Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: დემოკრატების მიმოწერა შეიძლება რუსეთს გაევრცელებინა


ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი
ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელფოსტის გატეხვის უკან შესაძლოა რუსეთი იდგას. „ყველაფერი შესაძლებელია“ - განაცხადა ობამამ NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მიმოწერამ აჩვენა, რომ პარტიის ლიდერები მხარს უჭერდნენ ჰილარი კლინტონს ბერნი სანდერსთან ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ. გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს, თუ ვინ გატეხა ელფოსტა და გადასცა მიმოწერა „ვიკილიკსს“.

„ვიცი, რომ რუსები ტეხავენ ჩვენს სისტემებს, არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ კერძო სისტემებსაცო“ - განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ვერ იტყვის, თუ რა მოტივით შეიძლებოდა გაეტეხათ ელფოსტა, თუმცა არ გამორიცხა, რომ ამის მიზეზი ამერიკის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ყოფილიყო. კრემლი „აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებებს, რომ მისი ხელი ურევია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელფოსტის გატეხვაში.

დემოკრატების ვარაუდით, კრემლი ცდილობს, გაამყაროს კლინტონთან დაპირისპირებაში აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიციები. ტრამპს არაერთხელ ჰყავს შექებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

XS
SM
MD
LG