Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტსაბჭოთა სივრცე ვიქტორია ლომასკოს სოციალურ კომიქსებში


ვიქტორია ლომასკოს გამოფენა
ვიქტორია ლომასკოს გამოფენა

3 მარტს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა რუსი მხატვრისა და ფემინისტის, გრაფიკული რეპორტაჟების ავტორის, ვიქტორია ლომასკოს ნამუშევრების გამოფენა. დიდი ხანი არ არის, რაც ლომასკო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობს და ისეთ თემებს იკვლევს, როგორიც არის ქალთა და ლგბტ თემის უფლებები, ურთიერთობა ერებს შორის, კულტურული ტრადიციები და სხვა. სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები მისი რეპორტაჟების მთავარი გმირები არიან. ლომასკოს ნამუშევრების გვერდით გოეთეს ინსტიტუტში გამოიფინა მხატვრის მიერ თბილისში ჩატარებული ფემინისტური უორკშოპის ფარგლებში შექმნილი პოსტერებიც ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, მუშების დისკრიმინაციისა თუ სხვა სოციალურად მწვავე თემებზე. გამოფენის პარალელურად კი გაიმართა კონფერენცია „ქალების ხელოვნება თუ ქალები ხელოვნებაში“ - რა ძალა აქვს ქალის სიტყვას, რას და როგორ ამბობენ ისინი და რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოებაში ქალების პროტესტს.

ვიქტორია ლომასკო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში თავის რიგით მესამე მოგზაურობისას გაკეთებულ რეპორტაჟთან შეჩერდა. „მოგზაურობა დაღესტანში“ - ასე ჰქვია სერიას, რომელიც ერთი დღით გამოიფინა გოეთეს ინსტიტუტში. დაღესტნამდე იყო ბიშკეკი და ერევანი (ყირგიზეთი და სომხეთი), სადაც ვიქტორიას პირველი ორი გრაფიკული რეპორტაჟი მომზადდა. მახაჩკალაში საგანმანათლებლო პროგრამით იყო ჩასული, ლექციები უნდა წაეკითხა. იქ კი შემთხვევით გაიცნო მკვლევარი ქალი, რომელიც გოგონების წინდაცვეთის საკითხს იკვლევდა და შორეულ სოფლებში ექსპედიციაში აპირებდა წასვლას. ვიქტორიას თანამგზავრობა შესთავაზა და ისიც დასთანხმდა. ასე დაიხატა და დაიწერა დაღესტნის მთიან სოფლებში ქალების ყოფის ამსახველი გრაფიკული რეპორტაჟები:

„ჩემთვის ეს აბსოლუტურად პარალელური სამყარო იყო. ძლივს ვასწრებდი ჩანაწერების და ჩანახატების გაკეთებას, იმხელა იყო შთაბეჭდილება. გოგონათა წინდაცვეთის საკითხის გარდა, სხვა უამრავ არანაკლებ სასტიკ პრობლემას წავაწყდი. მაგალითად, როგორიცაა ქალებზე სრული კონტროლი ჯერ მამის და ძმის, ხოლო შემდგომ - ქმრის მხრიდან. ვნახე, რომ ეკრძალებოდათ ინტერნეტით სარგებლობა, ტელეფონით საუბარი ან მეგობარ გოგოსთან ერთად გარეთ გასეირნება - ვაითუ, იქ ვინმეს შეხვედროდნენ. როდესაც უფროსი ასაკის ხალხს ვკითხე აზრი, მითხრეს, რომ წლების წინაც ასე იყო, კომუნიზმის ეპოქაში, ხოლო როცა რეპორტაჟი გამოქვეყნდა, მეტი ყურადღება გოგონების წინდაცვეთის საკითხს დაეთმო, რამაც ცოტა გული დამწყვიტა, რადგან ჩრდილში მოექცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ქალების გარეგნობაზე სრული კონტროლი, პროფესიის არჩევის შეუძლებლობა. ნუთუ ეს ნაკლები საშინელებაა?!“

ვიქტორია ლომასკოს გრაფიკული რეპორტაჟების გამოფენა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მეხუთე სართაშორისო გენდერული უორკშოპის ფარგლებში მოეწყო. თავად უორკშოპი კი მოიცავს კონფერენციების სერიას, რომელიც ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისების ორგანიზებით იმართება ხოლმე, ხოლო მოქმედების ადგილი სულ იცვლება - ღონისძიებები ხან კიევშია, ხან ვარშავაში, ხან ბერლინში, ხანაც თბილისში. როგორც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელმა ნინო ლეჟავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კონფერენციის საერთო სახელია „ქალი საჯარო სივრცეში“. ქალი ხელოვნებაში თუ ქალის ხელოვნება, ქალის რეპრეზენტაცია სწორედ ამ სფეროში, როგორც ასევე საჯარო სივრცეში, და კითხვა, ქალი ობიექტია თუ სუბიექტი, კონფერენციის ერთ-ერთი თემაა. არც რუსი მხატვრის, არაერთი გრაფიკული სოციალური არტის ავტორისა და აქტივისტის, ვიქტორია ლომასკოს გამოფენით ამ კონფერენციის გახსნა ყოფილა შემთხვევითი ამბავი:

ჩემი მიზანი იყო ვყოფილიყავი დამოუკიდებელი მკვლევარი თანამედროვე რუსეთში, რაც, როგორც ხვდებით, არც ისე ადვილი საქმეა. რაც ჩვენ რუსეთის ოფიციალური მედიასაშუალებებიდან გვესმის, ეს სულ სხვა სინამდვილეა, ვიდრე ის, რასაც სხვადასხვა სოციალურ ფენებზე ჩვენი დაკვირვებით შეიძლება წავაწყდეთ...
ვიქტორია ლომასკო

„ვიქტორია ლომასკო თავის ხელოვნებაში ყველაფერს აერთიანებს. ის იმით არის საინტერესო, რომ არ არის მხოლოდ რეპორტიორი ან მხატვარი, ან ფემინისტი, ან აქტივისტი. ხშირად ხდება ისე, რომ როდესაც აქტივიზმი ჭარბობს, ხელოვნების ნაწილი ისე კარგად აღარ ჩანს ან ისეთი საინტერესო აღარ არის. ან პირიქითაა: არიან ძალიან კარგი მხატვრები, არტისტები, რომლებიც ძალიან აპოლიტიკურები არიან და საერთოდ არ ინტერესდებიან თავიანთ გარშემო მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური თუ კულტურული პროცესებით. ლომასკო სწორედ ასეთი ტიპის მხატვარია - რასაც აკეთებს, აკეთებს ხარისხიანად. ის არა მხოლოდ ხატავს, არამედ უსმენს, აგროვებს, აზუსტებს, სვამს კითხვებს და იკვლევს. და კიდევ: ის არ არის, უბრალოდ, გაბრაზებული ან გაღიზიანებული ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი ემოცია გამოხატოს. არა. ის, პირიქით, თავის მიდგომებსა და დამოკიდებულებას სხვა ადამიანებზე დაკვირვებით, მათი აღწერით გამოხატავს“.

ვიქტორიას ყოველთვის სურდა გრაფიკულ მხატვრობაში ემუშავა. ეს თავისუფლებაა, ამბობს ის: გაქვს ალბომი, ფანქრები და სრული დამოუკიდებლობა. არ ხარ მიბმული არც ერთ ინსტიტუციასა თუ გალერეაზე. გრაფიკულ ნამუშევრებს ემატება ტექსტიც და გამოდის სოციალური კომიქსი. მხატვრობის ეს ერთგვარი ბმა ჟურნალისტიკასთან სულ მაინტერესებდა, - უთხრა ვიქტორიამ რადიო თავისუფლებას:

„ჩემი მიზანი იყო ვყოფილიყავი დამოუკიდებელი მკვლევარი თანამედროვე რუსეთში, რაც, როგორც ხვდებით, არც ისე ადვილი საქმეა. რაც ჩვენ რუსეთის ოფიციალური მედიასაშუალებებიდან გვესმის, ეს სულ სხვა სინამდვილეა, ვიდრე ის, რასაც სხვადასხვა სოციალურ ფენებზე ჩვენი დაკვირვებით შეიძლება წავაწყდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ საზოგადოებების ხმების მიტანა სხვებამდე - იქნებიან ეს არასრულწლოვანი დამნაშავეები, სექსმუშაკები, ქალები თუ მუშები. სულ ახლახან ახალი პროექტი დავიწყე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის კვლევას ისახავს მიზნად. უკვე სამი რეპორტაჟი მოვამზადე - ერევნიდან, დაღესტნიდან და ყირგიზეთიდან. და ყოველი რეპორტაჟის გამოქვეყნებისას რუსეთში რეაქცია არის ასეთი: ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით“.

ამ ჟანრში ვიქტორია 2008 წლიდან მუშაობს. მანამდე სხვადასხვა ჟურნალში თანამშრომლობდა ილუსტრატორად. თანამედროვე ხელოვნებაშიც სცადა მუშაობა, მაგრამ ყოველთვის ზუსტად იცოდა, რომ უფრო მეტად ნამდვილი, მის გარშემო არსებული აინტერესებდა.

შეხვედრა გოეთეს ინსტიტუტში
შეხვედრა გოეთეს ინსტიტუტში

რას დახატავს და რაზე დაწერს საქართველოდან წასვლის შემდეგ, რა აღმოჩნდა მისთვის საინტერესო საქართველოში, ვკითხეთ ვიქტორია ლომასკოს. არც დაფიქრებულა, ისე გვითხრა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქართველების სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაო:

„საკმარისია რუსულად ალაპარაკდე, რომ ეს განწყობა მაშინვე შეიმჩნევა. თუ გისმენს 40 წელს გადაცილებული ადამიანი, უფროსი თაობა, მათ უფრო მეგობრული დამოკიდებულება უჩნდებათ, სხვათა შორის, ჩემგან არაფრით დამსახურებული, და მხოლოდ იმიტომ არიან კეთილგანწყობილები, რომ რუსეთიდან ვარ და მათ ნაწილს საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია აქვს. მეორე მხრივ კი, ასევე დაუმსახურებლად, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვაწყდები ხოლმე ახალგაზრდა თაობის მხრიდან გამოკვეთილად ცივ დამოკიდებულებას, მიუხედავა იმისა, რომ მე სოციალურ ხელოვნებას, ოპოზიციურ ხელოვნებას წარმოვადგენ და არა პუტინს“.

ვიქტორია ლომასკოს ასევე ვკითხეთ, როგორი რეაქცია მოჰყვება ხოლმე მის ნამუშევრებს რუსეთში. ჩვენ არ ვიცოდით. აი, თურმე როგორ ყოფილა: ასეთი რეაქციებიაო, - ამბობს ვიქტორია, - მედია რუსეთში ასეთ თემებს ან არ აშუქებს, ან აშუქებს აბსოლუტურად სხვა რაკურსით, რომელშიც სინამდვილის გარჩევა შეუძლებელია - ეს სინამდვილის გადმოცემის ხელისუფლებისათვის მომგებიანი ვერსიებიაო. შესაბამისად, მხოლოდ დამოუკიდებელ მკვლევრად დარჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი ამ ხმების ზედაპირზე ამოტანა.

მე, როგორც ქალს, რომელიც განვიცდი დისკრიმინაციას, შემიძლია მხარდაჭერა გამოვხატო გაფიცული მუშისადმი, რომელიც ასევე განიცდის დისკრიმინაციას. პროტესტის დროს ადამიანების მრავალფეროვნება იმ საერთო სურათს აჩვენებს, რომ სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა რეალურად ერთმანეთთან კავშირშია...
ნათია გვიანიშვილი

თბილისში სტუმრობისას ვიქტორია ლომასკომ ჩაატარა ფემინისტური ტრაფარეტის მასტერ-კლასი, რომელზეც ქალებმა - მხატვრებმაც და აქტივისტებმაც - თავად დაამზადეს საპროტესტო შინაარსის პოსტერები. 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში თვალს მოჰკრავთ წარწერებს, შემდეგი შინაარსით:„ნაადრევი ყველაფერი კარგი არ არის“, „ქალო, მოდი, ნასკი გამხადე“, „განქორწინება ქართულად“, „აანთეთ სინათლე გვირაბის ბოლოს“, „არის შახტიდან ამოსავალი?“ „მხოლოდ ვაჟები გადარჩებიან“ და სხვა. ეს სწორედ ლომასკოსთან ერთად მუშაობის შედეგია.

დიახ, უნდა გავბრაზდეთ და გავაპროტესტოთ, გვითხრა გამოფენაზე მისულმა ფემინისტმა და აქტივისტმა ნათია გვიანიშვილმა. ის ფიქრობს, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც ქალი გაჩუმებული უნდა იყოს, სადაც მას „გაბრაზება“ არ უხდება, პროტესტი ქალებისათვის ერთგვარად თვითრეაბილიტაციის აქტი ხდება. პროტესტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პრობლემა ყველამ დაინახოს და მნიშვნელოვანია ჯგუფებს შორის სოლიდარობისთვისაც:

„ვგულისხმობ იმას, რომ მე, როგორც ქალს, რომელიც განვიცდი დისკრიმინაციას, შემიძლია მხარდაჭერა გამოვხატო გაფიცული მუშისადმი, რომელიც ასევე განიცდის დისკრიმინაციას. პროტესტის დროს ადამიანების მრავალფეროვნება იმ საერთო სურათს აჩვენებს, რომ სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა რეალურად ერთმანეთთან კავშირშია. მე მგონია, რომ სწორედ კოლექტიური გაბრაზების და პროტესტის პირობებში მიიღწევა ხოლმე შედეგი, რაღაც იცვლება. მაგალითად, 2014 წლის 25 ნოემბერს სწორედ იმ დაგროვილი ბრაზის შედეგად მოიყარა თავი ამდენმა ქალმა, მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გავბრაზდით, რომ ყოვედღიურად გვკლავენ ამ ქვეყანაში“.

სწორდ პირადმა პროტესტმა მიიყვანა მხატვარი ლია უკლება, როგორც თავად უწოდებს, იმ ბრუტალურ, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასტიკ მხატვრობამდე, რომელსაც 20-წლიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდა. გოეთეს ინსტიტუტში გამოფენის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე მან ღიად ილაპარაკა იმ დაბრკოლებებზე, მეუღლის ოჯახში რომ შეხვდა პროფესიის არჩევისას. გაიხსენა, რომ ამ აკრძალვის გამო, არ გამხდარიყო მხატვარი, თავისი ორი შვილისთვის ყვავილიც კი არ დაუხატავს. მხოლოდ შემდეგ, უკვე 36 წლის ასაკში, დახატა ის, რისი დახატვაც სურდა, - უფრო სწორად, ამოთქვა. ჩემთვის ეს არის სოციალური არტი, - ამბობს ლია და თან ვიქტორიას ნამუშევრებს ათვალიერებს, - ხედავდე იმას, რაც ხელისგულზე დევს - ბაზარში, ქუჩაში, ტრანსპორტში, ჩვენს გვერდით. ასეა საქართველოშიც:

„მე მგონია, რომ დღეს საქართველოში არც ერთ ხელოვანს არა აქვს უფლება, თუ მას შეუძლია თავისი ენით რამე თქვას, გვერდი აუაროს პრობლემებზე ლაპარაკს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვილაპარაკო რელიგიურ ექსტრემიზმზე, ბავშვების შიმშილით დახოცვაზე, ქალთა დისკრიმინაციასა თუ მუშების ჩაგვრაზე. მირჩევნია ამაზე ვილაპარაკო და მლანძღონ, ვიდრე გავჩუმდე და სალონური ტიპის მხატვარი ვიყო. ეს ჩემი არჩევანია“.

ის საკითხები, რომელსაც ვიქტორია ლომასკო ეხება თავის გრაფიკულ ნამუშევრებსა და დართულ ტექსტებში, არც საქართველოსთვის არის უცხო, ფიქრობს ხელოვნებათმცოდნე, ფემინისტი თეო ხატიაშვილი. მაგრამ რამდენად სვამენ ასეთსავე აქცენტებს ხელოვანი ქალები საქართველოში და შეუძლია თუ არა მათ საქმიანობას შეცვალოს რეალობა? თეო ხატიაშვილს ასეთი გლობალური ცვლილებების იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ქალების შესახებ სტერეოტოპების დანგრევის საქმეს ყველა მცდელობა ეხმარება:

„ქალი ავტორები - ისინი მაინც, ვისაც გააზრებული აქვს თავისი ქალური იდენტიფიკაცია - ცდილობენ ლინზები შემოატრიალონ და საზოგადოებას დაანახვონ არა ის თოჯინა, რომელიც ტრადიციულ კულტურაში, ტრადიციულ საზოგადოებაში არსებობს და ხშირად უფრო მუზაა, განდიდებული არსება, არამედ აჩვენონ რეალური ქალი, რეალური პრობლემებით. აი, ამ პატარა გამოფენაშიც ეს ძალიან კარგად ჩანს“.

ვიქტორია ლომასკო კი უკვე მუშაობს თავისი სოციალური კომიქსების ქართულ ვერსიაზე. შერჩეული აქვს ის თემები, რომელთაც საქართველოს შესახებ თავის რეპორტაჟში ჩართავს. მათ შორის ერთ-ერთი, როგორც გვითხრა, 9 აპრილის ტრაგედიაა, რომლის შესახებაც პირადად მას აქამდე ბევრი არაფერი სმენოდა. ამბობს, რომ როდესაც რუსეთში ჩავიდა და თბილისში 1989 წლის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ სხვებს ჰკითხა, აღმოჩნდა, რომ გარშემო ამ დღეზე არავინ არაფერი იცოდა: „თქვენთან ეს ტრაგედიაა, იქ კი მიახლოებითაც არ იციან, რა მოხდა“, - უთხრა ლომასკომ რადიო თავისუფლებას.

და კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალშიმისთვის ჩვეული ბასრი ხელწერით დაწერს და დახატავს ვიქტორია, ეკლესია და თანამედროვე საქართველოს საზოგადოებაზე მისი გავლენა იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG