Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი მთავარ პროკურორს მუქარაში ადანაშაულებს


ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მუქარაში ადანაშულებს მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გასულ პარასკევს, გვიან ღამით, საპატიმროდან გაიყვანეს, ავტომანქანაში თავზე გადაახურეს მისივე მოსაცმელი და, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს. ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, კაბინეტში მას დახვდა მთავარი პროკურორი, რომელმაც ულტიმატუმის ფორმით განუცხადა, რომ თუ პროკურატურას არ დაეხმარება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნაში და არ მისცემს მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი პირობები მკვეთრად გაუარესდება და დაუპატიმრებენ მეგობრებს და ნათესავებს. ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებას პროკურატურამ აბსურდი უწოდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა მთავარი პროკურორის მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, კაბინეტში - მისი ვარაუდით, ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი კაბინეტი - მთავარი პროკურორის გარდა იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებების გამო საგანგებო ბრიფინგი გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მისი წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტია მოითხოვს გამოძიების დაწყებას და მის დასრულებამდე მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას:

მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა ქმედება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლას...
მთავარი პროკურატურა
„ამ უკანონო ფაქტის მიღმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს მთავრობის ცალსახა პოლიტიკას, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა და რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს: აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების მინისტრს სუბარს, ამოღებული იქნეს ყველა შესაბამისი ვიდეოდაკვირვების მასალა და განსაჯაროვდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა ძველი და შესაძლო ახალი გარემოება“.

რაც შეეხება მთავარი პროკურატურის პოზიციას, ამ უწყებამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ვანო მერაბიშვილზე ზეწოლა კატეგორიულადაა უარყოფილი და ნათქვამია, რომ მერაბიშვილის განცხადება აბსურდულია. „მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა ქმედება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. საინფორმაციო სააგენტოები, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ გამოძიების მოთხოვნის შემთხვევაში უწყება მზად არის ვიდეოჩანაწერები გადასცეს გამოძიებას.
ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ბაქოში ვიზიტად მყოფი პრემიერ- მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, მეთოდები, რომლის შესახებაც ვანო მერაბიშვილი საუბრობს, ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის უცხოა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურდღებას:

რა თქმა უნდა, ამას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა და პირდაპირ ამბობდა, ყოველგვარი სერიოზული მიდგომის გარეშე, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა, მის გარდა...
თეა წულუკიანი
„ალბათ, მოჭარბებული შიში აქვს ან მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ის ცდილობს დააშანტაჟოს თავისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი. ჩემი შეფასება არის ის, რომ მოხდეს გარკვეული პროვოკაცია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლების და მეორე ის, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟება ვანო მერაბიშვილის მხრიდან. ძალიან საყურადღებო აქცენტები გააკეთა ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ რესურსთან თუ კაპიტალთან დაკავშირებით“.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მსგავსი ქმედების ჩადენა წარმოუდგენელია, მას აბსოლუტურად გამორიცხულად ეჩვენება მთავარი პროკურორის ასეთი ქცევაც, თუმცა, თეა წულუკიანის სიტყვებით, რაკი ასეთი განცხადება გაკეთდა, საქმესაც სერიოზული დამოკიდებულა სჭირდება:

„რა თქმა უნდა, ამას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა და პირდაპირ ამბობდა, ყოველგვარი სერიოზული მიდგომის გარეშე, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა, მის გარდა“.

ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ მზაობა, რომ მოხდეს მერაბიშვილთან გასაუბრება და ჩვენი წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უკვე ხვალ შეხვდებიან მას და გაესაუბრებიან კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით...
უჩა ნანუაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობას ვანო მერაბიშვილის განცხადების არ სჯერა. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, ყველა პატიმრის მოთხოვნაზე - და ვანო მერაბიშვილიც ჩვეულებრივი პატიმარია - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება. საპარლამენტო უმცირესობა კი, ვანო მერაბიშვილის განცხადების სერიოზულობიდან და დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყება მნიშვნელოვნად მიაჩნია სახალხო დამცველს. უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველიც ჩაერთვება გამოძიების პროცესში:

„ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ მზაობა, რომ მოხდეს მერაბიშვილთან გასაუბრება და ჩვენი წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უკვე ხვალ შეხვდებიან მას და გაესაუბრებიან კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება ნამდვილად ობიექტურად წარიმართება და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება უახლოესი დღეების განმავლობაში“.

ამასთან, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების სამინისტროში შეიტანეს განცხადება, რომლითაც ითხოვენ გადაეცეთ ვიდეოკამერების მიერ 10-დან 17 დეკემბრის ჩათვლით უწყვეტ რეჟიმში წარმოებული ჩანაწერები.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG