Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს კომისარი: საქართველოში გასაძლიერებელია დამოუკიდებელი სასამართლო


ნილს მუჟნიეკსი
ნილს მუჟნიეკსი

12 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკსის მოსაზრებები, რომლებიც საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის ფარგლებში (2015 წლის 9-13 ნოემბერს) შეგროვილ ინფორმაციას ეყრდნობა. მართალია, კომისარი ხედავს პროგრესს იმ მდგომარეობასთან შედარებით, რაც მის 2014 წლის მაისის ანგარიშშია ასახული, მაგრამ სამშაბათს გამოქვეყნებულ დოკუმენტში კვლავაც საუბარია, მაგალითად: სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაკლოვანებებზე, პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებულ ეჭვებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებზე.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დაკვირვებით, სასამართლო სისტემის რეფორმირებამ საქართველოში, გარკვეულწილად, დადებითი შედეგები გამოიღო და ეს ძირითადად შეეხება: პროკურატურის ზეგავლენის შემცირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში გამჭვირვალობის გაზრდასა თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას. თუმცა პრობლემები და გამოწვევები კვლავაც მრავლად რჩება და მათ შორის აღინიშნება მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ნაკლოვანებები და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის სისტემის ხარვეზები. ადამიანის უფლებათა კომისრისთვის მიუღებელია მოსამართლეებზე ზეწოლა და, მათ შორის, საზოგადოების მხრიდანაც – ასეთი ფაქტები, მისი აზრით, აშკარად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებით, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის სარჩელი დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მისამართით, როცა ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდა. მართალია, სამშაბათს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ნილს მუჟნიეკსს ბევრმა თანამოსაუბრემ დაუხასიათა როგორც გარე ჩარევის მცდელობა ტელევიზიის შიდა საქმეებში, მაგრამ ხსენებული დოკუმენტი საკითხს ამ მიმართულებით აღარ ავრცობს.

მართალია, ზოგადად შეინიშნება წინასწარი პატიმრობის პრევენციულ ზომად შეფარდების რიცხვის კლება, რაც დადებითი ტენდენციაა და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პრობლემები იკვეთება, წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და გახანგრძლივების თვალსაზრისით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ...
ნილს მუჟნიეკსი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებები მოიცავს ასევე შეშფოთებას სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ზომებისა და მიკერძოებული მიდგომების გამო, როდესაც საქმე შეეხება ოპოზიციას და, კერძოდ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ჭრილში მოყვანილია მაგალითად 2015 წლის ოქტომბერში ქუთაისის პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი, როდესაც ოპოზიციასთან დაახლოებული „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები დააკავეს და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მაშინ როცა ასეთი ზომები არ იყო გამოყენებული წარსულში მათ წინააღმდეგ, ვინც ოპოზიციის წარმომადგენლებს დაესხა თავს. ნილს მუჟნიეკსის ყურადღება გიგი უგულავას შემთხვევამაც მიიპყრო:

„მართალია, ზოგადად შეინიშნება წინასწარი პატიმრობის პრევენციულ ზომად შეფარდების რიცხვის კლება, რაც დადებითი ტენდენციაა და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პრობლემები იკვეთება, წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და გახანგრძლივების თვალსაზრისით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მაგალითად, თბილისის ყოფილი მერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას, შემთხვევაში ამ ზომების გამოყენება ფართოდ აღიქმება კავშირში მიზანთან, რომ ის საპატიმროში დაეტოვებინათ“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 12 იანვარს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში საუბარია არასათანადოდ მოპყრობის ფაქტების არსებობაზე სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებასა და პოლიციის განყოფილებებში. ნილს მუჟნიეკსი ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტიან გზად გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას მიიჩნევს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და მექანიზმების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში აღნიშნულია პარლამენტის მიერ იმ საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფად დამტკიცების აუცილებლობა, რომლებიც დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით (მათ შორის, კერძო სექტორში) მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს სახალხო დამცველს.

უმცირესობათა უფლებების შელახვის კუთხით ევროსაბჭოს კომისრის მოსაზრებებში არცთუ სახარბიელო ვითარებაა აღწერილი და ძირითადად ლაპარაკია რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შელახვაზე – მუსლიმთა თუ იეღოვას მოწმეთა ინტერესების წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ძალადობა იკვეთება. კომისარი იხსენებს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებული საქმეების განხილვას და ხაზს უსვამს ობიექტური და შედეგიანი გამოძიების აუცილებლობას ქვეყნის შიგნითაც:

„რელიგიურ თავისუფლებათა უკანონო შეზღუდვა და, განსაკუთრებით, ძალადობის ფაქტები უნდა იქნეს ეფექტიანად გამოძიებული და ყველა დამნაშავე ადეკვატურად უნდა დაისაჯოს, კანონმდებლობის შესაბამისად. უნდა დასრულდეს გამოძიება რელიგიურ თავისუფლებათა უკანონოდ შეზღუდვის ჭრილში ადრე გამოვლენილ ინციდენტებთან (და, მათ შორის, ნიგვზიანსა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებთან) დაკავშირებით“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

ამ და სხვა არაერთი პრობლემური აქცენტის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებები ადეკვატურად ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და არც ის არის შემთხვევითი, რომ საგანგებო ყურადღება სწორედ სასამართლო სისტემის გაჯანსაღების აუცილებლობაზე მახვილდება:

„ერთ-ერთი მთავარი, რითაც ბოლო წლებში თავს იწონებდა ხელისუფლება, იყო სასამართლო რეფორმა. მაგრამ ბოლო წელმა ძალიან კარგად გამოაჩინა, რომ ეს რეფორმა იყო მყიფე, იმიტომ რომ მას აკლდა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები და სწორად არის დანახული ის, რომ, თუკი ჩვენ ვერ მოვახერხებთ, თუკი ქვეყანა ვერ მოახერხებს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება სხვა უფლებებს, იმიტომ რომ ყველგან ხდება მეტ-ნაკლებად უფლებების დარღვევა, მაგრამ ის განსხვავებაა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანასა და სხვა ტიპის ქვეყანას შორის, რომ იქ სასამართლო ახერხებს გამოასწოროს აღმასრულებელი ხელისუფლებისა თუ სხვა აქტორების მიერ დაშვებული შეცდომები თუ დანაშაული“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკსის ოფისთან და მუდმივად აწვდის მას ინფორმაციას. როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ასე ადეკვატურად აფასებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობასა და გამოწვევებს საქართველოში. საიას თავმჯდომარის თქმით, ამით დასტურდება, რომ პრობლემები, რაზეც საქართველოში მუდმივად ლაპარაკობს არასამთავრობო სექტორი, არ არის თითიდან გამოწოვილი და რომ ამას ხედავენ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები და მეგობრები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG