ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ჰქონდეს ნატოს იმედი - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. იენს სტოლტენბერგის შეფასებით,საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოს წევრობის გზაზე წინსვლისთვის და ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებს. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის და დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება სჭირდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, საქართველოს ხალხი და მთავრობა ამ მიმართულების ერთგულია. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმის ჩათვლით და ხაზს უსვამს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საჭიროა პროგრესის გაგრძელება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით. „ამ სერიოზული რეფორმების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო ნატოს მომავალ სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის. „პროგრესი აშკარაა, რადგან მიღწევებია როგორც პოლიტიკური, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით და ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზის ერთგულია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატოს და საქართველოს აქვთ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ერთობლივი კომისია და „არსებითი პაკეტი,“ რომლის ფარგლებშიც წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. „ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1