Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები ეუთოს დელეგაციის წინასაარჩევნო კრიტიკაზე


ხელისუფლება კმაყოფილებას გამოხატავს იმ შეფასებების მისამართით, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთა დელეგაციის წინასაარჩევნო 3-დღიანი ვიზიტის დასასრულს, 22 აგვისტოს, გამოქვეყნდა. რაც შეეხება კრიტიკულ აქცენტებს, რაც ოპონენტებმა მეტად მწვავედ მიიჩნიეს და რაც, გარკვეულწილად, კოალიცია ”ქართულ ოცნებასაც” უკავშირდება, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კვლავაც ოპონენტთა ლობისტების შეცდომაში შემყვანი აქტიურობის შედეგად თვლის.

”მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა წარმატებებს, რომლებსაც საქართველომ მიაღწია 2008 წლის არჩევნების შემდგომ. ხაზი გაესვა მთელ რიგ აშკარა ძალისხმევას, რაც მიმართული იყო საარჩევნო სიების დაზუსტებისკენ, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ და მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოებისკენ ქვეყნის მასშტაბით”, - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 23 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. ეს ის აქცენტებია, რომლებიც მართლაც არის გამოკვეთილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვიცე-პრეზიდენტის და 1 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს მეთვალყურეთა მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელად დასახელებული ტონინო პიცულას მიერ 22 აგვისტოს გვიან საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჩვენი თვალთახედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებმოსილებას, რათა გამოიკვლიოს კერძო პირისა თუ პარტიის დანახარჯები; იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და აკისრებს მკაცრ ჯარიმებს ...

საქართველოს წარმატებებზე ტონინო პიცულამ 22 აგვისტოს, 3-დღიანი ვიზიტის მიწურულს გამართულ ბრიფინგზეც ილაპარაკა, მას შემდეგ, რაც ის, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ სიბრმავე დაუშვებელია და რომ დანახვა პრობლემებსაც სჭირდება. ამ კონტექსტში ეუთოს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის მომავალმა ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გამოყო სასამართლოს თავისუფლებასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ”შესაძლო მიკერძოებულობასთან” დაკავშირებული პრობლემები. ამ აქცენტებზე კიდევ უფრო ვრცლად არის საუბარი ჩვენ მიერ უკვე ხსენებულ წერილობით განცხადებაშიც:

”ჩვენი თვალთახედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებმოსილებას, რათა გამოიკვლიოს კერძო პირისა თუ პარტიის დანახარჯები; იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და აკისრებს მკაცრ ჯარიმებს - მკაფიო ან გამჭვირვალე გზამკვლევების გარეშე. დაკისრებული ჯარიმები არაპროპორციულია და, სავარაუდოდ, გამოიყენება შერჩევითი მიდგომით, რაც ძირითადად გამოზნულია ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ."

ის, რომ ამ ”ერთ საარჩევნო სუბიექტში” კოალიცია ”ქართული ოცნება” იგულისხმება, ნათელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისთვის, რომელიც თავადაც შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ის სავსებით ადეკვატურს უწოდებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ის ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ, არ არის ზუსტი. სწორედ ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს თავისი საქმიანობა ...
ჩიორა თაქთაქიშვილი

”თუკი არის ამხელა ჯარიმა, აუცილებელია, რომ ძალიან წონიანი მტკიცებულებები ჰქონდეთ მათ. ჩვენ რამდენიმე სასამართლო პროცესს დავესწარით და იქ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო. ეს უპრეცედენტო ჯარიმები, რომლებიც დაეკისრა „ქართულ ოცნებას“, უნდა დასაბუთდეს. ასეთი მაგალითები არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება... სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ მართლაც სარწმუნო მტკიცებულებები უნდა მოიტანონ და მაქსიმალურად გააგებინონ საზოგადოებას, თუ რატომ აკეთებენ ამას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა გიგაურმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ოპონენტთა ლობისტურ საქმიანობას უკავშირებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი. გავიხსენოთ, რომ, მმართველი პარტიის განმარტებით, ასევე ლობისტების მიერ იყვნენ შეცდომაში შეყვანილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, რომლებმაც 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ეჭვქვეშ დააყენეს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ქმედებათა სამართლიანობა ”ქართული ოცნების” მისამართით.

”კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ის ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ, არ არის ზუსტი. სწორედ ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს თავისი საქმიანობა, წარმართოს საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ფარგლებში, საკმარისი ინფორმაცია მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მისი საქმიანობისათვის”, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა 23 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
ამ საზოგადოებაში მტრები არ არიან. არიან განსხვავებული პარტიები და მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიებმა ხალხს გააცნონ თავიანთი პროგრამები, თავიანთი იდეები და თავიანთი ხედვები ...
რიკარდო მილიორი

ლობისტების აქტიურობას ნამდვილად არ გამორიცხავს ეკა გიგაური, თუმცა მას ეეჭვება, რომ ეუთოს მსგავსი ავტორიტეტიანი საერთაშორისო სტრუქტურები ლობისტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს გადამოწმებისა და გაანალიზების გარეშე ენდობოდნენ. ამასთან, გიგაური შეგვახსენებს, რომ, ვიდრე დასკვნებს გამოიტანდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 3 დღის განმავლობაში შეხვდა როგორც ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

დაბოლოს, კიდევ ერთი პრობლემური აქცენტის შესახებ, რომელიც ლენინიზმს უკავშირდება. 22 აგვისტოს თბილისში, დელაგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში ”ლენინიზმის მცირე ნაწილი” შეიმჩნევა. მისი განმარტებით, ლენინიზმია, როცა ხდება არა ხალხისთვის ”პროგრამების წარდგენა”, არამედ ვლინდება ”მტრების განადგურების მცდელობა”. ”ამ საზოგადოებაში მტრები არ არიან. არიან განსხვავებული პარტიები და მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიებმა ხალხს გააცნონ თავიანთი პროგრამები, თავიანთი იდეები და თავიანთი ხედვები”, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ”სრული სისულელე” უწოდა კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. ის ვარაუდობს, რომ რიკარდო მილიორიმ ”კარგად არ იცის”, თუ რა არის ლენინიზმი და, ამასთან, მინისტრისთვის გაუგებარია ”გამომთქმელის მოტივაცია”.

თუმცა დღის ბოლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა საგანგებო განცხადება, რომელშიც მინისტრი რურუა განმარტავს, რომ კომენტარის გაკეთებისას ის სათანადო ინფორმაციას არ ფლობდა.

"ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც „ლენინისტური“ ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე ანუ მაშინ როდესაც მე მისი განცხადება წაკითხული არ მქონდა. განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც ბუნებრივია, არაფერი მაქვს", - ნათქვამია განცხადებაში."
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG