32 წევრისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახალ კანონმდებლობაზე უნდა იმუშაოს, 10 იანვარს პირველი შეხვედრა გამართა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ახალი კანონპროექტის მოსამზადებლად ვადა 31 მარტამდე აქვს. ახალმა კანონმა უნდა განსაზღვროს ე. წ. ფარული მოსმენის გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩება თუ საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი სააგენტო ჩაიბარებს.
32-კაციან სამუშაო ჯგუფს, რომელმაც ე. წ. ფარული მოსმენების სისტემის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ერთი ამოცანა აქვს - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები მოამზადოს. ჯგუფში, რომელსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების გარდა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის მთავარი სადავო საკითხი ამ დრომდე არ შეცვლილა: ვის ხელში უნდა იყოს ფარული მოსმენების ე. წ. გასაღები - ძალოვანი უწყებებისა თუ დამოუკიდებელი სააგენტოსი, რომელიც სწორედ მოსმენის სისტემის კონტროლისთვის შეიქმნება და პარლამენტის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული?
არასამთავრობო სექტორი უკვე რამდენიმე წელია ამ იდეას უჭერს მხარს. კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებშიც, მესამე სექტორი იცავდა იმ აზრს, რომ ფარული მიყურადების გასაღები არ უნდა ჰქონდეს უწყებას, რომელიც თავადვე აწარმოებს გამოძიებას.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, სად იქნება და ვის ხელში ე. წ. მოსმენების სისტემა. თუმცა მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს მოსმენების სამსახური იმ უწყებაში, რომელიც საქმეს თავად იძიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი სამსაუხრის შექმნა ყველაზე კარგი გამოსავალია“, - აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
ჩვენთვის უმთავრესი პრინციპია, რომ ისეთი კანონპროექტი შევიმუშაოთ, რომელიც თან მაქსიმალურად დაიცავს ადამიანის უფლებებს და, ამავე დროს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მით უმეტეს, ისეთ რთულ რეგიონში, როგორშიც საქართველოა. თუმცა ჯერჯერობით მე ვერ მოვისმინე სრულყოფილი პასუხი, თუ რომელ ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურა...სოფო კილაძე
მისი კოლეგა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც მიიჩნევს, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე გასცემს კონკრეტული პირების მოსმენის ნებართვას:
„ჩვენი აზრით, ასეთი სამსახურის შექმნა გაცილებით ნაკლებ რისკს შეიცავს „გასაღების“ ბოროტად გამოყენებისათვის, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის ან, თუნდაც, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე უწყების ხელში ამ გასაღების ყოფნა“.
თუმცა არასამთავრობო სექტორის არგუმენტები ბოლომდე დამაჯერებელი ვერ არის ხელისუფლებისათვის. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული სისტემის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ბრმად ასეთ ორგანოს ფარული მოსმენების ე. წ. გასაღებს ვერ ანდობენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც აცხადებს, რომ ბალანსის დაცვა უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანოს ხელში ე. წ. მოსმენის სისტემის გადაცემა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს:
„ჩვენთვის უმთავრესი პრინციპია, რომ ისეთი კანონპროექტი შევიმუშაოთ, რომელიც თან მაქსიმალურად დაიცავს ადამიანის უფლებებს და, ამავე დროს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მით უმეტეს, ისეთ რთულ რეგიონში, როგორშიც საქართველოა. თუმცა ჯერჯერობით მე ვერ მოვისმინე სრულყოფილი პასუხი, თუ რომელ ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ამ სისტემას აკონტროლებს, თან ისე, რომ ორივე სიკეთეს იცავდეს, რაც ზემოთ ვახსენე“.
ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა ამ გასაღებს, იმიტომ რომ დღემდე ეს ქვეყანა სწორედ მოსმენებსა და პირად თვალთვალზე დაყრდნობით იმართება...ირმა ნადირაშვილი
თუმცა უმრავლესობაში არ უარყოფენ, რომ საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილიც აღნიშნავს, საჭიროა ისეთი ფორმის მოფიქრება, რომელიც მისაღები იქნება ხელისუფლებისთვისაც და დააკმაყოფილებს მესამე სექტორის მოთხოვნებსაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი, არჩილ თალაკვაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება კონსულტაციებისათვის ღიაა, ხოლო ის, თუ როგორ მოდელზე შეთანხმდებიან, სამუშაო პროცესზე იქნება დამოკიდებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის, განცხადებით, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
ცვლილების იმედი ნაკლებად აქვს ოპოზიციას და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ე. წ. მოსმენების გასაღები თავისივე სისტემაში დატოვოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სჯერათ, რომ ხელისუფლება ამ ბერკეტს დათმობს:
„ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა ამ გასაღებს, იმიტომ რომ დღემდე ეს ქვეყანა სწორედ მოსმენებსა და პირად თვალთვალზე დაყრდნობით იმართება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღევანდელი ხელისუფლება რეალურად კანონის შეცვლას არ აპირებს.
10 იანვარს ფარული მოსმენების თაობაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს ის ათასობით ფარული ჩანაწერი, რომლითაც ხალხს აშანტაჟებდნენ:
„ძალიან ბევრ კითხვას ამ სისტემის არსებობასთან დაკავშირებით დღემდე არა აქვს პასუხი გაცემული, ამიტომ მგონია, რომ ამ ჯგუფის მუშაობის პროცესში ამ ამბის გავალისწინებაც საჭირო იქნება. უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებები და, ცხადია, ყველა ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება“.
ფარული მიყურადების საკითხზე შესაბამისი სამართლებრივი ნორმები საქართველოს პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს, ახალი კანონპროექტის განხილვას კი საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიებზე დაიწყებს.