Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინადადებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესებისთვის


საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებების პრეზენტაცია
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებების პრეზენტაცია

21 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებები, რომელთა მიხედვითაც უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. რა ხარვეზებს ხედავს ინსპექტორი არსებულ კანონმდებლობაში?

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ფიქრობს, რომ, მიუხედავად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილებებისა, მასში კვლავაც რჩება გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც, მისი თქმით, პრინციპული მნიშვნელობისაა. საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო, გულისხმობს ცვლილებებს 10 კანონში. ამ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, თამარ ქალდანის აზრით, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობა მაქსიმალურად მიუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. როგორც თამარ ქალდანი განმარტავს, უნდა გაფართოვდეს კანონის მოქმედების სფერო და, მცირე გამონაკლისების გარდა, ის სრულად უნდა გავრცელდეს ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე.

თამარ ქალდანი
თამარ ქალდანი

„ჩვენ გვაქვს წინადადებები, რომლებიც, ჩვენი საზედამხედველო საქმიანობის ორწლიანი შედეგების მიხედვით შევიმუშავეთ. ეს ეხება როგორც მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ჩვენი მხრიდან უფრო ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას. არის კონკრეტული საკითხები, სადაც ვფიქრობთ, რომ კანონი არ არეგულირებდა ან სრულად არ ფარავდა მოქალაქეთა მონაცემების დამუშავებას“, - ამბობს თამარ ქალდანი.

ერთ-ერთი ასეთი საკანონმდებლო წინადადება, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისი მუშაობს, ეხება აუდიოჩაწერისა და აუდიოკონტროლის რეგულირებას. სწორედ აუდიოჩაწერა გახდა საფუძველი რამდენიმე თვის წინ იმ სამი სააფთიაქო ქსელის დაჯარიმებისა, რომლებიც, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლების საუბრის აუდიოჩაწერას ახორციელებდნენ. მაშინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ ჩაწერა არამართლზომიერად მიმდინარეობდა და ირღვეოდა როგორც მომხმარებელთა, ისე მომსახურე პერსონალის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ნიკა ბრეგვაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, განმარტავს, რომ აუდიოჩაწერის შემთხვევაში აუცილებელია გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება. მისი თქმით, ეს ფაქტორი ცხადად უნდა იყოს გაწერილი კანონმდებლობაში:

„კანონმდებლობის ხარვეზი უნდა გამოსწორდეს, რადგან სადაც ვიდეოთვალთვალი მეტ-ნაკლებად რეგულირებულია, აუდიომონიტორინგიც მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული, თუნდაც ეს მომსახურების ხარისხს ეძღვნებოდეს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა შემთხვევაში ხდება აუდიოჩაწერა და რა შემთხვევაში უნდა იყოს მომხმარებელი ინფორმირებული ამის შესახებ“.

იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ორგანიზაცია ჩათვლის, რომ შშმ პირის კანონიერ ინტერესს იცავს და მას მომსახურება უნდა მიაწოდოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხომ არ გახდება ეს საფუძველი იმისა, რომ შშმ პირის შესახებ ინფორმაცია მათ გამოითხოვონ ამ პირის თანხმობის გარეშე...
ანა არგანაშვილი

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 21 სექტემბერს გაამახვილა ყურადღება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას, ეხება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას. როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია მითითებული, მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეს ინიციატივა ანა არგანაშვილისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლისთვის. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კანონი მაქსიმალურად უნდა იცავდეს გავრცელებისაგან, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემებს, თუნდაც ეს მათ ინტერესებს ემსახურებოდეს:

„იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ორგანიზაცია ჩათვლის, რომ შშმ პირის კანონიერ ინტერესს იცავს და მას მომსახურება უნდა მიაწოდოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხომ არ გახდება ეს საფუძველი იმისა, რომ შშმ პირის შესახებ ინფორმაცია მათ გამოითხოვონ ამ პირის თანხმობის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ შშმ პირს აქვს სრული უფლება, უარი თქვას სერვისებზე და ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება მის შესახებ მონაცემების გამოთხოვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუკი ეს საკანონმდებლო ცვლილებები დისკუსიის რეჟიმში დამუშავდება, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ეს პირები ჩაერთონ ამ პროცესში“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც პირდაპირ მარკეტინგს ეხება და გულისხმობს ერთიანი ვებპორტალის შექმნას. მართალია, ამ პორტალზე დარეგისტრირება პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ყველა პირისთვის იქნება სავალდებულო, მაგრამ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პორტალის მეშვეობით ერთიანად თქვან უარი მათთვის არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, იზრდება კანონით გათვალისწინებული ჯარიმების რაოდენობაც. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ერთდროულად ირღვევა 100 ან მეტი მოქალაქის უფლება.

XS
SM
MD
LG