აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი რობი მუკი ირწმუნება, რომ „რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედი პირების“ ხელი ურევია დემოკრატიული პარტიის ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროებაში. ამის მიზანი კი, მისივე მტკიცებით, ის არის, რომ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარონ რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობას გავაუმჯობესებო.
როგორც მუკმა ტელეკომპანია სიენენთან საუბრისას თქვა, ის არ ფიქრობს, რომ შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ მიმოწერა გასაჯაროებულ იქნა უშუალოდ დემოკრატიული პარტიის ყრილობის წინა საღამოს. ყრილობა დღეს გაიხსნება ფილადელფიაში.
ჰაკერების მიერ მოპოვებული 19 ათასზე მეტი ელექტრონული წერილი, რომელიც ვიკილიქსზე გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თანამშრომელთა შორის ჰილარი კლინტონი მეტი სიმპათიით სარგებლობდა, ვიდრე შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მისი ყოფილი მეტოქე ბერნი სანდერსი.
24 ივლისს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ დები ვასერმან შულცმა განაცხადა, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებს ოთხდღიან ყრილობაში, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ ჰილარი კლინტონი.
რაც შეეხება რობი მუკს, სიენენთან ინტერვიუში მან განაცხადა: „ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედმა პირებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის კომიტეტის (ანგარიში), მოიპარეს ეს ელექტრონული წერილები და სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ რუსები ამ ელექტრონულ წერილებს აქვეყნებენ, შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპის დასახმარებლად. არა მგონია შემთხვევითი იყოს, რომ ეს ელექტრონული წერილები გამოქვეყნდა აქ, უშუალოდ ჩვენი ყრილობის დაწყებამდე. და ეს შემაშფოთებელია.“
ვირჯინიის შტატში, კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედმა კომპანია „კრაუდსტრაიკმა“ თქვა, რომ გასულ თვეში დემოკრატიულმა პარტიამ მას სთხოვა, დაედგინა ვინ ცდილობდა პარტიის საკომპიუტერო ქსელში შეღწევას. თავდასხმა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დაიწყო. „კრაუდსტრაიკი“ ამბობს, რომ იპოვა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, ჰაკერთა ორი ჯგუფი რუსეთის სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა უარყო რობი მუკის მტკიცება, თითქოს რუსეთი ეხმარებოდეს ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გამოძებნის კრემლთან მეგობრული ურთიერთობის განახლების გზებს.
სიენენთან ინტერვიუში მუკმა ისაუბრა რესპუბლიკური პარტიის ახლახან დამთავრებულ ყრილობასა და ტრამპის განცხადებაზე ნატოს როლთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიის შემთხვევაში:
„შეშფოთების საფუძველი გვაქვს თუნდაც იმიტომ, რომ გასულ კვირაში, რესპუბლიკელთა ყრილობაზე, დავინახეთ, როგორ შეცვალეს ტრამპმა და მისმა თანამოაზრეებმა რესპუბლიკელების პლატფორმა, რათა ის უფრო პრორუსულად ექციათ. მოვისმინეთ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნატოს ჩარევა აუცილებელი არ არის. ვფიქრობ, თუ ამ ყველაფერს ერთ კონტექსტში განვიხილავთ, შემაშფოთებელ სურათს მივიღებთ და ამომრჩევლები კარგად უნდა დაფიქრდნენ ამაზე,“, თქვა მუკმა.
„ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას ტრამპის წარმომადგენლებმა მუკის მტკიცებას „ხუმრობა“ უწოდეს.
„ეს გვიჩვენებს, რომ ჰილარი კლინტონი გააკეთებს და იტყვის ყველაფერს, ოღონდ არჩევნებში გაიმარჯვოს და ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება თაღლითური გზით,“ განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში ჯეისონ მილერმა, ტრამპის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
მასალა მოამზადა თეონა გოდერძიშვილმა