Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზები, ოკუპაციის პრობლემა, ურთიერთობა რუსეთთან და ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, უცვლელი დემოკრატიული ღირებულებები, მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროკურატურის სისტემის რეფორმა თუ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები – ასეთი იყო ძირითადი აქცენტები, რომლებიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 თებერვალს, ერთსაათიანი მოხსენების ფარგლებში, პარლამენტის ტრიბუნიდან დასვა. 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზიდენტის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან მოსაზრებები გამოთქვეს ფრაქციათა წარმომადგენლებმა. გამოიკვეთა მწვავე კრიტიკა.

25 წელიწადია, რაც ხელმეორედ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლური სახელმწიფოს მშენებლობა – ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა მოხსენების დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა და ისიც აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ყველა რესურსისა და შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება მოეთხოვებათ. ითქვა, რომ ჯერ ისევ ბევრია პრობლემა, იქნება ეს: საქართველოს ტერიტორიების მეხუთედის ოკუპაცია, ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული ფართომასშტაბიანი მიგრაცია, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკა, სიღარიბისა და უთანასწორობის მაღალი მაჩვენებელი თუ მწვავე ეკონომიკური პრობლემები, რასაც პრეზიდენტი, დიდწილად, საგარეო ფაქტორებით ხსნის:

„გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება – განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, დოლარის გამყარება, ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია, რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები – ეს არის ჩამონათვალი იმ სირთულეებისა, რომლებიც არსებობდა გლობალურად ეკონომიკაში, რომლებიც არსებობდა სპეციფიკურად ჩვენს რეგიონში და რომლებთან გამკლავებაც უწევდა ჩვენს ქართულ ეკონომიკას“.

რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა... ხარისხიანი განათლების სტანდარტების დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს...
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი მარგველაშვილი ეკონომიკურ პრობლემებს 2016 წელსაც მოელის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ წელს საქართველო „სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული“ და ამიტომ სახელმწიფომ „დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობების კაპიტალიზაციის მიმართულებით“. ამ კონტექსტში პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს და 4 მათგანს გამოყოფს:

„ესენია: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები; ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები; აქცენტი რეგიონალური განვითარებისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და, განსაკუთრებით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა... ხარისხიანი განათლების სტანდარტების დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს“.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველოს ისტორიული არჩევანის გათვალისწინებით, 2016 წელი მან „ევროპული სახელმწიფოს“ წლად გამოაცხადა და, შესაბამისად, ყოველწლიურ მოხსენებაშიც მან არაერთხელ გაუსვა ხაზი სარგებელს, რასაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება მოუტანს – ეკონომიკური სიკეთეების გარდა, ხაზი გაესვა, ცხადია, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ახლო მომავლის პერსპექტივასაც. ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ჭრილში ყურადღება გამახვილდა ნატოსთან დაახლოების პროცესზე:

„დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ნატოს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია. შარშან აგვისტოში გაიხსნა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. 2015 წლის ივლისში, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა მასშტაბური მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. შარშანვე, საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე, დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შექმნის პროცესი. გაიმართა მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება...
გიორგი მარგველაშვილი

საგარეო პოლიტიკის ჭრილში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან – შეერთებულ შტატებთან. ითქვა, რომ აუცილებელია „ახალი იმპულსის“ გაჩენა, რათა „საქართველო ვაშინგტონში უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი და უფრო აქტიურად ჩანდეს შეერთებული შტატების პოლიტიკურ რადარებზე“.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, პრეზიდენტის თქმით, მართალია, საქართველოს სურს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან, რუსეთთანაც თანასწორობის პრინციპებზე აგებული ურთიერთობები ჰქონდეს, მაგრამ, ოკუპაციისა და მისგან გამომდინარე პრობლემების ფონზე, ეს შეუძლებელია. პრეზიდენტის თქმით,

რუსეთი ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ რბილი ძალაც გამოიყენოს, რასაც საქართველომ უნდა დაუპირისპიროს კოორდინირებული ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან.

თავის ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე ილაპარაკა: ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ინსტიტუციურ დემოკრატიაზე, სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის შემდგომი რეფორმირების აუცილებლობაზე, ეროვნული ბანკისა და უშიშროების საბჭოს ფუნქციების პატივისცემასა და 2016 წლის არჩევნების ხარისხიანად ჩატარების გარდაუვალ საჭიროებაზე.

პრეზიდენტმა, 3 თებერვლის მოხსენების ფარგლებში, გარკვეული ინიციატივებიც გაახმაურა და, მაგალითად, სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კონტექსტში აღნიშნა, რომ უნდა „დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა „გამოსაცდელი ვადით“ გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი“; „შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია“; „მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება“ და „გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით“.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების კვალდაკვალ გამოცხადებული შესვენება დასრულდა, პარლამენტის ტრიბუნა ფრაქციათა წარმომადგენლებს დაეთმოთ და კოლეგების წინაშე პირველი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე წარდგა. მან პრეზიდენტის მოხსენებას „ყოვლისმომცველი“ უწოდა, მოიწონა მასში დასმული აქცენტები და რამდენიმე აქცენტი თავადაც კრიტიკულად განავრცო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კრიტიკა:

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

“ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ამას „მურუსიძის სასამართლოს“ ვეძახით. გახსოვთ, ალბათ, რომ წინა ხელისუფლების დამარცხების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში სუფევდა უსამართლობა. ვინც იმ უსამართლობას ემსახურებოდა და ვისი ხელებითაც ხდებოდა იმ უსამართლობის წარმოება ქვეყანაში, სწორედ მათი დაწინაურება მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში... მართალი გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელი და აუხსნელია, თუ რატომ აკეთებთ ამას ყველაფერს”.

ვიქტორ დოლიძის შემდეგ ტრიბუნაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წარმომადგენელი გოგი თოფაძე გამოვიდა და თავისი განცხადებებით საკმაოდ უხერხული და დაძაბული სიტუაცია შექმნა. ერთ-ერთი ასპექტი მადლიერების თემას შეეხებოდა და, შესაბამისად, პრეზიდენტი მარგველაშვილი დეპუტატმა თოფაძემ გამოიყვანა უმადურ პოლიტიკოსად, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა არ დაუფასა.

ფრაქციათა წარმომადგენლების ფორმატში, პარლამენტის ტრიბუნა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ სახელით, ტარიელ ლონდარიძეს დაეთმო. ის აშკარად უკმაყოფილო დატოვა პრეზიდენტის მიერ დასმულმა აქცენტებმა და განსაკუთრებით იმან, რომ ეკონომიკური პრობლემები გიორგი მარგველაშვილმა, დიდწილად, საგარეო ფაქტორებს დააბრალა:

„თქვენ თავი შეიკავეთ და იყავით კონსტრუქციული იმ მთავრობის მიმართ, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა. ეკონომიკის მინისტრი დღეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე... ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაამახვილეთ ყურადღება გარე ფაქტორებზე“.

პრეზიდენტის გამოსვლის კვალდაკვალ პოლიტიკური დებატები რომ არ გაიმართებოდა, ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ 2 თებერვალს მიიღო და ასევე გადაწყდა, რომ 3 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს, პარლამენტის ტრიბუნა მხოლოდ 12 საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებს დაეთმობოდათ – თითოეულს 15 წუთით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG