Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის სრულწლოვანება +18


პუტინის გამოსვლა ახალგაზრდულ ფორუმზე მოსკოვში. 15 მარტი 2018 წ.
პუტინის გამოსვლა ახალგაზრდულ ფორუმზე მოსკოვში. 15 მარტი 2018 წ.

2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩევნებში კვლავ მოქმედი პრეზიდენტი, ვლადმირ პუტინი, გაიმარჯვებს. როგორი იყო ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდი, რომელიც თვრამეტი წლის წინ, შორეულ 2000 წელს დაიწყო? როგორი იყო ეს წლები რუსეთისა და მსოფლიოსათვის? რის გახსენება შეიძლება პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადის ათვლამდე?

ანატოლი სობჩაკი და ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ). 90-იანი წლები.
ანატოლი სობჩაკი და ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ). 90-იანი წლები.

ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერა იწყება 1994 წელს, როცა საბჭოთა კავშირის კა-გე-ბეს თადარიგის 42 წლის ვიცე-პოლკოვნიკი პეტერბურგის მთავრობის თავმჯდომარის, ანატოლი სობჩაკის, მოადგილედ ინიშნება. 1996 წელს პუტინი გადადის რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მოადგილედ, ერთ წელიწადში კი ხდება რუსეთის პრეზიტენტის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი. უახლოეს ორ წელიწადში ვლადიმირ პუტინი ჯერ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსია, შემდეგ კი - უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი.

ბორის ელცინი და ვლადიმირ პუტინი, მოსკოვი, 31 დეკემბერი 1999 წ.
ბორის ელცინი და ვლადიმირ პუტინი, მოსკოვი, 31 დეკემბერი 1999 წ.

1999 წელს ბორის ელცინი იღებს გადაწყვეტილებას თავის მემკვიდრედ დატოვოს ვლიდიმირ პუტინი, რომელიც ინიშნება ჯერ ვიცე-პრემიერად, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად. ამ პერიოდში იწყება ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელსაც საეჭვოდ დაემთხვა საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება რუსეთის ქალაქებში - ბუინაღსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში. ამავე პერიოდს ემთხვევა პუტინის ცნობილი განცხადება, გაკეთებული ქალაქ გროზნოს დაბომბვის შემდეგ: „ტერორისტებს ჩავაძაღლებთ ყველგან, სადაც მივწვდებით, მათ შორის სარტირშიც“.

რუსეთის სამხედროები გროზნოში, 9 თებერვალი, 2000 წ.
რუსეთის სამხედროები გროზნოში, 9 თებერვალი, 2000 წ.

ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, 2000 წლის 26 მარტს, ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. პუტინის პრეზიდენტობის პირველ თვეებს ემთხვევა ატომური წყალქვეშა ნავის კატასტროფა ბარენცის ზღვაში. რუსეთი უარს ამბობს მიიღოს დახმარება სამაშველო სამუშაოების წარმოებისას. იღუპება ეკიპაჟის ყველა - 118 - წევრი. ჟურნალისტ ლარი კინგის კითხვაზე, რა დაემართა წყალქვეშა ნავს, პუტინი მშვიდად უპასუხებს: ჩაიძირა.

პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, 2002 წლის 23 ოქტომბერს, ტერორისტებს მოსკოვში, დუბროვკის თეატრში, მძევლები აჰყავთ და მოითხოვენ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩეჩნეთიდან. სპეცრაზმის იერიშის შედეგად იღუპება 174 ადამიანი.

მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

2003 წელს აპატიმრებენ მიხაილ ხოდორკოვსკის - ნავთობკომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელს, რუსეთის უმდიდრეს ადამიანსა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსს, რომელიც პატიმრობაში ატარებს 10 წელს.

2004 წლს 14 მარტს ვლადიმირ პუტინი მეორე ვადით ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. რამდენიმე თვეში, 2004 წლის 1 სექტემბერს, ქალაქ ბესლანის ერთ-ერთ სკოლაში ტერორისტები შედიან და მძევლად აჰყავთ მასწავლებლები, ბავშვები და მათი მშობლები. სპეცრაზმის იერიშის დროს იღუპება 333 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი.

ვლადიმირ პუტინი საავადმყოფოში, ბესლანი, 4 სექტემბერი, 2004 წ.
ვლადიმირ პუტინი საავადმყოფოში, ბესლანი, 4 სექტემბერი, 2004 წ.

2005 წელს რუსეთის ფედერალური სათათბიროსათვის გაკეთებულ მიმართვაში პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა.

2006 წლის 7 ოქტომბერს კლავენ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას - პუტინის პოლიტიკის აქტიურ კრიტიკოსს.

ანა პოლიტკოვსკაია
ანა პოლიტკოვსკაია

ამავე წელს ინგლისში პოლონიუმით კლავენ ალეკსანდრ ლიტვინენოკოს - რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება დევნიდა.

ალეკსანდრ ლიტვინენკო
ალეკსანდრ ლიტვინენკო

2007 წლის 10 თებერვალს პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა ღიად გააკრიტიკა დასავლეთი და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ერთპოლუსიანი სამყარო. ასევე გააკრიტიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გაფართოებისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრებთან მისი მიახლოების გამო.

პუტინის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე
პუტინის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე

2008 წელს ვლადიმირ პუტინი უარს ამბობს ზედიზედ მესამედ გახდეს პრეზიდენტი. არ ცვლის კონსტიტუციას და არ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტად ირჩევენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დმიტრი მედვედევს, პუტინი კი მთავრობის მეთაური ხდება. ამ პერიოდიდან რუსეთის პოლიტიკაში მკვიდრდება ტერმინი „ტანდემი“. რუსეთის ფაქტობრივ მმართველად კვლავ პუტინი რჩება. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ცხინვალში შესვლის შემდეგ, პუტინი აცხადებს, რომ უპასუხოდ არ დატოვებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებას. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის რეგულარული ჯარები ახდენენ საქართველოს ყოფილი ავტონომიების ოკუპაციას, რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

გორი რუსეთის ავიაციის დაბომბვის შემდეგ, 9 აგვისტო, 2008 წ.
გორი რუსეთის ავიაციის დაბომბვის შემდეგ, 9 აგვისტო, 2008 წ.

2012 წლის მარტში პუტინი მესამედ ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამჯერად უკვე ექვსი წლის ვადით.

პუტინი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის აღნმოსავლეთში შექმნილ ლუგანსკისა და დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს. 2014 წლის 18 მარტს პუტინი ხელს აწერს ყირიმის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ხელშეკრულებას.

ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი
ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი

2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში კლავენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბორის ნემცოვს.

2015 წლის აგვისტოდან რუსეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს. საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი სამხედრო ტექნიკითა და ავიაციით. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს ბრალს სდებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღების შეფერხებასა და, კონტრტერორისტული ოპერაციის ცრუ საბაბით, უდანაშაულო სამოქალაქო პირების დახოცვაში.

საპროტესტო წარწერა ლონდონში რუსეთის საელჩოსთან
საპროტესტო წარწერა ლონდონში რუსეთის საელჩოსთან

2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებით („ნოვიჩოკ“) მოწამლეს სერგეი სკრიპალი - რუსეთის "გრუ"-ს ყოფილი პოლკოვნიკი, ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული პირი, რომელიც 2010 წლიდან ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG