Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პროტესტი გოგი თოფაძეს“


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საგანგებო აქციაზე გააპროტესტეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ გოგი თოფაძის სიტყვები. 3 თებერვალს, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმათოფაძე დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით გოგი თოფაძემ წერილობით მოიხადა ბოდიში და ამისკენვე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს.

„პროტესტი გოგი თოფაძეს“ - ამ სახელწოდებით თბილისში გამართული აქციის მონაწილეები მანამდე შეიკრიბნენ, სანამ დეპუტატი გოგი თოფაძე თავისი სიტყვების გამო ბოდიშს მოიხდიდა. სწორედ ბოდიშის მოხდას მოითხოვდა მისგან აქციაზე მისული ნათია შარვაძე:

„ჩვენ ერთმანეთისგან დიაგნოზებით არ განვირჩევით. შშმ ბავშვები და პირები ვართ ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები და მიგვიღონ, როგორებიც ვართ“.

აქციის მონაწილე მირანდა ძიძიგურის თქმით, პრობლემა არა შეცდომით წარმოთქმული ფრაზაა, არამედ შეცდომის მითითების შემდგომი რეაქცია:

„დიახ, საზოგადოება შეურაცხყოფილია, მაგრამ არა იმ კონტექსტში, როგორც ეს ბატონმა გოგიმ წარმოაჩინა, არამედ ბატონი გოგისგან არის შეურაცხყოფილი და ეს აერია ბატონ გოგის“.

ჩემთვის საჭიროა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც თავისი თანაგუნდელები მოსთხოვენ ძალიან სერიოზულად პასუხს და ეტყვიან, რომ მათთვის მოუღებელია მის გვერდით მუშაობა...
ანა არგანაშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე, დილას გაკეთებული განცახდების მიხედვით, ბოდიშის მოხდის მიზეზს ვერ ხედავდა, შუადღით კი განცხადება გავრცელდა:

„არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი“.

გოგი თოფაძეს ბოდიშის მოხდა 3 თებერვალს პარლამენტში გაკეთებული ამ განცხადების გამო მოუხდა:

„თქვენ ხართ პრეზდენტი, თქვნ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყოველი სიტყვა, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენ, თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე, ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ“.

4 თებერვალს თბილისში პარლამენტის შენობასთან აქციაზე მისული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება გოგი თოფაძის პოლიტიკურ გუნდს მის განცხადებაზე:

„ჩემთვის საჭიროა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც თავისი თანაგუნდელები მოსთხოვენ ძალიან სერიოზულად პასუხს და ეტყვიან, რომ მათთვის მოუღებელია მის გვერდით მუშაობა“.

რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის განცხადებებს, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების პოზიცია არაერთგვაროვანია. გია ჟოჟრჟოლიანი თოფაძის ამ განცხადებაში გარკვეულ საფუძველს ხედავს, ეკა ბესელია კი, ზოგადად, - სადეპუტატო ეთიკის ამაღლების აუცოლებლობას:

„ბატონი გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა, ციტირება თითქოს მოახდინა და ეს ციტატა, ალბათ, უნდა წარმოაჩინოს. საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ, ზოგადად, ბევრად უფრო არაკორექტულ განცხადებებს“.

„უნდა შევთანხმდეთ, რომ პარლამენტში უნდა არსებობდეს მაღალი ეთიკური სტანდარტი და ჩვენ, პარლამენტის წევრები, ჩვენს კრიტიკულ მოსაზრებებს უნდა გამოვთქვამდეთ რაც შეიძლება ეთიკურად და რაც შეიძლება მაღალი მორალური სტანდარტის დაცვით“.

გოგი თოფაძე მისი გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს მთავრობის წარმომადგენლებმა - თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატის, გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც, მისი შეფასებით,შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. უჩა ნანუაშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებენ არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG