ეს მომსახურებებია: მობილური ჯგუფი, რომელიც ქუჩაში ამყარებს პირველ კონტაქტს ამ ბავშვებთან - ცდილობს ისინი დაარწმუნოს, რომ არსებობს ისეთი სამსახური, რომელიც მათ განვითარებას და უკეთ ყოფნას წაადგება; ასეთი არის დღის ცენტრი ბავშვებისათვის, რომელსაც სადღეღამისო მომსახურებაც ახლავს; ასეთი დღის ცენტრი თბილისში სულ ორია, დაგეგმილია მესამის გახსნაც - ქუთაისში; იქ ბავშვს გამოკვებენ, დაბანენ, სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ და ა.შ.; მესამე ტიპის მომსახურებაა ე.წ. ტრანზიტული სადღეღამისო ცენტრი, სადაც ბავშვებს უკვე გრძელვადიან საცხოვრისში გადასაყვანად ამზადებენ; თუ ეს შესაძლებელია, პარალელურად სპეციალისტები მის ბიოლოგიურ ოჯახთანაც მუშაობენ - ისინი ცდილობენ ბავშვის რეინტეგრაციას და უკან, ოჯახში, დაბრუნებას; თუ ეს არ გამოდის, ბავშვი მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში გადაჰყავთ. ასეთია ის გზა, რომელსაც ქუჩის ბავშვები გადიან ქუჩის მისატოვებლად.

ქეთი მელიქაძე
ქეთი მელიქაძე

ქეთი მელიქაძე ამბობს, რომ, 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი) დაახლოებით ათასზე მეტი ქუჩაში მცხოვრები ბავშვია აღრიცხული (დღეს მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის). მისი ვარაუდით, ამ რიცხვის შესამცირებლად ქვეყანაში არანაირი წინაპირობა არ არსებობს, თუმცა პროექტი იმედს აძლევს, რომ ეტაპობრივად სახელმწიფო შეძლებს ამ პრობლემის დაძლევას:

„დღეს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი რიცხვი არ ვიცით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისთავად ის, რომ სისტემა შეიქმნება, რაც აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ნელ-ნელა ჩვენ ყველა ბავშვს მივწვდებით, რომელიც დღეს ქუჩაშია, და მონაცემთა ბაზაც შეიქმნება და მართვის სისტემაც უფრო მოქნილი გახდება. რაც შეეხება შედეგებს, თუ ადრე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები იმის მიხედვით, ვის რა თანხა ჰქონდა, სთავაზობდნენ სხვადასხვა მომსახურებას ამ ბავშვებს, დღეს უკვე არსებობს სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სისტემა და მომსახურებები“.

2013 წლის აგვისტოდან ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან სამი მობილური ჯგუფი მუშაობს. მასში შედიან: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ადმინისტრაციული მუშაკი (მძღოლი) და თანასწორ-განმანათლებელი, ანუ ბავშვი, რომელსაც ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა, დღეს კი მობილურ ჯგუფს თავისნაირ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება. ანა ჯველაური ერთ-ერთი ასეთი მობილური ჯგუფის სოცმუშაკია.

„ჩვენ სულ ვეძებთ. როცა ველზე გასვლის დღე გვაქვს, დავდივართ და ქუჩაში ვეძებთ ასეთ ბავშვებს. ჩემი სამუშაო ტერიტორია, მაგალითად, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთია. თუ სადმე ასეთ ბავშვს შევნიშნავთ ან ქალს, ბავშვით, მასთან მივდივართ. იქვე ვწყვეტთ ხოლმე: ქალთან უფრო ქალი მიდის დასალაპარაკებლად, თუ ბავშვი ბიჭია, - კაცი. უფრო ადვილად გვეკონტაქტებიან. როცა ღიმილით და კეთილგანწყობით უახლოვდები და დალაპარაკების ნებართვას სთხოვ, თვითონაც ინტერესდებიან და ამ ურთიერთობას თანხმდებიან, რადგან მათთვის ძალიან უცნაურია, როცა უცხო ადამიანი უღიმის. მათ სწორედ ეს სითბო აკლიათ, ისინი არავის აინტერესებს, არავის უყვარს, მშობლები კი, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად აკლებენ ყველაზე მთავარს - ზრუნვას...“

დღის ცენტრებში ამ დრომდე მოემსახურნენ 53 ბავშვს, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში 16 ბავშვია ამჟამად, ხოლო ტრანზიტული მომსახურების ცენტრებში 15 ბავშვია. სულ პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია 350 ბავშვს. მინდობით აღზრდაში გადავიყვანეთ 7 ბავშვი, ყველა მომსახურება სრულყოფილად გაიარა ერთმა ბავშვმა...
ეკა ჯავახიშვილი

შემდეგი ნაბიჯი უკვე ბავშვის ოჯახში მისვლა და იქ არსებული ვითარების გაცნობაა. ზოგი ბავშვი ქუჩის დატოვებაზე უარს ამბობს, თუმცა ანა საკუთარი გამოცდილებიდან იხსენებს ერთ შემთხევვას, როდესაც ორი ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მათ მშობლებიც აკითხავენ და, რაც მთავარია, ქუჩა მიატოვეს.

უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა, შენობები გარემონტებულია, სპეციალისტები -დატრენინგებული, მობილური ჯგუფები - შექმნილი, ბავშვების ნაკლებობა კი ქუჩებში ჯერჯერობით მაინც არ იგრძნობა. დეკემბრის შემდეგ ამ პრობლემაზე ზრუნვა მთლიანად სახელმწიფოს ხელში გადადის: ჯანდაცვის სამინისტროს ბრძოლა მოუწევს ყველა სხვა უწყებასთან ერთად - იქნება ეს შსს, განათლების სამინისტრო თუ სხვა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ეკა ჯავახიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ორი დღის ცენტრი, ორი ტრანზიტული ცენტრი და ერთი კრიზისული ინტერვენციის ცენტრი მოქმედებს. რაც შეხება გაწეულ დახმარებას:

„დღის ცენტრებში ამ დრომდე მოემსახურნენ 53 ბავშვს, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში 16 ბავშვია ამჟამად, ხოლო ტრანზიტული მომსახურების ცენტრებში 15 ბავშვია. სულ პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია 350 ბავშვს. მინდობით აღზრდაში გადავიყვანეთ 7 ბავშვი, ყველა მომსახურება სრულყოფილად გაიარა ერთმა ბავშვმა. საქმიანობის ტიპის მიხედვით თუ დავყოფთ ამ ბავშვებს, მათი 47% ითხოვს მოწყალებას ქუჩაში, წვრილმანი ვაჭრობით 20%-ია დაკავებული და სხვადასხვა საქმიანობით - 33%. ამ ბავშვების უმთავრესი პრობლემა არის დოკუმენტაციის უქონლობა. მათ 32%-ს დავუმზადეთ უკვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ჯერ კიდევ არის 41%, რომელსაც არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია. ოჯახში დაბრუნებული, ანუ რეინტეგრირებული, ჯერჯერობით გვყავს მხოლოდ ერთი ბავშვი, მინდობით აღზრდაში კი 7 ბავშვია“.

ქუჩის ბავშვების პრობლემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ქუჩის ბავშვების პრობლემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, წესით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. როგორც ამ უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ფერაძე აღნიშნავს, ამ დროისათვის თბილისში 200 პოლიციელს ჩაუტარდა სპეციალური ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან მიმართებით, როცა ამის საჭიროება ჩნდება. თუმცა ჯერჯერობით, საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ შესაბამისი ბერკეტების უქონლობის გამო, პოლიცია კონკრეტულ შედეგებს ვერ ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებების დამცველები უკვე წლებია ლაპარაკობენ ტრეფიკინგის - შრომითი იძულების - ნიშნებზე ამ ბავშვების საქმიანობაში, იმაზე, რომ შესაძლოა მათ ნაწილს ორგანიზებული ჯგუფი მართავდეს, პოლიციას ჯერჯერობით ასეთი არც ერთი ჯგუფი არ გამოუვლენია. მათხოვრობა კანონით არ ისჯება, ამბობს მაკა ფერაძე. თუ სამართალდამცავებს კონკრეტული განცხადებით არ მიმართა ვინმემ, სადაც დანაშაულის ნიშნებზე იქნება საუბარი, პოლიცია, ფაქტობრივად, უძლურია - ბავშვები კი ხშირ შემთხევვაში აცხადებენ, რომ ისინი საკუთარი ნებით მუშაობენ ან მათხოვრობენ:

„ამ ჯგუფთან, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არ გამოკვეთილა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, არც გამოძიება დაწყებულა ტრეფიკინგის მუხლით. იყო ამ ორი წლის განმავლობაში ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, საქმეც აღიძრა, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან მოძალადეები იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკსმიუღწეველი, 14 წლამდე პირები“, - ამბობს მაკა ფერაძე.

რა სახელს არქმევს სახელმწიფო დღეს ამ პრობლემას? ის ამბობს, რომ ესენი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც ქუჩაში სიდუხჭირემ გამოიყვანა. აი, აქ არის შეცდომა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები, დიდი ალბათობით, არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ტრეფიკინგისა, რომელიც ადამიანით ვაჭრობას ნიშნავს...
ანა აბაშიძე

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და გადაუჭრელ პრობლემად მიაჩნია ანა აბაშიძეს, დირექტორს ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. ის, წლებია, თავადაც ამ თემატიკაზე მუშაობს. ანა აბაშიძე ამბობს, რომ მას აქვს საფუძველი სკეპტიკურად იყოს განწყობილი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი პროგრამა წამოიწყო, ამჟამად მიმდინარე პროგრამის ანალოგიური მიზნით, მაგრამ ორი წლის შემდეგ, როცა ეს პროგრამები სრულდებოდა, პრობლემა პრობლემადვე რჩებოდა. ანა აბაშიძის ვარაუდით, არსებობს რისკი, რომ, როცა ეს პროექტი დასრულდება და სახელმწიფოს აღარ ეყოლება, დონორის სახით, მკაცრი მაკონტროლებელი, პრობლემას ისევ თავის ნებაზე მიუშვებს. მისი აზრით, ერთ-ერთი პრინციპული საკითხია სახელმწიფომ ამ პრობლემას სწორი სახელი დაარქვას:

„რა სახელს არქმევს სახელმწიფო დღეს ამ პრობლემას? ის ამბობს, რომ ესენი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც ქუჩაში სიდუხჭირემ გამოიყვანა. აი, აქ არის შეცდომა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები, დიდი ალბათობით, არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ტრეფიკინგისა, რომელიც ადამიანით ვაჭრობას ნიშნავს. ამის იდენტიფიცირება არცთუ ისე ძნელია. იცით, რატომ? ტრეფიკიორმაც კი არ იცის, რომ ტრეფიკინგია, რასაც ის აკეთებს. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სპეციალურად აკეთებინებენ ამას ბავშვებს ისე, რომ მათი ოჯახის წევრებს საერთოდ არ უკავშირდებიან. სწორედ ეს უნდა აღიაროს სახელმწიფომ. იქნებ მისთვის ბიძგი გახდეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშიც, სადაც პირველად ჩაიწერა პირდაპირ საქართველოს შესახებ თავში, რომ ეს არის ტრეფიკინგის სერიოზული რისკი. აი, ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ პრობლემასთან ბრძოლაზე, როცა მიდგომა რადიკალურად შეიცვლება“.

ორი წლის წინ, ამ პროექტის დაწყებისას, ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტი დავასრულე სიტყვებით ქუჩაში მცხოვრები ერთ-ერთი ბავშვის შესახებ, რომ ჟანამ ქუჩაში აღარ უნდა იცხოვროს.

დღეს, ორი წლის შემდეგაც კი, სათქმელი არ შეცვლილა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG