საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების საკითხზე საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის რეაგირებას ელოდება. კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის შესახებ ინიციატივას კანონპროექტის სახე აქვს. კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტულ საქმეებზე დამდგარი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ფუნქციის დამატებას და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის დადგენას ითვალისწინებს. შეიქმნება თუ არა საქართველოში ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის უზრუნველმყოფელი სპეციალური მექანიზმი და რა არგუმენტები არსებობს მის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ?
საკონსტიტუციო სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობით, განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით, კანონპროექტი კი ითვალისწინებს ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურ კონტროლს, სარჩელის საფუძველზე. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო გადაწყვეტილებას, მაშინ გადაწყვეტილება გაუქმდება და საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯად სასამართლოს დაუბრუნდება. ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია გასაჩივრება 1995 წლის 24 აგვისტოს შემდეგ საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა, რომელთა გასაჩივრების ვადაც გასულია. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმის შემოღებით ჩნდება შესაძლებლობა, რომ გამოვლინდეს და გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომლებიც მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებობს:
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს უსამართლობის მსხვერპლთათვის სამართლიანი განხილვის უფლების ჯეროვანი იმპლემენტაციის გარკვეული საშუალება და მექანიზმი. სამწუხაროდ, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა ფინანსური შესაძლებლობების და ფინანსური პრობლემების გამო იყო უკუგდებული რამდენიმე წლის წინ. ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა არ უნდა იყოს არგუმენტი იმისთვის, რომ არ დაკმაყოფილდეს საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინი, მათ შორის, ძალაში შესული განაჩენების გადახედვის უფლების შესახებ. ჩვენი იდეა უკვე არსებული სისტემის ეფექტურად გამოყენებაში მდგომარეობს“.
საქართველოში რეალური კონტროლის ამ, ბევრ ქვეყანაში მოქმედი, მოდელის საქართველოში შემოტანის მიმართ თავისი სკეპტიკური დამოკიდებულების ერთ-ერთ გარემოებად კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე სასამართლოს გამტარობის პრობლემას ასახელებს, მთლიანობაში კი, იგი შიშობს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირდეს, რადგან სასამართლოს ყველა მოქალაქის მოლოდინის გამართლება გაუჭირდება, არადა მიმართვიანობა, სავარაუდოდ, მაღალი იქნება:
“გერმანიაში, სადაც დაახლოებით მსგავსი მოდელი მოქმედებს, საქმეთა 99 პროცენტს საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არ იღებს განსახილველად. ფაქტობრივად, დასაბუთების გარეშე უკან აბრუნებს, ანუ არც კი უსაბუთებს მოსარჩელეს, რატომ არ მიიღო მოსამართლემ საქმე არსებითად განსახილველად. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში მსგავსი რამ მოხდეს: სასამართლოს ავტორიტეტს დაიყვანს აბსოლუტურად ნულამდე. ერთი პრობლემაა გამტარობა, რაც არ უნდა გაზარდო აპარატი და რამდენი მოსამართლეც არ უნდა დაამატო. ფაქტობრივად, ეს იქნება მესიჯი მოსახლეობისთვის, რომ წადით ახლა ყველა, ვინც დაზარალებულად მიიჩნევთ თავს, -ძალიან დიდი რაოდენობა იქნება. მეორე, მაშინ სასამართლოს უნდა მოუხსნა, უარის შემთხვევაში, დასაბუთების ვალდებულება, რაც დღეს აქვს, თუკი არ მიიღებს განსახილველად. ეს უკვე თავისთავად განაპირობებს აგრესიის გაჩენას და მოჰყვება ამას გარკვეული რეაქციები“.
შესაბამისად, გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს უფლებამოსილების გაფართოებაზე მეტად ესაჭიროება იმ ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა, რაც კანონში გვხვდება. იგი ამბობს, რომ ცვლილებები, ზოგადად, მიმართული უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაზრდელად და ფუნქციების იმგვარად განსასაზღვრად, რომ ზიანი თავად სასამართლოს არ მიადგეს.
თავის მხრივ, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებების დასაცავად სჭირდება მეტი ეფექტური ინსტრუმენტი, ვიდრე აქვს და, მათ შორის, მნიშვნელოვანია უფლებამოსილების გაფართოება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის დადგენის მიმართულებით. ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ ეს ცვლილება გააძლიერებდა სასამართლოს. რაც შეეხება მექანიზმის მოქმედებას პრაქტიკაში:
“ჩვენ თუ ამას წარმოვიდგენთ, როგორც მეოთხე ინსტანციის შექმნის პერსპექტივას, შეცდომას დავუშვებთ. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს არა უშუალოდ დავას, უმთავრესად, აფასებს არა მტკიცებულებებს, იკვლევს გარემოებებს, არამედ ის ამოწმებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის შესაბამის მუხლებთან მიმართებაში, ანუ ის საბოლოო გადაწყვეტილების დადგენილი რეალობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ადგენს. ფაქტობრივად, ის მოქმედებს, როგორც სტრასბურგის სასამართლო, ოღონდ ადგილობრივ დონეზე“.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზრდებოდა უფლებამოსილებები იმ სფეროში, რომელსაც ჰქვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრეცედენტული სამართალი, მე ამას მხოლოდ მივესალმებოდი...თეა წულუკიანი
ვახუშტი მენაბდე აქვე ამბობს, რომ რეფორმას ეფექტურობისთვის ესაჭიროება სათანადო შიდა სტრუქტურული ცვლილებები და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც სახალხო დამცველის პროექტიც ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების ინიცირებას, თავის მხრივ, 2-3 კვირაში აპირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. პროექტის ძირითადი დებულებები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა, თუ მინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბოლოდროინდელი ურთიერთდაპირისპირებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ცვლილებების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებებს შეეხება. ეგრეთ წოდებული „პატარა სტრასბურგის“ იდეასთან დაკავშირებით კი თეა წულუკიანს თავისი, სახალხო დამცველისგან განსხვავებული, პოზიცია აქვს:
“თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზრდებოდა უფლებამოსილებები იმ სფეროში, რომელსაც ჰქვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრეცედენტული სამართალი, მე ამას მხოლოდ მივესალმებოდი. მაგრამ ეს უნდა იყოს ეს კონკრეტული სფერო და არა, ზოგადად, კონტროლი სხვადასხვა ინდაქტისა თუ ნორმატიული აქტისა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში რა თემებიც გვხვდება, თუკი ამ მხრივ ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის ამ თემაზე“.
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებული ინიციატივა კი, კანონპროექტის სახით, შესაბამის უწყებებს, პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უკვე გადაეგზავნა.