Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვალდებულია გამოიძიოს“


რა გადახდა თავს 14 დეკემბერს, ღამით, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს? გაიყვანა თუ არა მთავარმა პროკურორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ვანო მერაბიშვილი და მისი თანაპარტიელები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებიც, თუმცა, როგორც მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, საქმე მკვდარი წერტილიდან არ იძვრება.

ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, საკნიდან ის მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ასევე მთავარი პროკურორი და ჯერჯერობით ამოუცნობი პირი აძალებდა მას ზურაბ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის გაცემას. ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებისა და ადვოკატ ოთარ კახიძის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება ჯერ არ დაუწყია.

„მივმართეთ პროკურატურას, სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. კეთდება განცხადებები, რომ არაფერიც არ დაიწყება, ყველაფერი ეს აბსურდი და სასაცილოა“, უთხრა ოთარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ დაიწყოს გამოძიება და გაიგოს საზოგადოებამ სიმართლე, მაგრამ პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლით ვერ დაიწყებს მოქმედებას, პროკურატურას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი...
სოზარ სუბარი
ვანო მერაბიშვილის განცხადებას აბსურდი და არასერიოზული უწოდა პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა არაერთმა წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ გამოძიება პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ დაიწყება:

„პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ დაიწყოს გამოძიება და გაიგოს საზოგადოებამ სიმართლე, მაგრამ პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლით ვერ დაიწყებს მოქმედებას, პროკურატურას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. პროკურატურა ვერ ჩაწერს, რომ რადგან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ითხოვენ გამოძიებას, ამიტომ გამოძიება უნდა დაიწყოს. თუ მონახავენ სამართლებრივ საფუძველს, დაიწყება გამოძიება, თუ არადა, ვერ დაიწყება“.

რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს გამოძიების დასაწყებად? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს კახა კოჟორიძეს მიმართა. სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება.

„პატიმრის ციხიდან გაყვანა, თავზე რაღაცის ჩამოცმა და მუქარების მოსმენა, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ამას გიზამთო, ეს რომ დანაშაულის შემცველი ქმედებაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ანუ, ერთი მხრივ, გვაქვს კანონი, რომელიც ამბობს, რომ როცა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, გამოძიება უნდა დაიწყოს და, მეორე მხრივ, გვაქვს ფაქტობრივი აღწერილობა მომხდარისა (სხვა საკითხია, ეს ისე მოხდა, თუ არა, როგორც მერაბიშვილი მოყვა), რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ ორივე მოცემულობა, რაც გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

შაბათ გამთენიას მოხდა ფაქტი. შაბათ-კვირას ადვოკატებს არ აქვთ უფლება მოინახულონ პატიმრები. ორშაბათს, როცა ადვოკატებს შეხვდა, ვანო მერაბიშვილმა გაანდო ეს ინფორმაცია, მაგრამ გადაწყვიტა ეს ინფორმაცია თვითონ გაეხმოვანებინა საჯაროდ ტელეკამერების წინ სასამართლო სხდომაზე...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
კანონის დაცვას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც:

„ყველაფერი უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას ითხოვს კანონი. არა საგანგებოდ მერაბიშვილისთვის ან საგანგებოდ სხვა რომელიმე შემთხვევისთვის, არმედ მოქალაქე მერაბიშვილს, ეჭვმიტანილს, გააჩნია უფლებები, რომლებიც კანონის შესაბამისად უნდა იქნეს დაცული“.

პრეზიდენტის პათოსს იზიარებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ერთი ან რამდენიმე მინისტრი, კანონის დარღვევის შესახებ პატიმრის განცხადებას სერიოზული მიდგომა სჭირდება. საქმე ის არის, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეჭვი შეიტანა პატიმრის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში და ასევე საეჭვოდ მიიჩნია ის, რომ მერაბიშვილმა მომხდარის შესახებ ოთხი დღის დაგვიანებით განაცხადა. რადიო თავისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ამ მოსაზრების კომენტირება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, სთხოვა.

„შაბათ გამთენიას მოხდა ფაქტი. შაბათ-კვირას ადვოკატებს არ აქვთ უფლება მოინახულონ პატიმრები. ორშაბათს, როცა ადვოკატებს შეხვდა, ვანო მერაბიშვილმა გაანდო ეს ინფორმაცია, მაგრამ გადაწყვიტა ეს ინფორმაცია თვითონ გაეხმოვანებინა საჯაროდ ტელეკამერების წინ სასამართლო სხდომაზე. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს განსაჯაროება უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ეფექტიანი, რადგანაც ყველა ღამე, რომელსაც ის ატარებდა საპატიმროში, იყო რისკის შემცველი მისთვის“, უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გამომძიებელმა თუ გადაწყვიტა არ დაიწყოს გამოძიება, მაშინ უნდა დაისვას მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა პროკურორმა და მან უთხრა გამომძიებელს...
კახა კოჟორიძე
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის, წაიშლება თუ არა ვანო მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები. სუბარის თქმით, კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ეხება. ვიდეოკადრების შენარჩუნებისა და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 19 დეკემბერს, ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ:

„ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში საზოგადოებამ უნდა მიიღოს ნათელი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 14 დეკემბერს სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ვანო მერაბიშვილი იმყოფება“.

იურისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, პროკურატურის მხრიდან ადგილი ექნება სამსახურებრივ გულგრილობას და საკუთარი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას.

„გამომძიებელმა თუ გადაწყვიტა არ დაიწყოს გამოძიება, მაშინ უნდა დაისვას მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა პროკურორმა და მან უთხრა გამომძიებელს, არ დაიწყოს გამოძიება, მაშინ უნდა დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG