Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კისელიოვის არჩევით, პუტინმა ფსონი პირდაპირ პროპაგანდაზე დადო


დმიტრი კისელიოვი
დმიტრი კისელიოვი
რას წარმოადგენს კაცი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის მასშტაბური, ახლად შექმნილი საინფორმაციო სააგენტო ჩააბარა? დმიტრი კისელიოვს ბევრი რამ ახასიათებს - რადიკალური და ხშირად უთანხმოების გამომწვევი შეხედულებები, ისევე როგორც ურყევად კრემლის მომხრე პოზიცია. ერთადერთი რამ, რასაც, ოპონენტების აზრით, მასზე ვერ ვიტყვით, არის სიტყვა „ჟურნალისტი“.

ამ დღეებში „იუთუბით“ გავრცელებული ვიდეო მკაფიოდ აჩვენებს, მაინც რამდენად შეიძლება ჟურნალისტი შეიცვალოს პუტინის რუსეთში.
ეს ძალიან არაეფექტიანი გადაწყვეტილებაა. მე ვიტყოდი, სულელურიც, რადგან პროპაგანდის ის სტილი, რომელიც დმიტრი კისელიოვს ახასიათებს, უბრალოდ, ღია ტყუილებს წარმოადგენს...
იგორ იაკოვენკო

1999 წელს, როცა პუტინი ხელისუფლებაში მოდიოდა, დმიტრი კისელიოვი ტელევიზიის ახალგაზრდა, პერსპექტიული მუშაკი იყო, მკაფიო შეხედულებებით ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის გამყოფი ხაზის თაობაზე: „ჟურნალისტის და ეთიკის განცალკევება დაუშვებელია. მაგრამ იმ პირებს, რომლებსაც ეკრანებზე ხედავთ, ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან ხშირად ისინი, უბრალოდ, აგიტატორები არიან".

თოთხმეტი წლის შემდეგ, პუტინს პოზიციები მყარად აქვს გამაგრებული კრემლში, ხოლო კისელიოვი, თავისი განცხადებებით, პირველ რიგში, სწორედ აგიტატორს მოგაგონებთ:

„[გეებს] უნდა აეკრძალოთ სისხლის, სპერმის დონორად ყოფნა, ხოლო საავტომობილო ავარიის შემთხვევაში მათი გულები მიწაში უნდა ჩაფლან ან დაწვან, როგორც გამოუსადეგარი ვინმეს სიცოცხლის გასაგრძელებლად“.

კისელიოვი, რომელიც ამჟამად 59 წლისაა, 9 დეკემბერს დანიშნეს მასშტაბური ახალი მედიაორგანიზაციის - „რასია სეგოდნიას“ („რუსეთი დღეს“) - ხელმძღვანელად. ამ ორგანიზაციამ რუსეთის უდიდესი საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უნდა შეცვალოს.

110 მილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის მქონე “რია ნოვოსტი” პუტინმა ორშაბათს გავრცელებული ბრძანებით დაშალა. ოფიციალურ მიზეზად ის თანხების დაზოგვას ასახელებს.

რუსეთის მედიის ანალიტიკოსები გააკვირვა “რია-ნოვოსტის” დახურვამ, მაგრამ მათი კიდევ უფრო ძლიერი გაოცება გამოიწვია ახალი მედიაორგანიზაციის შეფად კისელიოვის დანიშვნამ. აქამდე კისელიოვი რუსეთის სახელმწიფო ტელეჰოლდინგის დირექტორის მოადგილე იყო. პუტინის განუხრელი მომხრე კისელიოვი თავის ყოველკვირეულ პროგრამას, „ვესტი ნედელის“ („კვირის ამბები“), კრემლის მიერ გატარებული პოლიტიკის, მათ შორის, უთანხმოების გამომწვევი ინიციატივების მხარდასაჭერად იყენებდა და დასავლეთის ქვეყნების თუ კულტურების დისკრედიტაციას ცდილობდა.
და რას წარმოადგენს ეს მაიდანი? უკრაინის სხეულზე ძალიან პატარა წერტილს. მას სარჩილავი რკინით თუ ამოწვავ, მტკივნეული იქნება - მტკივნეული და, საერთო ჯამში, არასასიკვდილო...
დმიტრი კისელიოვი

მისი დაწინაურების შესახებ ცნობის გავრცელების წინა დღეს კისელიოვმა განსაკუთრებულად მიკერძოებული ფორმით გააანალიზა უკრაინაში, „ევრომაიდანზე“ მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები. კიევში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მთავრობა განსაკუთრებული დაძაბულობით ადევნებს თვალს.

კისელიოვმა, რომლის თხრობის მანერა შხამიან სარკაზმს და მკვეთრ ფორმულირებებს ეყრდნობა ხოლმე, საპროტესტო აქციები გააქილიკა და ისინი უმნიშვნელო მოვლენად წარმოადგინა:

„და რას წარმოადგენს ეს მაიდანი? უკრაინის სხეულზე ძალიან პატარა წერტილს. მას სარჩილავი რკინით თუ ამოწვავ, მტკივნეული იქნება - მტკივნეული და, საერთო ჯამში, არასასიკვდილო. მაგრამ თუ ამ ყველაფერს პოლიტტექნოლოგიების გათვალისწინებით გააკეთებ, შექმნი გადახურების წერტილს და შემდეგ მას გამადიდებელ შუშაში აჩვენებ, - ტელევიზია და ინტერნეტი იდეალური ოპტიკური ხელსაწყოა, - შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ახლა მთელი ქვეყანაა ასეთი. და, ამ შემთხვევაში, ეს შესაძლოა სასიკვდილოც აღმოჩნდეს. სინამდვილეში, უკრაინა უფრო კომპლექსურია, ვიდრე მაიდანი“.

„რია ნოვოსტის“ მიერ დატოვებული ვაკუუმის შესავსებად კისელიოვის დანიშვნა დრამატულ ნაბიჯს წარმოადგენს. არადა, „რია-ნოვოსტი“ მთავარი რედაქტორის, სვეტლანა მირონიუკის პირობებში რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებს შორის ყველაზე სანდოდ იყო ქცეული. ეს გადაწყვეტილება ემთხვევა პერიოდს, როცა კრემლს არა მხოლოდ უკრაინის შესახებ სჭირდება თავისთვის ხელსაყრელი მესიჯის გავრცელება, არამედ სოჭის ოლიმპიური თამაშების წინაც სურს სასურველი საინფორმაციო კლიმატის შექმნა.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ყოფილი გენერალური მდივანი იგორ იაკოვენკო ამბობს, რომ ეს ნაბიჯი „თუ პანიკაზე არა, გარკვეულ მღელვარებაზე“ ნამდვილად მიანიშნებს კრემლის შიგნით: „ეს ძალიან არაეფექტიანი გადაწყვეტილებაა. მე ვიტყოდი, სულელურიც, რადგან პროპაგანდის ის სტილი, რომელიც დმიტრი კისელიოვს ახასიათებს, უბრალოდ, ღია ტყუილებს წარმოადგენს. ყველაფერი, რასაც ის მაიდანზე ამბობს, რასაც უწინ ამბობდა რუსეთის ოპოზიციაზე, პირდაპირი ტყუილი და ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი მონტაჟია. ეს მხოლოდ ცენზურის პირობებშია შესაძლებელი - პირობებში, როცა ინფორმაციაზე მონოპოლია არსებობს“.

კრემლის განცხადებით, ახალი სააგენტოს მისია იქნება აღქმაში იმ ასიმეტრიის გამოსწორება, რომელიც მსოფლიოში რუსეთის საგარეო პოლიტიკას ახლავს თან.
[დმიტრი კისელიოვმა] ახლახან მიიღო შესანიშნავი ოსკარი "ევრომაიდნის" გაშუქებაში თავისი პათოლოგიური ტყუილების გამო. მეორე დღეს მას საკმაოდ მსხვილი მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელის სავარძელი უბოძეს. ეს მოვლენები კავშირშია ერთმანეთთან...
იგორ იაკოვენკო

პუტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ორგანიზაცია „რუსეთი დღეს“, რომელიც არ უნდა აგვერიოს კრემლის მიერ დაფინანსებულ ინგლისურენოვან არხ „რაშა თუდეიში“, მიზნად ისახავს „რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოების ცხოვრების შესახებ ინფორმაციის საზღვარგარეთ გადაცემას“.

„რია-ნოვოსტი“, ამისგან განსხვავებით, საკუთარ ღირებულებებად ასახელებდა „სისხარტეს, ობიექტურობას, სიმართლეს და საკუთარ მოსაზრებას, პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად“. კისელიოვის სააგენტოს შეუერთდა კიდევ ერთი დაშლილი მედიაორგანიზაცია - რადიოქსელი „რუსეთის ხმა“.

კისელიოვი, რომელიც, ალბათ, კარგად იცნობს მის მიმართ არსებულ ანტაგონისტურ დამოკიდებულებას, აცხადებს, რომ „რია ნოვოსტიში“ მომუშავე ჟურნალისტებს ადგილზე დატოვებს. ამის მიზეზად ის ამ ჟურნალისტების მიერ მიღწეულ „დადებით შედეგებს“ ასახელებს. თუმცა იაკოვენკო თვლის, რომ კისელიოვის საინფორმაციო პოლიტიკა, რომელსაც ის ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის სტილს ადარებს, ნებისმიერ სააგენტოს ძირეულად შეცვლის:

„არსებობს განსხვავება [„რია-ნოვოსტის“ ყოფილ ხელმძღვანელს] ლოიალურ სვეტლანა მირონიუკსა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, პროფესიონალი ჟურნალისტი იყო, და დმიტრი კისელიოვს შორის, რომელმაც ახლახან მიიღო შესანიშნავი ოსკარი "ევრომაიდნის" გაშუქებაში თავისი პათოლოგიური ტყუილების გამო. მეორე დღეს მას საკმაოდ მსხვილი მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელის სავარძელი უბოძეს. ეს მოვლენები კავშირშია ერთმანეთთან“.
XS
SM
MD
LG