Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნასამართლევია თუ არა საქართველოს მთავარი პროკურორი?


ჯერ ისევ ოფიციალურად დაუზუსტებელია, იხდიდა თუ არა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასჯელს გერმანიის ციხეში, როგორც ამას თბილისის უფლებაშეჩერებული მერი აცხადებს, და ირღვევა თუ არა კანონი მისი მუშაობით მაღალ თანამდებობაზე. მთავარი პროკურორი არ მალავს, რომ ინციდენტი შეემთხვა გერმანელ სამართალდამცველებთან, თუმცა არაფერს ამბობს სასჯელზე. მორალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს არასამთავრობო სექტორი, ხოლო ”ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ მთავარი პროკურორის დისკრედიტაციით პოლიტიკური ოპონენტები საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ.

ვარაუდებისა და ეჭვების ფონზე, სულ უფრო მწვავდება სკანდალი, რომელიც მთავარი პროკურორის წარსულის ერთ სავარაუდო ეპიზოდს უკავშირდება. ის მაშინ 25 წლის იყო. ჯერჯერობით მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მთავარი პროკურორი გერმენიაში, კერძოდ, ბავარიაში, ქალაქ აუქსბურგის სასამართლომ 2001 წელს ცნო დამნაშავედ, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249–ე და 252–ე მუხლებით, ყაჩაღობასა და ქურდობაში და ის წელიწადი და სამი თვე იხდიდა სასჯელს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად დედაქალაქის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ 23 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა და იქვე აღნიშნა, რომ, დამატებითი სასჯელის სახით, ოთარ ფარცხალაძეს განესაზღვრა ”პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა” და რომ ”დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე”.

ყაჩაღობა და ქურდობა მიეკუთვნება ძალიან მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული, რომელიც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, მაგალითად, ავტოავარია. ეს არის მძიმე დანაშაული...
დავით ბაქრაძე
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ხელისუფლებას ამ საკმაოდ სერიოზულ საქმეზე სასწრაფო და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ, როგორც ეს, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა:

”ყაჩაღობა და ქურდობა მიეკუთვნება ძალიან მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული, რომელიც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, მაგალითად, ავტოავარია. ეს არის მძიმე დანაშაული, რომლის ჩამდენსაც არავითარი პოლიტიკური, სამართლებრივი და, გნებავთ, მორალური უფლება არა აქვს იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე”.

”ნაციონალური მოძრაობა” დაჟინებით მოითხოვს, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სასწრაფოდ გამოითხოვოს ოფიციალური დოკუმენტაცია გერმანიის შესაბამისი სტრუქტურებიდან, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეა წულუკიანი, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც იუსტიციის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მინისტრი არ იმყოფება საქართველოში, ის შვებულებაშია და დაბრუნებას უახლოეს მომავალში მოელიან. მანამდე კი, ”ქართული ოცნება” შეახსენებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ოთარ ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ”ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი სამიზნე ახლა მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მის ხელში პროკურატურამ უფრო სწრაფი ტემპებით დაიწყო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. ასეთი შინაარსის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემაც გააკეთა:

სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი...
ოთარ ფარცხალაძე
”თავისთავად ცხადია, ალბათ, ამ საკითხს პასუხი გაეცემა. მაგრამ მე ერთი ვიცი: გინდაც რომ მომხდარიყო ეს, მას დიდი ხნის ვადა აქვს გასული და არავის არაფერი არ ეკრძალება ... უფრო მეტად საინტერესოა, რომ გასცენ პასუხი იმ კითხვებს, რომლებსაც პროკურატურა სვამს და საზოგადოებამ იცოდეს, ათობით მილიონი (ლარი) სად იფლანგებოდა, როგორ იფლანგებოდა”.

თავად ოთარ ფარცხალაძემ წერილობითი განცხადება სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გაავრცელა, რადგანაც, როგორც აღნიშნა, თავი ვალდებულად ჩათვალა საზოგადოებისთვის განემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000 წელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ დროს ის ნადვილად იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ინციდენტი შეემთხვა გერმანიის პოლიციასთან. ”სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა”, - ვკითხულობთ მთავარი პროკურორის განცხადებაში. ოთარ ფარცხალაძის თქმით, ამ ინციდენტს ქვეყნიდან მისი დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, ”რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდანაშაულობას.” განცხადების ავტორი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მას შემდეგ ის საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შეჰქმნია.

24 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ოთარ ფარცხალაძე არაფერს ამბობს იმის შესახებ, დააკისრა თუ არა და რა ტიპის სასჯელი დააკისრა მას სასამართლომ. სამაგიეროდ, აღნიშნავს, რომ ოპონენტებმა მის წინააღმდეგ ”ბინძური პოლიტიკური კამპანია” ააგორეს, რაც რეზონანსული საქმეების გააქტიურებული გამოძიების გამო განაწყენებით არის გამოწვეული.

სწორედ ამ შინაარსის არის მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე მანამდე გამოქვეყნებული კიდევ ერთი განცხადება. ამ განცხადების თანახმად, ოთარ ფარცხალაძის ”ყაჩაღად შერაცხვა” ემსახურება ერთადერთ მიზანს - ”მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში”. მთავარი პროკურატურა პირობას დებს, რომ ”საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება”.

ოთარ ფარცხალაძეს ”უაღრესად კარგი” და ”თავისი ქვეყნის პატრიოტი” უწოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და 24 დეკემბერს ჟურნალისტებს ისიც განუმარტა, რომ მთავარ პროკურორად მისი მუშაობით კანონი არ ირღვევა. რაც შეეხება ნასამართლეობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, ალექსანდრე ჭიკაიძის აზრით, ეს გადასამოწმებელია, მაგრამ იქვე კეთდება გარკვეული მინიშნებაც:

"ალექსანდრე ჭიკაიძე: ნასამართლევი არ არის, ამიტომ მას შეუძლია მუშაობა...

ჟურნალისტები: აბა, რა არის გადასამოწმებელი?

ალექსანდრე ჭიკაიძე: ხომ არის ასეთი - ნასამართლევი იყო - გაქარწყლებულია... სხვადასხვანაირად არის და ეს გადასამოწმებელია...”


საქართველოს კანონმდებლობით, ნასამართლეობა ქარწყლდება 8 წლის შემდეგ სასჯელის მოხდიდან, - განმარტა 24 დეკემბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ, რომლის თქმითაც, მან ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შეიტყო ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის ამბავი, თუმცა გადაუმოწმებლობის გამო, ეს ინფორმაცია არ გაახმაურა. კახა კოჟორიძე, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის კიდევ სხვა ბევრი წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ ნასამართლეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საფუძვლიანად უნდა გადამოწმდეს და თუკი დადასტურდება, ოთარ ფარცხალაძეს აღარ ექნება მორალური უფლება, დარჩეს მთავარი პროკურორის პოსტზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG