Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი
28 იანვარს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დახვეწაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების და, რაც მთავარია, ამ საქმის გამოძიების საკითხებზე ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. 28 იანვარს უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიება სახალხო დამცველმაც მოითხოვა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა.

“იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ის უწყებაა, რომელიც პირადი მონაცემების დაცვის კუთხით ყველაზე მეტ ინფორმაციას ინახავს, თუმცა არც ერთი ამ მონაცემთაგან არ ინახება უკანონოდ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს...
უჩა ნანუაშვილი

წულუკიანი აცხადებს, რომ ამჟამად მთავრობა მუშაობს ერთ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს კანონით აეკრძალება ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე იმაზე მეტი ინფორმაცია დაიტანოს მოქალაქის თანხმობის გარეშე, ვიდრე დღეს ეს ბარათი შეიცავს:

„თუმცა არის მოთხოვნა ბიზნესმენებისგან, სტუდენტებისგან, დევნილებისგან, შშმ პირებისგან, რომ ამ ბარათში მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ინახებოდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება კანონი, რომელიც იტყვის, რომ მხოლოდ მოქალაქის ნებართვით - და მისი სურვილის შემთხვევაში - სერვისების განვითარების სააგენტომ შეძლოს ამგვარი ინფორმაციის დამატება ყველა საბაზისო ინფორმაციაზე, რომელსაც ყველა სახელმწიფო უნდა ინახავდეს“.

წულუკიანის განცხადებით, პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორით ხვდება და ნელ-ნელა ყალიბდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც ინსტიტუტი. იმის შეგნებით, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან, საზოგადოებას შეუძლია პასუხი მოსთხოვოს სახელმწიფოს ან კერძო სექტორს, თუკი ის, მინისტრისავე სიტყვებით, „გაუმართლებლად ჩაყოფს ცხვირს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის".

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საჭიროებაზე ლაპარაკობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც:

„ჩვენ დღეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს იმისთვის, რომ ამაღლდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი. ასევე გვინდა გავაანალიზოთ დღეს, რა პრობლემებია მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით, ასევე როგორ შეიძლება, რომ მთლიანი სისტემა გახდეს მოქალაქეთა დაცვაზე ორიენტირებული“.

28 იანვარს ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომელმაც ასევე ხაზგასმით თქვა, რომ საჯარო დაწესებულებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ მოქალაქეების შესახებ მის ხელთ არსებული მონაცემები მოქალაქეების პირადი კუთვნილებაა და არა სახელმწიფოსი.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
"ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ დღეებში, როდესაც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნებოდა კანონი "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ", მეორე უწყებაში ქმნიდნენ და არქივში ინახავდნენ იმ ვიდეომასალებს, რომლებზეც მოქალაქეების პირადი ცხოვრება იყო დაფიქსირებული. ეს დაუშვებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფარული ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს იმგვარად, რომ ხელი შეეშალოს გამოძიების ინტერესებს:

"უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების შელახვის ფაქტები ეფექტურად იქნეს გამოძიებული და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით კი, სისტემა, რომელმაც ათობით ათასი უკანონო ფაილი შექმნა, დღესაც არსებობს. მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ჩანაწერების განადგურება არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა გადაჭრილია:

„კონტროლის მექანიზმები კანონებმა უნდა მოაწესრიგოს, რადგან სისტემა დღესაც აბსოლუტურად უკონტროლოა. ასევე მისახედია ეს ყბადაღებული ე.წ. „შავი ყუთები“, რომლებიც დამონტაჟებულია სატელეფონო კომპანიებში. არავინ იცის, სად რა ინფორმაცია გადის. ამიტომ ამ პრობლემას ჩვენ სერიოზულად უნდა მივხედოთ“.
ჩვენ მხოლოდ ზოგადად ვიცით, რომ ეს ფარული ჩანაწერები ასახავს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ცხოვრებას, მაგრამ არ ვიცით, თუ რას ემსახურებოდა მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი დეტალების ჩაწერა...
ეკა გიგაური

29 იანვარს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი. ამ კომისიის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დღემდე გაუნადგურებელი მასალების გამოძიებას მოითხოვენ. ერთ-ერთი მათგანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც:

„კიდევ არსებობს 24 000-ზე მეტი ფაილი და ეს უზარმაზარი არქივი შსს-შია დაცული. ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ ეს მასალა არ წაიშალოს ისე, რომ არ დადგინდეს, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს, რა იყო მათი მიზანი“.

ეკა გიგაური ასევე შენიშნავს, რომ ამ ჩანაწერების არქივის ანალიზი და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო თომას ჰამარბერგის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად კი შსს-ს მიმართ:

„შსს-ს უნდა გადაეხარისხებინა ეს მასალა და დაედგინა რას ემსახურებოდა მათი მოგროვება. ჩვენ მხოლოდ ზოგადად ვიცით, რომ ეს ფარული ჩანაწერები ასახავს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ცხოვრებას, მაგრამ არ ვიცით, თუ რას ემსახურებოდა მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი დეტალების ჩაწერა“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG