საზოგადოებაში კვლავაც არსებობს განცდა იმისა, რომ სამართალდამცველი ორგანოები იყენებენ უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკას, რასაც დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები უწყობს ხელს და რაც აუცილებლად შესაცვლელია - ასეთია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასება, რომელიც ორგანიზაციის მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული. აქვეა მოცემული უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომლის სიზუსტესაც გარკვეული შეკითხვები უკავშირდება. არასამთავრობო სექტორი ერთიანი ფრონტით საპარლამენტო სივრცეშიც განაგრძობს ბრძოლას ე. წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის წინააღმდეგ.
როდესაც თავის ახალ ანგარიშში საზოგადოების უარყოფით განწყობებზე ლაპარაკობს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ბოლო პერიოდში ჩატარებულ არაერთ გამოკითხვას ეყრდნობა და თვლის, რომ უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული განცდა თითქმის უცვლელია 2013 წლის შემდეგ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა“.
ვხედავთ, რომ როგორც შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა, ისევე შემცირდა დაკმაყოფილების პროცენტული წილი. თუმცა, ჩვენი აზრით, კითხვებს აჩენს, თუ რამდენად ასახავს ეს სტატისტიკა რეალურ სურათს...თამარ იაკობიძე
როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, IDFI-ის საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ იაკობიძე, ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2015 წლის 31 მარტიდან მოქმედი ე. წ. „ორგასაღებიანი“ სისტემა ვერ უზრუნველყოფს უკანონო მიყურადების სრულფასოვან პრევენციას. შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ძნელი დასადგენია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის სიზუსტეც:
„მაგალითად, 2011 წელს (ფარული მიყურადების ნებართვაზე) 7 ათასზე მეტი შუამდგომლობა იყო შესული თბილისის საქალაქო სასამართლოში. აქედან თითქმის ყველა იყო დაკმაყოფილებული. მას შემდეგ, მაგალითად, 2015 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით შევიდა სასამართლოში 373 შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა 261. ანუ ვხედავთ, რომ როგორც შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა, ისევე შემცირდა დაკმაყოფილების პროცენტული წილი. თუმცა, ჩვენი აზრით, კითხვებს აჩენს, თუ რამდენად ასახავს ეს სტატისტიკა რეალურ სურათს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლომ აპრილში დაადგინა, რომ პირდაპირი წვდომა, რაც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, ტექნიკურად მას აძლევს შესაძლებლობას, რომ სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების გვერდის ავლით განახორციელოს უკანონო ფარული მიყურადება“.
ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილება ხელისუფლებას ავალდებულებს ამჟამად არსებული რეალობა შეცვალოს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმს ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე, ხოლო ერთადერთი ბერკეტი, რაც ამ შემთხვევაში გააჩნია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არის მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება.
თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და მესამე სექტორს კვლავაც სხვადასხვაგვარად ესმით, თუ როგორ უნდა შეიცვალოს არსებული რეალობა. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა და მესამე სექტორმა საერთო ენა ვერ გამონახეს.
მხარეებმა უკვე წარადგინეს პარლამენტში თავ-თავიანთი პოზიციები„ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის“ მუშაობის პროცესში. ეს ჯგუფი, რომელმაც უკვე ორი შეხვედრა გამართა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა და მასში შედიან როგორც სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები. საბოლოო შედეგი მალე უნდა იქნეს მიღწეული, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლოს აპრილის გადაწყვეტილება კანონმდებლობის ცვლილებებისთვის კონკრეტულ ბოლო ვადას აწესებს და ეს ვადა 2017 წლის 31 მარტს იწურება. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ჯგუფში ჩართული ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ - საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ, პარლამენტს მათ კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს:
„სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მოსმენებთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პარლამენტის კონტროლის ქვეშ იქნება მოქცეული, თუმცა ასევე გაკონტროლდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან“.
მართალია, საბოლოო ვერსია ჯერ არ არსებობს, მაგრამ, ლიკა საჯაიას თქმით, არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 20 იანვრის სამუშაო სხდომაზე წარმოდგენილი წინადადებები, რადგანაც ის პრაქტიკულად არაფერს ცვლის. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს რაიმე ფორმით დატოვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. პარასკევს წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით კი, ეს სწორედ ასე იქნება. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა სხვა წარმომადგენლების მსგავსად, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც ფარული მოსმენების მომავალს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირებს:
„...ვიაროთ იმ კონსენსუსის გზით, რომ ეს იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ და იყოს, შესაძლებელია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით (რაც არის დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი), მაგრამ უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც აქვს უპირველესი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე“.
თუმცა თავიანთ პროექტში ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფის მცირედ რისკებსაც კი ვერ ხედავენ „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები. როგორც ლიკა საჯაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საზოგადოებრივი მოძრაობის პროექტი ხელუხლებლად ტოვებს შესაძლებლობას, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურატურის ნებართვით დაუყოვნებლივ დაიწყოს მოსმენა.