2015 წელს კატო მიქელაძის პრემია ფემინისტ მხატვარს, ლია უკლებას, გადაეცა. ქალთა უფლებების დამცველები ლიას კარგად იცნობენ, ფართო საზოგადოებამ კი ის სულ ახლახან გაიცნო ნახატით „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქალთა ფონდის“ მიერ დაწესებული პრემია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ფემინისტის, კატო მიქელაძის, სახელს ატარებს, წელს უკვე მესამედ გაიცა და მასზე 18 ქალი იყო წარდგენილი - ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში თავდაუზოგავად იბრძვიან ქალთა უფლებების დასაცავად.
გამორჩეულ ქალებს - ქალთა უფლებების დაცვისათვის - ძალიან მოკლედ, ეს არის არსი კატო მიქელაძის პრემიისა, რომლის დაწესების იდეა პირველად 2013 წელს, გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო 16-დღიანი კამპანიის დროს, გაჩნდა. ინიციატორი „ქალთა ფონდი“ იყო. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა ფანცულაია, მოგვითხრობს, რომ კატო მიქელაძის პრემიის გადაცემის დღედ 29 ნოემბერი აირჩიეს - ქალ უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე, რომელიც საქართველოში მანამდე არასოდეს აღუნიშნავთ. კატო მიქელაძის პრემიის პირველი ლაურეატი 2013-ში ეკა აღდგომელაშვილი გახდა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ფემინისტი, აქტივისტი - მოკლედ, ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ყველასთვის ცნობილი ქალი:
„ჩვენთვის კატო მიქელაძის სახელობის პრემიას ეგ დატვირთვაც აქვს, რომ ქალი უფლებადამცველები, ფემინისტი აქტივისტები იყვნენ ცნობილები, ხოლო პრემია სწორედ იმ ქალის სახელს უნდა ატარებდეს, რომლის სახელიც თითქმის დაკარგული იყო და ჩვენმა თაობამ, თანამედროვეობამ გააცოცხლა. მაგრამ პრემიის იდეა ისიც არის, რომ ვინც დღეს იბრძვის და ჩვენს გვერდითაა, ისინიც შევუნარჩუნოთ მომავალს და მათ გასახსენებლად თუ გასაცოცხლებლად მომავალშიც მკვლევარები არ დაგვჭირდეს, ჩვენ შევინახოთ მათი სახელები და ღვაწლი“.
კატო მიქელაძის პრემიით ჯილდოვდება ქალი, ვინც წლებია ქალთა უფლებების სფეროში მუშაობს. ის ახალბედა უფლებადამცველიც წახალისდება, რომელიც ახლა შეუდგა ქალების უფლებებისათვის ბრძოლის გზას. და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეს პრემია ეყრდნობა: ქალებისათვის უსაფრთხო სივრცის შექმნა, მათი დაცვა, რაც სწორედ მათი სახელის ხმამაღლა თქმით, მათი გამოყოფით მიიღწევა, - გვითხრა ნანა ფანცულაიამ.
„ქალთა უფლებების დამცველები, რომელთაც ძალიან ხშირად ემუქრებათ საფრთხე, ხშირად არიან მარგინალიზებულები და საფრთხეს ესეც ზრდის, სწორედ ამის ფასად უწევთ მათ გაბედული მოქმედება, ამ მხრივაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მათი დასახელება, წინ წამოწევა, მათი ჩვენება საზოგადოებისათვის - ასე ჩვენ მათ დავიცავთ. მის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზეც ზრუნავ“.
კატო მიქელაძის პრემიაზე განაცხადების წარდგენა შეუძლია ყველას - როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. საჭიროა „ქალთა ფონდის“ სპეციალური განაცხადის შევსება, სადაც სასურველ კანდიდატს მიუთითებენ, წერენ მისი საქმიანობისა და დამსახურების შესახებ და იქვე რამდენიმე სიტყვით მიუთითებენ, თუ რატომ ეკუთვნის სწორედ მას კატო მიქელაძის პრემია. ნომინანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს, მაგალითად, როგორც ნანა ფანცულაიამ გვითხრა, კატო მიქელაძის პრემიაზე 18 კანდიდატი დასახელდა. ეს მატება იმასაც ამტკიცებს, რომ ასეთი ქალები საქართველოში არც ისე ცოტანი არიან, თუმცა ხშირად მათ შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. ყოველი გამარჯვებული მომდევნო წელს ჟიურის წევრი ხდება და ახლა თავად ირჩევს ახალ ლაურეატს. ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია და მასში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალებს იწვევენ, რომელთაც გარკვეული შეხება აქვთ ქალთა უფლებებთან. სწორედ მათი ხმებია გადამწყვეტი - ვინ გაიმარჯვებს.
აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, შინაგანად მძიმე იყო ქალის პრობლემები, თუ რას განიცდის ქალი ჩვენს საზოგადოებაში, როგორ ცხოვრობს, რა არის მისი ცხოვრების წესი, და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მთავარი ნიშა თუ ამოსავალი სწორედ ქალის უფლებები იყო...ლია უკლება
2015 წლის კატო მიქელაძის პრემია ჟიურიმ, საერთო შეთანხმებით, ფემინისტ მხატვარ ლია უკლებას გადასცა, რომლის ნახატმაც „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოება, ფაქტობრივად, ორად გაყო და დიდი ვნებათა ღელვაც გამოიწვია. ერთმა ნაწილმა ნახატი ღვთისმშობლის და, ზოგადად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვა, მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ სწორედ ხელოვნებით გადმოცემული ასეთი გაბედული სიმართლე შეიძლება გახდეს მხოლოდ საზოგადოების თავისუფლების, ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა.
ნანა ფანცულაია ლია უკლებაზე ამბობს, რომ მისი შემოქმედება და სათქმელი - მთლიანად, საქმიანობა - ძალიან ფემინისტური და, ამავე დროს, კონტრავერსულიცაა, რაც კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვს, მით უმეტეს, თუ საქართველოში ცხოვრობ და ქმნი:
„მიხარია, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით ეს პრემია ერგო ადამიანს, რომელიც კიდევ ბევრჯერ დაგვანახვებს რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ხელოვანს თავისი ენით“.
ქალების უფლებები ლია უკლებასათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი თემა იყო. ბავშვობის შემდეგ დაგროვილი მისი ყველა შეხედულება, გამოცდილება, სწორედ მათ უკავშირდებოდა. ეს ყველაზე კარგად ლიას პირველი პერსონალური გამოფენის დროს გამოჩნდა - ერთ დიდ სივრცეში გამოფენილი ყველა ნახატი სწორედ ქალებს ეძღვნებოდა.
„აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, შინაგანად მძიმე იყო ქალის პრობლემები, თუ რას განიცდის ქალი ჩვენს საზოგადოებაში, როგორ ცხოვრობს, რა არის მისი ცხოვრების წესი, და ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მთავარი ნიშა თუ ამოსავალი სწორედ ქალის უფლებები იყო“.
რადგან ლიას ნახატებიდან დღეს ყველაზე ცნობილი საქართველოს საზოგადოებისათვის მაინც „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ გახდა, ვკითხე, რატომ მიიდო იარაღი მარიამ ღვთისმშობელმა და რატომ გაითამაშა თვითმკვლელობა. ლია უკლებამ გვითხრა, რომ რადგან საქართველოში ძალიან ძნელია ქალმა ხმა აიმაღლოს და, მით უფრო, ეს ხმა მთელ ქვეყანას მიაწვდინოს, მან მთავარის სათქმელად საქრისტიანოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი აარჩია და სწორედ მას ათქმევინა ის, რაც სურდა:
„სწორედ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ქალს ვათქმევინე, რომ იცით რა, მე ვარ მნიშვნელოვანი პერსონა, ჩემზეა დამოკიდებული, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მე ვარ ის, ვინც უნდა გააჩინოს ან არ გააჩინოს უფალი. შესაბამისად, ჩემი დანახვა, ჩემი გათვალისწინება, გინდათ თუ არა ეს, თქვენ მაინც მოგიწევთ. ეს იყო ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც ქალთა უფლებების ჭრილში ჰქონდა ამ ნახატს“.
ასეთი ქალების უმრავლესობა საქმეს არ აკეთებს ჯილდოსთვის, ისინი სხვაგვარად უყურებენ, ცხადია, ამ ყველაფერს. მართლა მათი სიცოცხლის ნაწილია ბევრისთვის ეს საქმე და აღარ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ამით ხელს ვუწყობთ ჩვენივე თავის უჩინარობას და უხილაობას...ეკა აღდგომელაშვილი
ლია უკლებას ახლა დროებითი პაუზა აქვს. ამბობს, რომ მთლიანად ემოციების ადამიანია და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა და როგორ უნდა დახატოს მომავალში, რა იქნებოდა სწორი და ა. შ. მისივე სიტყვებით რომ გითხრათ, „ქაოსურად დაემორჩილება საკუთარ გულწრფელ სურვილებს“.
მახსოვს, კატო მიქელაძის პრემიის სულ პირველმა ლაურეატმა მაშინ, 2013-ში, თქვა, რომ კატოს სახელის მატარებელი ჯილდოს ფლობა მისთვის ყველა ჯილდოზე მეტს ნიშნავდა. დღეს როცა ამ ამბავს ვიხსენებთ, ეკა აღდგომელაშვილი პირველ მადლობას ლელა გაფრინდაშვილს უთვლის, რადგან კატო მიქელაძის და სხვა ქართველი ფემინისტი ქალების სახელები სწორედ მან გააცნო საზოგადოების დიდ ნაწილს:
„ლელა იყოს სწორედ ის ქალი, ვისგანაც პირველად შევიტყვე არა მხოლოდ კატო მიქელაძის შესახებ, არამედ სხვა ბევრი ქალის შესახებაც, რომელთაც სამზარეულოს წიგნის ავტორად ან საბავშვო მწერლად ვიცნობდით. ამის თქმა და საჯაროდ მისთვის მადლობის გადახდა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ეს ჯილდო და პრემია, პირველ რიგში, იმ ქალების არსებობის, საქმიანობის, იმ წვლილის დანახვას ემსახურება, რომელსაც ვერც ქვეყანა ხედავს, ვერც საზოგადოება“.
ქალების დაუნახაობის მიზეზი ჩვენს საზოგადოებაში არ არის მხოლოდ ის განსაკუთრებული როლი, რომელიც ამ კულტურაში მამაკაცს უჭირავს, გვითხრა ეკა აღდგომელაშვილმა. ამის მიზეზი ის საქმეც შეიძლება გახდეს, რასაც ქალები აკეთებენ და რაც ხშირად, ისევ ქალთა უფლებების დასაცავად, მათ ავალდებულებს ნაკლებად იხმაურონ მის გამო.
„ასეთი ქალების უმრავლესობა საქმეს არ აკეთებს ჯილდოსთვის, ისინი სხვაგვარად უყურებენ, ცხადია, ამ ყველაფერს. მართლა მათი სიცოცხლის ნაწილია ბევრისთვის ეს საქმე და აღარ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ამით ხელს ვუწყობთ ჩვენივე თავის უჩინარობას და უხილაობას და ამიტომ მართლა შინაგანადაც ასე ვთვლი, რომ ამ პრემიას იმ ასობით ქალთან ერთად ვიზიარებ, ვისთვისაც ეს საქმე მართლა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“.
კატოს პრემია არის ამ პარადიგმის ცვლილების ნიშანი, გვითხრა ეკამ. და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალი:
„ის, რომ თავისთავად ეს პრემია კატო მიქელაძის სახელს ატარებს, ეს ერთგვარ ხიდს ქმნის სხვადასხვა თაობის და ეპოქის ფემინისტებს შორის, ვინც თავდაუზოგავად შრომობდა და შრომობს სამართლიანობისათვისაც და თანასწორობისთვისაც“.
თუ საგანგებოდ ამ ქალების ბიოგრაფიებს არ ჩაუჯექი და არ გადაიკითხე, რა უკეთებიათ, სად უმუშავიათ, როგორ რისკზე წასულან და რა საფრთხეში ჩაუგდიათ თავი სხვა ქალების კეთილდღეობისათვის, ისე, შესაძლოა, ვერც მიხვდე მათი საქმის მნიშვნელობას. ოდნავ სუბიექტური, ალბათ, მეც ვიქნები, რადგან 2014-ში ჟიურის წევრობის პატივი მერგო. ბევრი მათგანი მეც მაშინ გავიცანი ახლოდან, როდესაც ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის გზაზე მათ მოკლე თავგადასავლებს ჩავხედე. მაშინ ჟიურის რჩეული ფონდ „ტასოს“ ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი გახდა, რომელიც მუშაობს ქალთა გაძლიერებისათვის საქართველოს 60-ზე მეტ სოფელში.
„ჩვენ არასოდეს ვამბობთ, რომ რაღაცას ვაკეთებთ მათთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაკეთებთ მათთან ერთად. მათი ჩართვა, ჩაბმაა ჩვენი სამუშაო. საქართველოში კი ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ქალთა მონაწილეობის გარეშე ვერანაირად ვერ გადაწყდება. ეს ძალიან ბევრ საკითხს ეხება - იქნება ეს მშვიდობა, სურსათის უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებით მოტანილი პრობლემები თუ სხვა. მაგრამ ჩვენ უნდა, ბოლოს და ბოლოს, დავიჯეროთ, რომ საქართველო ამდენი ხანია რომ აცხადებს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა, ამის ნამდვილად მისაღწევად მხოლოდ მთავრობის მუშაობა არ არის საკმარისი. ხალხის ჩართვის გარეშე ეს არ გამოვა. რადგან ჩვენ გვაქვს ქალთა ჩართულობის დეფიციტი ამ პროცესში, ამიტომ ვმუშაობთ სწორედ ქალებთან ერთად და ველით ჩვენი მუშაობის შედეგებს, რაც მიიღწევა მხოლოდ გრძელვადიანი საქმიანობით, რომელშიც მოსვენება არ შეიძლება იყოს“.
რაც შეეხება ჯილდოს, მარინა თაბუკაშვილი იხსენებს, რომ შარშან, როცა ის კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატად დასახელდა, დარბაზს მოავლო თვალი - იქ ძალიან ბევრი ისეთი ქალი იყო, ვინც წლებია ამ სფეროში მუშაობს და ვისაც ასევე ეკუთვნოდა ეს ჯილდო და ყველაზე სასიამოვნო იყო ის ფაქტი, ამბობს მარინა თაბუკაშვილი, რომ მისი სახელისა და გვარის გაცხადება არავის სწყენია - ეს მხარდაჭერა და კმაყოფილება კი მარინა თაბუკაშვილისათვის ყველა ჯილდოზე მაღლა დგას.